რუხაძემ და კიდევ სამმა წევრმა „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს
25.02.2026

 

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ 5-წევრიან სამეთვალყურეო საბჭოში ახლა მხოლოდ ერთი წევრი, ამავე არხის დირექტორი მაკა ლომიძეა. ლომიძე „იმედის“ მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ დირექტორიცაა და მის 10%-საც ფლობს.

დღეს, დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირებიდან მეორე დღეს, „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამმა წევრმა: დავით შონიამ, გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი ბახტაძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებებით მიმართეს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციების დატოვების შესახებ აცნობეს და არხის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების დაჩქარებული წესით ასახვა სთხოვეს

საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, გადადგომის შესახებ მათი იდენტური განცხადებები 6 თებერვლით თარიღდება. ისინი ამ განცხადებებში „იმედის“ გენერალურ დირექტორს სწერენ, რომ „კომპანიის მფლობელობის ცვლილებასთან დაკავშირებით“, პირადი განცხადების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. 

რეესტრმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძისა და საბჭოს სამი წევრის: დავით შონიას, გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი ბახტაძის წასვლა რამდენიმე საათში დაარეგისტრირა. 

რა მოხდა 6 თებერვალს? 

„ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“, - ამ დღეს „იმედმა“ „ჰანიველ პარტნერსის“ ტელეკომპანიიდან გასვლის შესახებ ირაკლი რუხაძის განცხადება გაავრცელა. რუხაძე წერდა, რომ ახალი მფლობელის პოვნა, „რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში“ ადვილი არ იყო. 

„იმედის“ მფლობელი კომპანია - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად ილია მიქელაიშვილის კომპანიამ, „პრაიმ მედია გლობალმა“ 30 იანვარს იყიდა და იკისრა ვალდებულება, რომ მის 50%-იან წილს ტელეკომპანიის წარმომადგენლებს გადასცემდა. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10-10%-იანი წილი ნათია სონღულაშვილმა, ირაკლი ჩიხლაძემ, მარიამ ლომიძემ, მაია ჩიგოშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად 10 თებერვალს იყიდეს. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს კიდევ 8 სხვა კომპანიას, მათ შორის, „რადიო იმედსა“ და GDS TV-ის. 

ნასყიდობის ხელშეკრულებით, ილია მიქელაიშვილის კომპანიამ იკისრა ვალდებულებაც, რომ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ შვილობილი კომპანიების ეთერი არ იქნება გამოყენებული/მიმართული გამყიდველისა და მასთან დაკავშირებული პირების/კომპანიების საწინააღმდეგოდ. 

----------------------------------------

გუშინ „იმედი“, პროპაგანდისტულ ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად, დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული. მათთვის დაკისრებული სანქციების სიაში კი წერია: აქტივების გაყინვა, სანქციები ტრასტის სერვისებისთვის, დირექტორის დისკვალიფიკაცია.

POSTV-ის 52%-იანი წილის მფლობელი პარლამენტარი, „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა. მან დასანქცირებამდე, 28 იანვარს, თავისი წილი მართვაში კასპის მერის ყოფილ მოადგილეს, ზაზა მარიდაშვილს გადასცა. ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის 3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად იყიდა. არხის დანარჩენ 24-24%-იან წილებს თემურ ჭარელაშვილი და შალვა რამიშვილი ფლობენ. 




კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ