სარეკლამო სააგენტო Windfor’s-მა Advan Production-თან ერთად,
„სინათლე
მედიას“ ქსელში შემავალი დამოუკიდებელი ონლაინმედიების
მხარდასაჭერად კამპანია - „სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს!“
დაიწყო.
„“წარწერების ომი“ კი საუკეთესო მეტაფორაა საქართველოში დამოუკიდებელი
მედიის ამჟამინდელი მდგომარეობისთვის - რეჟიმი მედიას ებრძვის,
აჩუმებს, ზღუდავს, თუმცა სიმართლის დაფარვას მაინც ვერ ახერხებს.
რადგან სიმართლე სინათლეში ჩანს“, - Windfor’s-ს სურდა ამ კამპანიით
დამოუკიდებელი მედიის მიმართ მხარდაჭერა და მადლიერება
გამოეხატა.
„Windfor’s-ში, მიმდინარე პროექტების პარალელურად, სულ ვფიქრობთ, როგორ შეიძლება ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ ნებისმიერ მიმდინარე მოვლენასა თუ პრობლემასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ სხვადასხვა სფეროს ჩვენი იდეებითა თუ კამპანიებით. სწორედ ამ მუდმივი ფიქრის პროცესში გაჩნდა ეს იდეაც და ვიფიქრეთ, რომ ამ ქუჩის წარწერებს იდეალური ბმა სწორედ „სინათლე მედიასთან“ ექნებოდა. ის, რაც ქუჩებში ჩვენ თვალწინ ხდება, ზუსტად იგივეა, რასაც რეჟიმი მედიებთან მიმართებით აკეთებს. ყველანაირად ცდილობს, ხმა ჩაახშოს და ამით სიმართლე დაფაროს, თუმცა, ფაქტია, რომ არ გამოსდის. ეს გადაწყვეტა ძალიან თვალსაჩინოა - ქალაქის კედლებზე, სადაც გადაშლილი წარწერები ვიპოვეთ, ამოვიკითხეთ ის, რაც ამ შავი ლაქების უკან ეწერა და ისევ იგივე „გავაჩინეთ“, ოღონდ ისე, რომ მხოლოდ სინათლეში ჩანდეს. ვფიქრობთ, იდეალური მეტაფორაა „სინათლე მედიასთვის“ - სადაც სინათლეა, იქ ხმას ვერ ჩაახშობ, ისტორიას ვერ გადაწერ, რეალობას სხვა ინტერპრეტაციას ვერ მისცემ, მეხსიერებას ვერ წაშლი.
ვფიქრობთ, მედიის როლი დღევანდელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო და მნიშვნელოვანია - განსაკუთრებით კი ისეთ რეალობაში, სადაც მის წინააღმდეგ პროპაგანდა ასე თავდაუზოგავად მუშაობს. უმნიშვნელოვანესია, არსებობდეს დამოუკიდებელი ხმა, რომელიც ხალხის სათქმელს ამბობს, არ მალავს სიმართლეს, არ „ფუთავს“ მას ლამაზად, არ ცვლის რეალობას ვინმე კონკრეტულის სასარგებლოდ. და ეს ყველა ჩვენგანის გასააზრებელია - ეს ხმა რომ არ იყოს, ჩვენს ყოველდღიურობაში მხოლოდ შავი ლაქები იქნებოდა, რომელსაც გუშინაც ჩავუარეთ, გუშინწინაც და იმის წინაც, მაგრამ ხვალ აღარ გვემახსოვრება, მის უკან რა ხდებოდა.
ყველაფერთან ერთად კი, ძალიან სასიამოვნოა ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც შენს იდეებს და ხედვებს იზიარებენ და ზუსტად იმავე შემართებით გიერთდებიან, საერთო მიზნისთვის“, - გვითხრეს საუბრისას სააგენტოში.
Windfor’s-მა ვიდეორგოლზე Advan Production-ის გუნდთან ერთად იმუშავა, სცენარი დაამუშავეს, წარწერები მოძებნეს, „გამოიცნეს“ მათ უკან რა ეწერა და გადაიღეს.
„დამოუკიდებელი მედიის არსებობა ჩვენს ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სიტუაციაში, ყველაზე მთავარი იარაღი არის ინფორმაცია, რომელიც არის ობიექტური და რომელიც გვაჩვენებს რეალობას და არა ილუზიას. ძალიან რთულ პირობებში უწევს დამოუკიდებელ მედიას დღეს არსებობა, ისინი ჩვენთვის დიდ საქმეს აკეთებენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რაიმე ფორმით გამოგვეცხადებინა მათთვის მხარდაჭერა.
„ედვენის“ როლი უშუალოდ ვიდეორგოლის დამზადება იყო. როდესაც „ვინდფორსმა“, სააგენტომ გაგვაცნო იდეა, დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ, საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო და ყოველთვის ბევრად სასიამოვნოა ისეთ პროქტებზე მუშაობა, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებას ეძღვნება“, - გვიყვება ანანო დოდელია, Advan-ის თანადამფუძნებელი და რეჟისორი.
დამოუკიდებელი მედიისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას „სინათლე მედიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ქავთარაძე:
„ერთია, როცა „სინათლე მედია“ გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებას მისი ქსელის წევრი მედიების გასაძლიერებლად და ამ ყველაფრის აღსასრულებლად მიმართავს ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ერთვებიან და გვეხმარებიან.
მაგრამ მეორეა, როცა ადამიანების ჯგუფი ისეთი ძლიერი, დიდი ისტორიისა და გამოცდილების მქონე სარეკლამო სააგენტოდან, როგორიც „ვინდფორსია“ (Windfor's), ჯდება და ფიქრობს შენზე.
ეს არის ნამდვილი ზრუნვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომის შეგრძნება. როცა შენი პრობლემა გაცნობიერებული აქვთ, გამოწვევა იციან და ამის გადაწყვეტის გზებზე შენგან დამოუკიდებლად ფიქრობენ.
ეს ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ყველაფერს, რასაც „ვინდფორსი“ და „ედვენ ფროდაქშენი“ (Advan Production), რომელმაც ვიდეოს აღსრულებაში მიიღო მონაწილეობა, აკეთებენ „სინათლისთვის“.
ჟურნალისტები - ადამიანები, რომლებიც „სინათლე მედიას“
ქსელში შემავალ მედიაორგანიზაციებში მუშაობენ - გრძნობენ, რომ მარტო
არ არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ რთულ დროში მათი ყოველდღიურობა
არის სტრესული, დაძაბული და მუდმივი საფრთხის ქვეშ ყოფნის შეგრძნებით.
ეს ყველაფერი აძლიერებს ამ ერთობასაც, აძლიერებს ქვეყანასაც და, რაც
მთავარია, ხელს უწყობს სინათლის შენარჩუნებას“.
„სინათლე
მედია“ დამოუკიდებელი ონლაინმედიების სოლიდარობისა და
მდგრადობის ქსელია, რომელიც მათ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ
მხარდაჭერას უზრუნველყოფს. „სინათლე მედიას“ მხარდამჭერი შეუძლია
გახდეს ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში
თავისუფალი მედიის არსებობა. მხარდაჭერა შესაძლებელია როგორც
ერთჯერადი, ისე ნებისმიერი თანხის
ყოველთვიური გადარიცხვით.

