„სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს“ - 13 აგვისტოს „სინათლე მედიას“ მხარდასაჭერად გამოფენა მოეწყობა
10.08.2026


„სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს“ - 13 აგვისტოს, 18:00 საათზე, Antenna-ში „სინათლე მედიას“ მხარდამჭერი გამოფენა მოეწყობა, სადაც ინტერაქციული ექსპოზიცია იქნება წარმოდგენილი. 

„დამთვალიერებელი თავად შეძლებს გამოააშკარაოს ის მესიჯები, რომლებიც ქალაქის კედლებიდან მიზანმიმართულად წაიშალა“, - ამბობენ ორგანიზატორები.



                                                 

„სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს!“ - სარეკლამო სააგენტო Windfor’s-მა Advan Production-თან ერთად, „სინათლე მედიას“ ქსელში შემავალი დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად კამპანია 16 ივლისს დაიწყო.   

„ქალაქის კედლებზე, სადაც გადაშლილი წარწერები ვიპოვეთ, ამოვიკითხეთ ის, რაც ამ შავი ლაქების უკან ეწერა და ისევ იგივე „გავაჩინეთ“, ოღონდ ისე, რომ მხოლოდ სინათლეში ჩანდეს. ვფიქრობთ, იდეალური მეტაფორაა „სინათლე მედიასთვის“ - სადაც სინათლეა, იქ ხმას ვერ ჩაახშობ, ისტორიას ვერ გადაწერ, რეალობას სხვა ინტერპრეტაციას ვერ მისცემ, მეხსიერებას ვერ წაშლი“, - გვითხრეს სარეკლამო სააგენტოში ამ კამპანიაზე საუბრისას, „სინათლე მედიას“ მხარდამჭერი ვიდეო რგოლის გამოქვეყნების შემდეგ.  
                                                 


გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრები გაეცნობიან „სინათლე მედიას“ გაზეთს, რომელიც კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და „საქართველოში არსებული ცენზურის, წნეხისა და ისტორიის გადაწერის მცდელობას წარმოაჩენს“.

დამთვალიერებლებს გამოფენის პარტნიორების პროდუქციის შეძენაც შეეძლებათ, შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი კი ონლაინმედიების დასახმარებლად გადაირიცხება.

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობლივი კამპანია შარშან, სწორედ 13 აგვისტოს დაიწყო. ამ დღეს, იმ რეალური საფრთხის საჩვენებლად, რომ მათ გაქრობა ემუქრებათ, 22 ონლაინ გამოცემის ვებგვერდი დროებით, სიმბოლურად გაითიშა. მალევე გაიმართა ფარნების მარში და ფოტოგამოფენა. ამ კამპანიის ფარგლებში „სინათლე მედიამ“ საახალწლო და საგაზაფხულო ფლიმარკეტები მოაწყო და არაერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

„სინათლე მედია“ დამოუკიდებელი ონლაინმედიების სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელია, რომელიც მათ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. „სინათლე მედიას“ მხარდამჭერი შეუძლია გახდეს ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა. მხარდაჭერა შესაძლებელია როგორც ერთჯერადი, ისე ნებისმიერი თანხის ყოველთვიური გადარიცხვით.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ