მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა
24.11.2025


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძემ „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა. 

ამაღლობელის სარჩელის მიხედვით, დავის საგანს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული, ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების ცილისწამებად აღიარება წარმოადგენდა.

მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან ივლისში, ტელეკომპანია „იმედისა“ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერით გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას ითხოვდა. ამ ეთერების დროს „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნით „შეასრულა კონკრეტული დაკვეთა“ და „მას ჰქონდა მცდელობა დაეკნინებინა ძალოვანი სტუქტურები“.

----------------------------

„ბათუმელები”/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის საააპელაციო სასამართლომაც. 

----------------------------

მოსამართლე დავით აკობიძემ მიიჩნია, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული განცხადებები „პოლიტიკური დებატების ფარგლებში“ გაკეთდა, რაც ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობას არ იწვევს. 

აკობიძემ ეს გადაწყვეტილება მოსამზადებელ, თითქმის 30-წუთიან სხდომაზევე მიიღო, რომელსაც მოპასუხე მხარე არ ესწრებოდა. სხდომას არ ესწრებოდა მზია ამაღლობელიც. მას იურიდიული კომპანია BLB-ის პარტნიორი, ადვოკატი ანა რეხვიაშვილი წარმოადგენდა. 

რეხვიაშვილის შეფასებით, ასეთი მიდგომა საშიში პრეცედენტია, რადგან „სასამართლომ ფაქტიურად გზა გაუხსნა პოლიტიკური თანამდებობის პირებს და მათ უთხრა, რომ შეუძლიათ ნებისმიერი განცხადება გააკეთონ, ნებისმიერი სიცრუე გაავრცელონ ფაქტების სახით და ასეთი სიცრუის გავრცელებისთვის პოლიტიკური თანამდებობის პირებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ“. 



„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.

სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა. 

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ