რას ჰყვებიან ჟურნალისტები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ქიმიური ნივთიერებებით შესაძლო მოწამვლაზე
25.02.2026
(ფოტო: მარიამ ნიკურაძე)

ჟურნალისტები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებს აშუქებდნენ, ქიმიური ნივთიერებებით შესაძლო მოწამვლაზე საუბრობენ. რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ მათ - „მედიაჩეკერი“ ამ მასალაში რამდენიმე ჟურნალისტის ამბავს გიყვებათ.

                                                                           

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების დროს სამართალდამცველები მედიის წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ და პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ დემონსტრაციების დასაშლელად სხვადასხვა სახის სპეციალური საშუალების გამოყენების დროსაც. 

გასული წლის 1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა დოკუმენტური მასალა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის დემონსტრაციების დაშლის დროს ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, ტოქსიკური ქიმიური ნაერთი ბრომობენზილ ციანიდი („კამიტი“) გამოიყენა, რომელიც წყლის ჭავლში იყო შერეული. რამდენიმე დღეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის ფაქტი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ის არა - „კამიტი“, არამედ „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ იყო. 

                                                                           

„TV პირველის“ ჟურნალისტი ანა მდივანი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას იხსენებს, რომ 2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს, ქაშვეთის ტაძარის მოპირდაპირე მხარეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანასთან იდგა და სხვადასხვა დაზიანების მქონე მოქალაქეებს წერდა, როდესაც წყლის ჭავლი მოხვდა და ისე ცუდად გახდა, რომ პროფესიული საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.



„ზოგადად ალერგიული ადამიანი ვარ და მით უმეტეს, ეს რაღაც უბედურება რომ შემესხა თვალებში და გადაყლაპვაც მომიწია, ძალიან ცუდად გავხდი. იქვე იყო სასწრაფო დახმარების მანქანა. გამაშორეს ამ ტერიტორიას და თითქმის ნახევარი საათი სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიყავი. იმ დღეს არა, მაგრამ მეორე დღეს უკვე საავადმყოფოშიც მომიწია წასვლა. რამდენიმე გადასხმა გამიკეთეს. ამ ალერგიულმა ფონმა კიდევ უფრო გამირთულა სიტუაცია. ხელებსა და ფეხებზე, ყველგან, სადაც წყლის ჭავლი მომხვდა, გამონაყარი მქონდა.

სხვებსაც უსაუბრიათ ამ თემაზე, ეს ჭავლი მხოლოდ წყლის არ იყო, თორემ ის ასეთ გავლენას ვერ მოახდენდა. თვალებიდან ვერ ვიხედებოდი და სუნთქვა მიჭირდა. მე არ ვიცი, ეს რა ნივთიერება იყო, მაგრამ წყალში აშკარად რაღაც ისეთი იყო შერეული, რომ ადამიანს სუნთქვის საშუალებას აღარ აძლევდა“, - გვიყვება ანა.

სუნთქვის პრობლემები დღემდე შემორჩა გიორგი ბარამიძეს, „სტუდია მონიტორის“ ყოფილ ოპერატორს: „წინ ვიდექი „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებთან ერთად და წყლის ჭავლიც მოგვხვდა. ექიმს მალევე მივმართე. სუნთქვის უკმარისობა და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა. მან მითხრა, რომ შესაძლოა, ამის ბრალიც ყოფილიყო. სუნთქვის პრობლემები ახლაც მაქვს, მაგრამ მაშინ უფრო გამოხატული იყო“. 

მიუხედავად იმისა, რომ წყლის ჭავლი დამიზნებით არ მოხვედრია, ცხვირიდან სისხლიან გამონადენს ქიმიური ნივთიერებებით შესაძლო ინტოქსიკაციას უკავშირებს ჟურნალისტი გივი ავალიანი, რომელიც მაშინ „ნეტგაზეთში“ მუშაობდა.

„ძალიან მკაფიოდ მახსოვს, სახლში რომ მივედი, ქურთუკი და ტანსაცმელი, რაც რუსთაველზე, აქციის გაშუქებისას მეცვა, აივანზე დავტოვე, ისეთი მძაფრი და არასასიამოვნო სუნი ჰქონდა. მეორე დილითაც, როცა ისინი ავიღე, ალერგიული ცემინება დამაწყებინა. ჯერ კიდევ გაჟღენთილი იყო ამ რაღაც ქიმიური ნივთიერებით. რაღაც პერიოდი, დაახლოებით 2 კვირა, თუ მეტია არა, დილაობით ცხვირიდან სისხლის გამონადენი მქონდა, რასაც აქციაზე ინტოქსიკაციას ვუკავშირებ. მეგობარი ექიმის რჩევით, მალამოს ვიყენებდი, თუმცა მაინც დიდხანს გამყვა. 3-4 თვის შემდეგაც, სისხლის გამონაჟონი ზოგჯერ ისევ მქონდა“. 

გივი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მაშინ სამართალდამცველები არა მარტო აქციის მონაწილეებს, მედიის წარმომადგენლებსაც ერჩოდნენ: „ჟურნალისტებს, ვინც მახსოვს, მათ შორის მეც, სპეციალური დამცავი აღჭურვილობა გვქონდა, რამდენიმე ადგილას გვეწერა, რომ პრესა ვიყავით, მაგრამ პრინციპში, ეს დამცავი სულაც არ ყოფილა, პირიქით სამიზნედ გვაქცევდა“.

ავალიანი იხსენებს, რომ 28-29 ნოემბრის ღამით, როცა არაერთი ჟურნალისტი დაშავდა, ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას გამიზნულად წიწაკის სპრეიც შეასხა

„ჩემი განცდით სპეციალურად, ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა შემომასხა წიწაკის სპრეი. იმ დღეს, რაც მახსოვს, დაშავდა მარიამ ნიკურაძეც. გადაღებული მაქვს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის დაშავებაც, რაც წყლის ჭავლმა გამოიწვია. დისტანციიდან შეესხათ წყლის მასა, რომელსაც სპეციალური მანქანებით აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებდნენ“. 

რამდენიმე თვის მანძილზე ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდა OC Media-ს თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესაც. მარიამი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, ვისაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების გაშუქებისას პროფესიულ საქმიანობაში ხელი არაერთხელ შეუშალეს, დაუზიანეს სამუშაო ტექნიკაც.

„პირველი დარბევის დღეს, პარლამენტთან რომ მივედი, ჯერ ჭიჭინაძის მხარეს ვიღებდი, შადრევანთან რომ შემაღლებული ადგილია, იქიდან. წყლის ჭავლის გამოყენება რომ დაიწყეს, ჯერ ოპერატორებს მოხვდათ, რომლებიც ასევე, შემაღლებულ ადგილას იდგნენ, ოღონდ უფრო დაბლა. მათი გადაღება მინდოდა, მოვტრიალდი და ეს ჭავლი მომხვდა მეც და ჩამომაგდო. გამიტყდა კამერა, გავილუმპე, მსუბუქად დავზიანდი, თუმცა სხვა სიმპტომები არ მქონია. იმ წყლის ჭავლში არაფერი იყო შერეული. 

მართალია კამერა აღარ მუშაობდა, მაგრამ ტელეფონით გავაგრძელე მუშაობა და რაღაც მომენტში წყლის ჭავლის მანქანები და რობოკოპები წამოვიდნენ რუსთაველის მხარეს, ზუსტად პარლამენტის წინ, სადაც მე ვმუშაობდი. იმ დღეს არქივს ვუყურებდი და რამდენიმე ვიდეოც კი მაქვს გადაღებული, როცა არაფერი არ არის, იგრძნობა რომ ჩვეულებრივი წყალია და მერე, რაღაც მომენტში ისევ ვიღებ, რუსთაველზე ვარ და ჭავლი პირდაპირ არც კი მხვდება, მხოლოდ - შხეფები, რომელიც უკვე თეთრი ფერისაა, ვიდეოშიც ჩანს და იმდენად ცუდად ვხდები, ვიგინები კიდეც. დავკარგე ორიენტაციის უნარი, ვერც ვინძრეოდი, იმდენად ცუდად ვიყავი. ეს იყო სახის, ყელის ძალიან მწვავე წვა, ვეღარ ვსუნთქავდი, თვალებს საერთოდ ვერ ვახელდი, საით უნდა წავსულიყავი, მაგასაც ვერ ვხვდებოდი.

თავიდან შადრევანთან, შემაღლებული ადგილიდან რომ ჩამომაგდეს, დამცავი აღჭურვილობის ნაწილი დავკარგე, ამიტომ მთლიანად სახე დამისველდა, რამაც გამოიწვია ეს წვა“, - გვიყვება ნიკურაძე და საუბრისას იხსენებს, რომ მეგობარმა ქაშვეთის ტაძართან მდგარ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანასთან მიიყვანა, სადაც პირველადი დახმარება გაუწიეს.



ჟურნალისტის თქმით, მეორე დღიდან ცხვირიდან სისხლდენა დაეწყო, რამაც ყოველდღიური სახე მიიღო და დაახლოებით 4-5 თვე გაგრძელდა: „ამას ყოველთვის წყლის ჭავლით მოწამვლას ვუკავშირებდი. რამდენჯერ მოვხვედრილვარ დარბევაზე, თუნდაც 20 ივნისს, ცესკოთანაც, სხვათა შორის, როგორც მახსოვს, წყალში რაღაც ნივთიერება გარეული იქაც იყო, თუმცა ნაკლებად, აქამდე ასეთი მძიმე ეფექტი კი არაფერს არ ჰქონია: არც წყალს, არც გაზს და არაფერს“. 

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრიდან მოყოლებული ცხვირიდან სისხლიანი გამონადენი აქვს ფოტოგრაფ გოგიტა ბუხაიძესაც: „აქციებს ყოველდღე ვიღებდი. ვიდექი ხალხსა და სპეცრაზმს შორის. მაშინ კარგი რესპირატორი არ მქონდა და უბრალო, კოვიდის დროს რომ სამედიცინო პირბადეებს ვიყენებდით, მსგავსი მეკეთა. გაზით გავიბერე, მიხაროდა, არაფერს მიშვება-მეთქი და თურმე მიშვებოდა. ერთ დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და პარლამენტს შორის, წყლის ჭავლიც მომხვდა. მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი. ხალხმა ამაზე საუბარი რომ დაიწყო, მეც მერე დავაკავშირე, რადგან ეს სისხლდენაც არ მთავრდებოდა და სხვებსაც იგივე სიმპტომები ჰქონდათ“. 


ბუხაიძემ გაგვიზიარა ის ფოტოებიც, რომელთა გადაღების დროსაც მოხვდა წყლის ჭავლი

ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე, რომელიც მაშინ „სტუდია მონიტორში“ მუშაობდა, გვიყვება, რომ 2024 წლის 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ყოველ ღამე ასრულებდა, რა დროსაც არაერთხელ მოყვა წყლის ჭავლშიც და ფეხთან „გაზის კაფსულაც“ აუფეთქდა.

„ჯოჯოხეთურად მახსოვს, მერე როგორ ცუდად ვიყავი. 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირიდანვე მოვხვდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში, სატურაცია გამისინჯეს. მაშინ სტატუსიც დავწერე, რომ ჩემი ვარაუდით, ეს არ არის ის ნივთიერება, რითაც აქამდე გვწამლავდნენ-მეთქი. მახსოვს 2023 წლის მარტის აქციები, 2024 წლის გაზაფხულის აქციები და ეს აშკარაც რაღაც სხვა ნივთიერება იყო“. 


ქეთის თქმით, ამ მოვლენებიდან სუნთქვის პრობლემები მალევე დაეწყო. რამდენჯერმე ბრადიკარდიის შეტევაც (გულისცემის შენელება) ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოშიც მოხვდა. გარდა ამისა, რამდენიმე თვის განმავლობაში თავის მარცხენა მხარეს, პერიოდულად ყრუ ტკივილებიც ჰქონდა:

„ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა მაქვს 15 წელია, მაგრამ არა რთულად. მაგის გამო ცვლილება სისხლის საერთო ანალიზში არასდროს მქონია. არც კოვიდი რომ გადავიტანე მაშინ, არც ფილტვების ანთების დროს და არც მაშინ, ორი ურთულესი ოპერაცია რომ გავიკეთე. თუ 2023 წლის ბოლოს გაკეთებულ ანალიზში ყველაფერი რიგზე მქონდა, დარბევების შემდეგ ჩატარებულ სისხლის ანალიზში ზედა ზღვარამდე იყო ასული თრომბოციტების მაჩვენებელი, რაც მთელი ცხოვრება ნორმაში მქონდა. ასევე, გამიუარესდა ძლივს მოწესრიგებული TSH-ის ანალიზის შედეგი, გაიზარდა ლიმფური ჯირკვლები“.

                                                                           

წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით წინა კვირაში სამართალწარმოება დაიწყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. საიამ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციასა და აქციის მონაწილეთა ინტერვიუებზე დაყრდნობით, 2025 წლის დეკემბრამდეც არაერთხელ ისაუბრა.  ვრცლად გაეცანით კვლევას - „ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ