27.07.2026
თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური
დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის
ერთადერთი მონაწილეა. ბერძენიშვილს „პირველი არხის“ დირექტორობა მეორე
ვადითაც სურს.
დღეს კონკურსის პირველი ტური ჩატარდა. ამ ეტაპზე სამეურვეო საბჭოს
კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და შერჩევის
საფუძველზე, მე-2 ტურში გასული კანდიდატები უნდა გამოევლინა. თინათინ
ბერძენიშვილის შემდეგ ტურში გადასვლას მხარი დღევანდელ სხდომაზე მყოფი
სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან რვამ დაუჭირა.
მეორე ეტაპზე, რომელიც 29 ივლისს ჩატარდება, თინათინ
ბერძენიშვილთან გასაუბრება გაიმართება. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის
მართვის ხედვაც უნდა წარადგინოს. სამეურვეო საბჭო „პირველი არხის“
გენერალურ დირექტორს ამავე დღეს აირჩევს.
თინათინ ბერძენიშვილს 6-წლიანი უფლებამოსილების ვადა
სექტემბერში
ეწურება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში არ არის
ჩანაწერი, რომელიც „პირველი არხის“ მოქმედ დირექტორს კონკურსში
მონაწილეობას ან/და მეორე ვადით არჩევას უზღუდავს.
2026 წლის 1 იანვრიდან ბერძენიშვილი
შრომის ანაზღაურება ხელზე ასაღები 15 000
ლარია.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2025 წელს სამსახურიდან
გაათავისუფლა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი.
დახურა გადაცემები „რეალური
სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს,
რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა.
ისინი „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ და
პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობდნენ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სამსახურიდან
გაათავისუფლა ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის
პულტის რეჟისორი, კახა მელიქიძეც. არხი „რეპუტაციის შემლახავი“
განცხადებების გავრცელების
საყვედურობს და ხელფასს
უქვითავს თანამშრომლებსაც.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო
დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული ევროპის
საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის 2025 წლის
ანგარიშში. „მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“
(MFRR) კონსორციუმმა გასული წლის შეფასებისას
აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი
ხანია მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. მთავრობის ჩარევაზე
ვკითხულობთ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) 2026 წლის
ანგარიშშიც.
„რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში?!“ - წაიკითხეთ
საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის
შედეგები,
რომელიც „მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ 2025 წელს
მოამზადა.
გაეცანით
კვლევასაც - „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო
პოლიტიკა: ანტიევროპული პროპაგანდა და სამოქალაქო სექტორის
დისკრედიტაცია გადაცემა „42-ე პარალელის“ მაგალითზე“.