ფოტო: ლევან ზაზაძე
თბილისში დაკავებულმა უნგრელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა, ლასლო
რობერტ მეზეშიმ საქართველო დატოვა. მიგრაციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ
მიიყვანეს. მეზეშისთვის ბილეთის შესაძენად ფული მოქალაქეებმა
შეაგროვეს, მხარდამჭერები მას აეროპორტშიც დახვდნენ.
ჟურნალისტის ადვოკატის, თორნიკე ჯანელიძის თქმით, ლასლო მეზეშიმ ქვეყნის საკუთარი ნებით დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზებზე კი თავად ისაუბრებს. მას საქართველოდან გაძევება ემუქრებოდა.
„მიგრაციის სამსახურმა ლასლოს შესთავაზა საკუთარი ნებით დაეტოვებინა საქართველო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვდნენ მის პატიმრობას და შემდგომ ქვეყნიდან იძულებით გაძევების პროცედურის დაწყებას.
ნებაყოფლობით საქართველოს დატოვების შემთხვევაში მას უფრო მსუბუქი ჯარიმა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაეკისრებოდა. დეპორტის შემთხვევაში კი უფრო მწვავე შედეგი დადგებოდა.
ჩვენ გვქონდა ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია, რომლითაც სასამართლოში დავას შევძლებდით, თუმცა ლასლომ მიიღო გადაწყვეტილება და უკვე დატოვა საქართველო. ვინაიდან მისი დაკავებიდან 48 საათი არ ყოფილა გასული, მისი ქვეყნიდან გაშვება მიგრაციის სამსახურმა სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე შეძლო“, - ამბობს თორნიკე ჯანელიძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
საქართველოში მცხოვრები ლასლო რობერტ მეზეში 5 აგვისტოს დააკავეს. შსს-მ განაცხადა, რომ ის საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება და ქვეყანაში ყოფნის ვადები დარღვეული ჰქონდა: „აღნიშნულიდან გამომდინარე მიმდინარეობს პირის დაკავების პროცედურა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე“.
ეს მუხლი „საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლებს“ ეხება. მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტში კი წერია, რომ ეს შეიძლება მოხდეს, „თუ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე“.
ადვოკატის განმარტებით, უნგრელ ჟურნალისტს, საქართველოში ლეგალურად ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, ქვეყნის დატოვების ვალდებულების გადავადებაზე უარი ეთქვა, რაც სასამართლოში გაასაჩივრეს. თორნიკე ჯანელიძის თქმით, ეს სარჩელი სასამართლომ წარმოებაში თებერვალში მიიღო და ახლა მას უნდა გადაეწყვიტა, ლასლო მეზეშის ქვეყნის დატოვების ვალდებულების გადავადების საკითხი.
„მე მქონდა მოლოდინი, რომ შეამოწმებდნენ და გაუშვებდნენ, რადგან ჩვენ სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული მისი საქართველოში ყოფნის საკითხი და ამ პროცესის ჩანიშვნას და განხილვას ველოდებოდით. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში, მოლოდინი იმის, რომ მისი გაძევების პროცესს დაიწყებდნენ, არ მქონია.
პირიქით, მივყვებოდით სამართლებრივად ამ საქმეს, მაგრამ პოლიციამ რომ შეამოწმა, ლასლომ დამირეკა და თვითონ იმ პოლიციელსაც ველაპარაკე, მასაც იგივე ავუხსენი, რომ ჩვენ სასამართლოში გვაქვს საქმე და იმ საქმის განხილვამდე მას აქვს უფლება ლეგალურად იმყოფებოდეს საქართველოში, თუმცა პოლიციელმა მიპასუხა, რომ მას მიუთითეს ლასლოს მიგრაციის სამსახურში გადაყვანა“, - უთხრა ჯანელიძემ „მედიაჩეკერს“ გუშინ.
ლასლო მეზეში ბოლო წლებია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს. ის ერთ-ერთი იყო, ვისაც, 2025 წლის სექტემბერში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებისას, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

