5 პროსამთავრობო არხის მიერ წლების მანძილზე დაგროვილი ჯამური ზარალი ₾860 მლნ-ს აღემატება
09.10.2026



2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა,  POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს, გასულ წელს მოგება - 6.17 მილიონი ლარი მხოლოდ GDS-მა ნახა. წინა წლების განმავლობაში ამ 5 არხის მიერ დაგროვილმა ჯამურმა ზარალმა კი ₾860 მილიონს გადააჭარბა. ტელეკომპანიების ზარალის შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომია სახელმწიფო ანგარიშგების პორტალზე გამოქვეყნებულ წლიურ ფინანსურ ანგარიშებში. 

„იმედი“

reportal.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წელს „იმედმა“ ₾43.11 მილიონის ზარალი ნახა, არხის წლების მანძილზე დაგროვილმა ჯამურმა ზარალმა კი ₾497.2 მილიონს მიაღწია. 



ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს არხის შემოსავალი ₾46.58 მლნ იყო, საიდანაც ₾46.06 მილიონი რეკლამებზე მოდის. „იმედმა“ შარშან ₾32.7 მილიონის ხელფასი გასცა, რეიტინგის კვლევების ხარჯად კი 2 მილიონზე მეტია მითითებული. გასულ წელს კომპანიაში საშუალოდ 841 ადამიანი იყო დასაქმებული (39-ით ნაკლები, ვიდრე 2024 წელს).

„მედია ჰოლდინგი“

გასულ წელს 29.3 მილიონი ლარი იზარალა სს „მედია ჰოლდინგმა“, სატელევიზიო არხმა ბრენდული სახელით „რუსთავი 2“. კომპანიის წლების განმავლობაში დაგროვილი ჯამური ზარალი კი 143.3 მილიონი ლარია.



ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2025 წელს „მედია ჰოლდინგის“  შემოსავალი - ₾20.29 მლნ, ხარჯი კი ₾49.62 მლნ იყო. ტელეკომპანიამ შარშან 28.34 მლნ ლარის ხელფასი გასცა, რაც 2024 წელთან შედარებით 747 ათასი ლარით მეტია. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 618 თანამშრომელია (53-ით ნაკლები ვიდრე 2024 წელს).

სს „მედია ჰოლდინგის“ აქციების 90%-ს შპს „პრაიმ თაიმი“ ფლობს, 10%-ის კი - შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“.

POSTV

2025 წელი ზარალით დაასრულა პროპაგანდისტულმა POSTV-მაც. ანგარიშგების პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემებით, შარშან ტელეკომპანიის ზარალმა ₾799 295 შეადგინა, წლების განმავლობაში დაგროვილმა ჯამურმა ზარალმა კი ₾8 635 937-ს მიაღწია.



POSTV-ის ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ არხმა გასულ წელს დასაქმებულთა ანაზღაურებაზე ₾3 933 940 დახარჯა, რაც 2024 წელს ხელფასებზე გაწეულ ხარჯთან შედარებით ₾342 937-ით ნაკლებია.

დიდმა ბრიტანეთმა ქართული სამთავრობო ტელევიზიები: POSTV და „იმედი“ 2026 წლის თებერვალში დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული. 

„მაესტრო“ 

გასული წელი ზარალით დასრულდა შპს „სტუდია მაესტროსთვისაც“. შარშან არხის ზარალმა ₾2.72 მილიონი შეადგინა და ჯამურად, ₾90.17 მილიონს გაუტოლდა. 



ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს „მაესტროს“ მიერ საქონლის გაყიდვიდან და მომსახურების გაწევიდან მიღებულმა ფულადმა სახსრებმა ₾2.92 მილიონი შეადგინა. რაც შეეხება ხელფასებს, არხმა შრომის ანაზღაურებაზე 2025 წელს ₾2.13 მილიონი დახარჯა.

GDS

ზემოთ ჩამოთვლილი ტელეკომპანიებისგან განსხვავებით, „ჯი-დი-ეს თი-ვი“ გამონაკლისია, რომელმაც 2025 წელი მოგებით დაასრულა. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ტელეკომპანიის წლიურმა მოგებამ ₾6.17 მილიონი შეადგინა და არხის დაგორვილი ჯამური ზარული ₾121.77 მილიონამდე შემცირდა. 



არხს გასულ წელს ₾7.94 მილიონის შემოსავალი ჰქონდა, საიდანაც ₾7.85 მილიონი სარეკლამო მომსახურებაზე მოდის. „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ შარშან შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 102 570 ლარი დახარჯა.


რაც შეეხება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიებს, „TV პირველმა“ 2025 წელს ₾1.04 მილიონით იზარალა, წლების მანძილზე დაგროვილმა ჯამურმა ზარალმა კი ₾14.76 მილიონს მიაღწია.



არხის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, შარშან ტელეკომპანიის ზოგადმა და ადმინისტრაციულმა ხარჯმა ₾7.33 მილიონი შეადგინა, საიდანაც ₾5.14 მილიონი შრომის ანაზღაურებაზე მოდის. 

ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაში კი, reportal.ge-ზე არხის ფინანსური ანგარიში 2023 წლის შემდეგ ხელმისაწვდომი არ არის. რედაქციას ტელევიზიაში ამის მიზეზად დამოუკიდებელი აუდიტორის დასაქირავებლად საჭირო ფინანსური რესურსის არარსებობა დაუსახელეს, შესაბამისი სახსრების მოძიების შემდეგ კი, მათი თქმით, აღნიშნული დოკუმენტიც მომზადდება.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ