კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ პოლიტიკური პარტიისგან არაპირდაპირი დაფინანსებისთვის - შპს „ფორმულა მულტიმედიასგან“ იმ თანხის მიღებისთვის, რომელიც მას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან“ ჰქონდა მიღებული, წერილობით გააფრთხილა.
ComCom-ის დასაბუთებით, „მაუწყებელმა 2025 წლის აგვისტოში „ფორმულა მულტიმედიასგან“ 451 000 ლარი მიიღო, რომელსაც თავის მხრივ, 540 000 ლარი პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს მიღებული. ამასთან დგინდება, რომ „ფორმულა მულტიმედიას“ ამავე პერიოდში სხვა დაფინანსება არ მიუღია, შესაბამისად, „ფორმულას“ მიერ მიღებული თანხა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ არაპირდაპირ დაფინანსებას წარმოადგენს“.
კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისგან“ 540 000 ლარის მიღების გამო წერილობით 15 იანვარს გააფრთხილა და მისგან დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაავალა.
„ფორმულა მულტიმედიას“ მაშინდელი
განმარტებით,
მან სალიცენზიო ხელშეკრულებით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ,
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საარქივო მასალის გამოყენებაზე
არაექსკლუზიური ნებართვა გადასცა.
როგორც მაუწყებელი წერს, იქედან გამომდინარე, რომ „ხელშეკრულების
საგანს წარმოადგენს საარქივო მასალების გამოყენებაზე ნებართვის
გაცემა, ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ანაზღაურება გავლენას ვერ
მოახდენდა მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე“ და
შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიც არ
დარღვეულა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66¹ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

