სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა კვლავ შეწყვიტა
24.04.2026


დღეს, 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მეორე სარჩელის განხილვაც შეწყვიტა. 

                                                     

ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის პირველი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძემ 2025 წლის ნოემბერში  შეწყვიტა. დავის საგანს ამ შემთხვევაშიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული, ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებების ცილისწამებად აღიარება წარმოადგენდა.
                                                     

მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან იანვარსა და აპრილში, ტელეკომპანიების იმედის“, „პირველი არხისა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერით გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას ითხოვდა. ამ ეთერების დროს „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ამაღლობელი „სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს“, „ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი“, „კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა“, „არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“ და ა.შ.

ამაღლობელმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას თქვა, რომ ეს იყო მცდარი ფაქტების გავრცელება და არა შეფასებითი განცხადებები: 

„საქმეში მოცემული სადავო განცხადებები მხოლოდ შეფასებითი რომ იყოს და ამას რომ არ ვხედავდე, როგორც განზრახ მცდარი ფაქტის გავრცელებას, მერწმუნეთ, რაც არ უნდა მორალურად მიუღებელი და პროვოკაციული ყოფილო, არ მივანიჭებდი ისეთ მნიშვნელობას, რომ სასამართლომდე მომეტანა ეს დავა“.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ერთ-ერთი ადვოკატის, ანა რეხვიაშვილის განმარტებით, სასამართლომ „ფაქტობრივად, ფორმალურად მოისმინა მხარეების პოზიციები და ძალიან მოკლედ და მარტივად გამოგვიცხადა, რომ საქმის წარმოებას შეწყვეტდა, რადგან ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება ერთი-ერთზე ინტერვიუს ფარგლებში და არა რაიმე მართლაც პოლიტიკური დებატის ფარგლებში არის პოლიტიკური დებატის ნაწილი და არ შეიძლება დადგეს ამ განცხადებების გამო პასუხისმგებლობა“.



დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა მოპასუხე მხარე - ირაკლი კობახიძის წარმომადგენელი. მოსამართლემ სხდომის მიმდინარეობისას მზია ამაღლობელს შუშებით გამოყოფილი ოთახიდან გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა და განაცხადა, რომ ამით „თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა არ მომხდარა“.
                                                     


მზია ამაღლობელი 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია. 2025 წლის 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო. მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა სასამართლომ კი მისი საჩივარი განსახილველად არ მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა მზია ამაღლობელის მესამე საჩივარიც, რომელიც 2025 წლის 12 იანვარს ამაღლობელის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას და ამ საქმის არაეფექტიან გამოძიებას ეხება. სტრასბურგის სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ გასაჩივრებული აქვს მზია ამაღლობელის კიდევ 2 საქმე. პირველ საქმეზე, რომელ ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას ეხება, საიამ წერილობითი შეპასუხება სახელმწიფოს პოზიციაზე უკვე წარადგინა. მეორე საქმის საჩივარი კი, რომელიც მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება, ასევე, დარეგისტრირებულია.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ