2025 წელს, საქართველოში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა - ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის ანგარიში
03.03.2026

 

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ, რომელიც 15 საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს, ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ევროპაში პრესის თავისუფლება მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო, რასაც სამართლებრივი საფრთხეები, მედიის ხელში ჩაგდების მცდელობები და ტრანსნაციონალური რეპრესიები განაპირობებდა. ამ ზეწოლას კი, კიდევ უფრო ამძიმებდა ჟურნალისტიკისთვის სულ უფრო მტრული გარემო: „ეს სურათი შემსუბუქდა ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში პოზიტიური რეფორმებითა და ევროპულ დონეზე განხორციელებული ინიციატივებით“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პლატფორმამ დაარსების დღიდან (2015 წელი) 2300-ზე მეტი შეტყობინება გამოაქვეყნა მედიის თავისუფლების სერიოზული საფრთხეების შესახებ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში, რუსეთსა და ბელარუსში: „შეტყობინებების რაოდენობა სტაბილურად გაიზარდა, 2015 წელს - 106-დან 2025 წელს - 330-ზე მეტამდე, რაც ჟურნალისტებისთვის სულ უფრო მტრულ გარემოს ასახავს. ამ შეტყობინებების მეოთხედი ეხება ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობაზე თავდასხმას, მათ შორის 53 ჟურნალისტის ან მედია პროფესიონალის გარდაცვალებას“.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2025 წელს გამოცემული 344 განგაშის სიგნალიდან, რაც 2024 წელთან შედარებით 29%-ით მეტია, 90 ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხებოდა: „ეს ინციდენტები მოიცავდა ძალადობას საჯარო ღონისძიებებსა და საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ჩადენილი იყო როგორც დემონსტრანტების, ისე სამართალდამცავების მიერ“.

2025 წელს შეტყობინებების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები იყვნენ: რუსეთი (50), თურქეთი (49), საქართველო (35), სერბეთი (35) და უკრაინა (27) - ეს უკანასკნელი ძირითადად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება ან რუსულ ძალებს მიეწერება.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში, სერბეთსა და თურქეთში დაფიქსირდა: „ჟურნალისტები პოლიციის, პოლიტიკური ფიგურებისა და მომიტინგეების სამიზნეები გახდნენ, მათ არ მისცეს საშუალება მოემზადებინათ რეპორტაჟები ან დაეკისრათ სანქციები მათი საქმიანობის გამო, რაც ხაზს უსვამს უსაფრთხო გაშუქებისა და ძალადობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის უუნარობას. ონლაინ შევიწროება და კოორდინირებულად დაშინება განსაკუთრებით არაპროპორციულად შეეხო ქალ ჟურნალისტებს“.

ევროპაში პრესის თავისუფლების შესახებ ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა საქართველოს. მასში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში 2025 წელს ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა. ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთების პლატფორმამ გასულ წელს საქართველოში მედიის თავისუფლებისთვის შექმნილი საფრთხეების გამო 32, 2024 წელთან შედარებით 78%-ით მეტი, განგაშის სიგნალი გამოსცა:

„შეტყობინებები ასახავს პრესის თავისუფლების უფრო ფართო დემონტაჟს, რასაც ინსტიტუციური რეპრესიები, პოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოები, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საჯარო მედიის ხელში ჩაგდება და ეფექტური კონტროლისა და ბალანსის სისტემის ეროზია განაპირობებს“.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე:

„2025 წლის 6 აგვისტოს, 200 დღეზე მეტი ხნის წინასწარი პატიმრობისა და უაღრესად პოლიტიზირებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მზია ამაღლობელს, საქართველოს ორი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი დაპატიმრების შემდეგ, ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები ცილისწამების კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდნენ“.

ანგარიშში მოხვდა „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძისა და „პუბლიკას“ ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილის თვითნებური დაკავების შემთხვევებიც. მასში აღნიშნულია ისიც, რომ გასულ წელს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე რეპრესიული კანონი მიიღო. 

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის 2025 წლის ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებითაც:

„როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია: „საზოგადოებრივ მაუწყებელს აკლია დამოუკიდებლობა, აქვს მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა და შეაქვს წვლილი ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის პოპულარიზაციაში“. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გაათავისუფლა ჟურნალისტები ვასილ ივანოვ ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ, რაც რაც მათ საჯაროდ გამოთქვეს შეშფოთება მაუწყებელში პოლიტიკური ჩარევის შესახებ და შემდგომში გააუქმა ზაუტაშვილის ტოქშოუ. მომდევნო პერიოდში კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს. ერთად აღებული, ამ გათავისუფლებებმა, ეთერის ცვლილებებმა, შემზღუდავმა სარედაქციო პრაქტიკამ და დაფინანსებისა თუ მართვის კუთხით განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის მოწყვლადობას პოლიტიკური გავლენების მიმართ“.

როგორც SJP-ის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში მედიის წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიების მიუხედავად, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა გასაოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს და მუშაობას აგრძელებენ. თუმცა, ბალანსისა და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმების, სამართლებრივი გარანტიებისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობის პირობებში, დაუყოვნებლივი საერთაშორისო მხარდაჭერისა და ზეწოლის გარეშე ქვეყანაში ჟურნალისტიკა მდგრადობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთების პლატფორმა ჟურნალისტიკის დაცვისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით 2015 წელს შეიქმნა. 2025 წლის ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდა პლატფორმის 15 პარტიონი ორგანიზაცია: European Federation of Journalists; International Federation of Journalists; Association of European Journalists; ARTICLE 19; Reporters without Borders; Committee to Protect Journalists; Index on Censorship; International Press Institute; International News Safety Institute; Rory Peck Trust; European Broadcasting Union; PEN International; European Centre for Press and Media Freedom; Free Press Unlimited; Justice for Journalists Foundation. 

დოკუმენტში, რომელიც ევროსაბჭოს წევრი 46 სახელმწიფოსა და რუსეთისა და ბელარუსის მედიაგარემოს ეხება, ის მთავარი სამართლებრივი, პოლიტიკური და პრაქტიკული გადაწყვეტილებებია მოცემული, რამაც ევროპაში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე გავლენა მოახდინა. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ