TI: „ქართულმა ოცნებამ 93 სიტყვა აკრძალა“
09.10.2026


„93 ფრაზა, რომლის გამოყენებაც კრიტიკულ ტელევიზიებს ეკრძალებათ“ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ბოლო 6 თვის განმავლობაში კომუნიკაციების კომისიის მიერ კრიტიკული ტელევიზიებისთვის, „TV პირველი“ და „ფორმულა“, შედგენილი მოხსენებითი ბარათების მიხედვით, იმ სიტყვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რასაც კომისია მედიას ედავა. მათ შორისაა: „რეჟიმი“, „სინდისის პატიმრები“, „ოლიგარქი“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „პოლიტიკური პატიმრები“, „ივანიშვილის პრემიერი“, „უკანონო პატიმრობა“, „ოცნების ხელისუფლება“, „რეპრესიული კანონები“ და „სასამართლო კლანი“ .

როგორც TI წერს, კომუნიკაციების კომისია ცენზორის როლის შესრულებას განაგრძობს:

„საერთო ჯამში, ბოლო 6 თვეში, კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს - „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7-ჯერ (4-ჯერ „ფორმულას“, 3-ჯერ „ტელეკომპანია პირველს“) შეუდგინა და მათ საფუძველზე, ისინი პირველად ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ - თითოეული ჯერ 2500 ლარით, მომდევნო ჯერზე კი - 5000 ლარით დააჯარიმა (დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს). უკვე 1 ოქტომბერს კი - ფორმულა დამატებით 10 000 ლარით დააჯარიმა. დიდი ალბათობით, კომისია მავნე პრაქტიკას კვლავაც გააგრძელებს და უახლოეს მომავალში, იმავე მიზეზით ახლა უკვე „ტელეკომპანია პირველსაც“ დააჯარიმებს, რადგანაც, როგორც წესი, კომისია ერთ შეკრულ წრეზე მოძრაობს და მაუწყებლებს რიგრიგობით აჯარიმებს.

აშკარაა, რომ კომუნიკაციების კომისა ამ გზით, ისედაც მძიმე ფინანსურ პირობებში მყოფი ტელევიზიების პარალიზებას ცდილობს. კომისიას მათთვის მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების უფლებამოსილებაც აქვს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა.

მართალია, კომისიამ პარალელურად მონიტორინგის რეჟიმში პროსამთავრობო არხებიც - „იმედი“, „პოსტვ“, „რუსთავი 2“ - მოაქცია, თუმცა პროცესებზე დაკვირვება ტოვებს განცდას, რომ აღნიშნულს მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს და დაინტერესებული მხარეებისთვის ობიექტური დამკვირვებლისა და არბიტრის როლის ჩვენებას ემსახურება. იმთავითვე ნათელი იყო, რომ კომისიის მიზანი მხოლოდ კრიტიკული მედიების დასჯა და ფინანსური ჯარიმების გზით მათი დასუსტება ან/და დახურვა იყო“. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ვრცლად წერს იმაზეც, თუ რას ედავება კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს: „კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებს, როგორც წესი, მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევას, ასევე ამბების პირადი  დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე გაშუქებას ედავება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ კომისიის მიერ კრიტიკული მაუწყებლებისთვის შედგენილი ყველა მოხსენებითი ბარათი შეისწავლა (ჯამში 7 ასეთი დოკუმენტი) და მის მიერ აკრძალული სიტყვები და ფრაზები დააჯამა. გამოირკვა, რომ კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს ჯამში 101 სიტყვისა ან/და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს, აქედან 33-ს „ტელეკომპანია პირველს“, 68-ს კი - „ფორმულას“. გარკვეულ შემთხვევებში, ორი კრიტიკული მაუწყებლისთვის აკრძალული სიტყვებისა და ფრაზების ნაწილი ერთმანეთს კვეთს. ჯამში, კომისია 93 განსხვავებული სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას კრძალავს“.

როგორც ორგანიზაცია წერს, კონკრეტული სიტყვებისა და ფრაზების გარდა, კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს ამბების მშრალად, შეფასებისა და ანალიზისგან სრულად დაცლილად გაშუქებას სთხოვს, „მაგალითად, მოხსენებითი ბარათების მიხედვით, კომისია დაუშვებლად მიიჩნევს ჟურნალისტებისა და წანყვანების შემდეგ ტექსტებსაც:

  • „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება ეგრეთწოდებული მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს. არაფორმალურ დანაყოფს MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილი  უხელმძღვანელებს. ჩეჩნური ტიპის რაზმი მყისიერი რეაგირებით ემუქრება ყველას, ვინც მათი  შეფასებით სიწმინდეებს, რელიგიას წინაპრებს და ისტორიას შეურაცხყოფს“.
  • „არაფორმალური დანაყოფის ხელმძღვანელმა პრაქტიკულად ძალადობა კამერების წინ დააანონსა. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის სიწმინდეების რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას გეგმავს. ეს იდეა კი თურმე ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის შემდეგ გაუჩნდა. რეალურად ოცნებამ ჩეჩნური მოდელი დააკოპირა, სადაც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს ანიჭებენ და ძალადობის ნებას რთავენ. მმართველი გუნდი და მისი მხარდაჭერილი ძალები თავად გადაწყვეტენ, ვინ, რა ფორმით დასაჯონ და როგორ ჩაახშონ კრიტიკული ხმა“.
  • „პოლიციამ აქტივისტებზე ნადირობა გვიან ღამით დაიწყო. ჯერ დააკავეს თორნიკე თოშხუა. კაცი, რომელმაც ციხე რამდენიმე კვირის წინ დატოვა, ქუჩის გამოკითხვას ატარებდა, თუმცა, პოლიციას ნერვებმა უმტყუნა და რამდენიმე წამში დააკავეს, რამაც დიდი სოლიდარობა გამოიწვია და რამდენიმე წუთში საკრებულოსთან ათობით ახალგაზრდა გაჩნდა“.
  • „ოცნებას ვაშინგტონშიც პრორუსი პოლიტიკოსი ეიმედება. პროპაგანდა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის აღდგენად ასაღებს ოლიგარქის დეპუტატების ვაშინგტონში ვიზიტს. რეალურად კი მათი მასპინძელი კონსპიროლოგი უკრაინის წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსია, კრემლთან მჭიდრო კავშირებით“.
  • „ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზას უხშობს და დეზინფორმაციას კიდევ უფრო აძლიერებს, რომ საკუთარი დანაშაული ისევ ევროპას გადააბრალოს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ეს შედეგი ევროპის ორმაგი მიდგომების გამო დადგა და არა მათი პოლიტიკის გამო, რაც ცხადად ფასდება, როგორც დემოკრატიისგან და ევროპული ღირებულებებისგან გადახვევა. ამ დეზინფორმაციისთვის რეჟიმს ძალისხმევის გაძლიერება კიდევ უფრო სჭირდება იმ ფონზე, როცა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე რეალურად იხსნება… “.
  • „… ამ შეძახილებსაც კი ირანის პარლამენტში ირაკლი კობახიძე უპრობლემოდ ისმენდა და ტერორისტების გვერდითაც იდგა“ და სხვ.

კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ამ სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება „ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს. ამდენად, სახეზეა, მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება, რითაც ადგილი აქვს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას“,“ - წერს TI.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგანგაშოა კომუნიკაციების კომისიის ხელში მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირების ბერკეტის არსებობა და ამ საფუძველზე, მათთვის ფინანსური სანქციების დაწესებისა და ლიცენზიის შეჩერების უფლების მინიჭება:

„მით უფრო, როდესაც საქართველოში მყარად დამკვიდრებული და აშკარად გამოკვეთილი სახელმწიფოს მიტაცების ფონზე, წლებია, კომისია „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალური და მასთან დაკავშირებული კომისიონერებით არის დაკომპლექტებული (კომინაციების კომისიის წევრების შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს) და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს მმართველი გუნდის ინტერესების გატარებისა და მიკერძოების თვალსაზირისთ. კომინიკაციების კომისია არ უნდა ოპერირებდეს ცენზორის პოზიციიდან და ის არ უნდა იყოს გამოყენებული კრიტიკული მაუწყებლების დასჯის მექანიზმად. ხოლო საერთაშორისო პრაქტიკის გადათვალისწინებით, სადავო საკითხები თვითრეგულირების მექანიზმების ფარგლებში უნდა იხილებოდეს. სწორედ ამ უკანასკნელის წახალისება და ხელშეწყობა უნდა იყოს კომუნიკაციების კომისიის მთავარი მიზანიც და არა „ქართული ოცნების“ ინტერესების სამსახურში ჩადგომა და მაუწყებლების დასჯა მმართველი პარტიის წარმომადგენლების კრიტიკისა და მხილებისთვის“. 

„93 ფრაზა, რომლის გამოყენებაც კრიტიკულ ტელევიზიებს ეკრძალებათ“ - TI-ის მიერ შედგენილი სიის სრულად ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. 

                                               

კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა. ComCom-ს თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა გასული წლის გაზაფხულზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით მიეცა. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ