„რეპრესიული სისტემის ერთგული წევრი“ - კოალიციის განცხადება ვახტანგ აბაშიძის უფლებამოსილების ამოწურვაზე
24.04.2026


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ კომუნიკაციების კომისიაში ვახტანგ აბაშიძის უფლებამოსილების ამოწურვას, „რომლის მრავალწლიანი პროფესიული გზა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში მედიის თავისუფლების სისტემურ გაუარესებასა და შეზღუდვასთან“ განცხადებით ეხმიანება

„ვახტანგ აბაშიძე კომისიაში ხელმძღვანელ და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა. იგი კომისიის თავმჯდომარე იყო ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას 2000-2004 წლებში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, 2014-2017 წლებში, იყო თავმჯდომარე, ხოლო 2017 წლიდან კომისიის წევრი. ამ ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, მიუხედავად შედარებით მშვიდი, არაკონფლიქტური ტონისა, აბაშიძე მუდმივად იყო იმ გადაწყვეტილებების თანამონაწილე, რომელთა შედეგადაც დამოუკიდებელი მედიის ოპერირების გარემო მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

კომუნიკაციების კომისია კონსტიტუციური და კოლეგიური ორგანოა. კომისიის საქმიანობის კრიტიკული შეფასება დაკავშირებულია მის შერჩევით რეგულირებასთან, კრიტიკული მაუწყებლების დაუსაბუთებელ სანქცირებასთან და სარედაქციო შინაარსში ჩარევასთან. ვახტანგ აბაშიძე კი ამ პროცესების არა პასიური დამკვირვებელი, არამედ მათი თანმიმდევრული მხარდამჭერი იყო.

ვახტანგ აბაშიძის რეპრესიული პოლიტიკის მიმართ ლოიალობა მკაფიოდ იკვეთებოდა კახა ბექაურის თავმჯდომარეობის პერიოდში, როდესაც კომისია გამოიყენებოდა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. პროევროპული აქციების შემდეგ ბექაური საერთაშორისო სანქციების ქვეშაც მოექცა დამოუკიდებელი მედიის წინაამდეგ რეპრესიული პოლიტიკის მხარდაჭერის გამო. ეს ლოიალობა არ შეცვლილა არც ახალი ხელმძღვანელობის პირობებში - 2026 წლიდან კომისიის ახალ თავმჯდომარედ არჩეული გოგა გულორდავა, რომელიც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებული ფიგურაა, აგრძელებს იმავე ინსტიტუციურ ხაზს. აბაშიძე კი, რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მხარდაჭერის გამო ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ანი ვაზაგაშვილმა შეცვალა.

ვახტანგ აბაშიძის საქმიანობა კომუნიკაციების კომისიაში რჩება რეპრესიული სისტემის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მაგალითად - მაღალანაზღაურებადი კომისიონერი, რომელიც სხვადასხვა წლებში უცვლელად უჭერდა მხარს იმ პოლიტიკას, რომელიც ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ ინტერესებს და ზღუდავდა მედიის თავისუფლებას საქართველოში“, - წერს კოალიცია. 

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრად ბრიტანეთის მიერ სანქცირებული, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანი ვაზაგაშვილი 15 აპრილს აირჩია

ვაზაგაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელიც არის. 2024 წლამდე, ამ ტელევიზიებში მუშაობის დაწყებამდე, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი/იურისტი იყო. 

კომისიამდე, 2023 წლიდან, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა კომუნიკაციების კომისიას ახალი თავმჯდომარე გოგა გულორდავა. გულორდავა 2016-2020 წლებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2013-2016 წლებში კი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.    

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება, მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ