„სინათლე მედიას“ მხარდამჭერი კამპანიით Windfor’s-ი AD Black Sea 2026-ის გრანპრის მფლობელი გახდა
14.09.2026


„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ი „სინათლე მედიას“ მხარდასაჭერად შექმნილი კამპანიით კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2026-ის გრანპრის მფლობელი გახდა, „სინათლე მედია“ კი - წლის საუკეთესო დამკვეთი

Windfor’s-მა, Advan Production-თან ერთად, „სინათლე მედიას“ ქსელში შემავალი დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად კამპანია - „სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს!“ ივლისში დაიწყო. ვიდეორგოლთან ერთად გამოიცა გაზეთიც, რომლის წაკითხვაც მხოლოდ შუქის დახმარებით არის შესაძლებელი და მოეწყო ინტერაქციული გამოფენა. 

GRAND PRIX FOR GOOD-თან ერთად, ამ კამპანიისთვის Windfor’s-ი 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს პრიზითაც დაჯილდოვდა. Ad Black Sea-ის წლევანდელ ფესტივალზე „სინათლე მედიას“ მხარდამჭერი კამპანია16 კატეგორიაში იყო წარდგენილი. გამარჯვებული ნამუშევრების სრულ ჩამონათვალს ნახავთ აქ



დაჯილდოების ღონისძიების დასრულების შემდეგ, Windfor’s-ის სტარტეგიის გუნდის ხელმძღვანელმა, მარიამ ჩხაიძემ „მედიაჩეკერთან“ დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: „ეს ერთობა ძალიან შთამაგონებელია ჩვენთვის, ამიტომ ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, რომ რაღაც წვლილი შეგვეტანა ამ ყველაფერში, მადლობაც კი გვეთქვა და ეს კამპანია რეალურად იმისთვის გავაკეთეთ, რომ ხალხისთვის მოგვეწოდებინა, რომ გააძლიერონ დამოუკიდებელი ონლაინ მედია… საქართველოში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაში ძალიან ბევრი საპროტესტო გზავნილია, რომელიც გადაშლილია, ფარავს რეალურად იმ გამოძახილს, რაც აქვთ ადამიანებს, იმ პროტესტს, რასაც გამოხატავს საზოგადოება და ჩვენ ამოვანათეთ ეს გზავნილები, ხელახლა შევძელით მათი წარმოჩენა და ამით მთავარი გზავნილი ვთქვით, რომ „სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს“ და რამხელა როლი აქვს „სინათლე მედიას“, ანუ დამოუკიდებელ ონლაინ მედიას ჩვენს ყოველდღიურობაში“.



Ad Black Sea-ის თანადამფუძნებელმა და სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ის დამფუძნებელმა, ვატო ქავთარაძემ კი აღნიშნა: „“სინათლე მედია“ რაღაც განსაკუთრებული სიზუსტით გამოხატავდა იმას, რისი თქმაც გვინდოდა, იმიტომ რომ ჩვენი მტერი ახლა რასაც შვება, არის, რომ ჩვენ კოლექტიურ მეხსიერებას შლის ამა თუ იმ ფორმით და ეს ძალიან ნათელი და ისეთი, გამოხატული მაგალითი იყო, როდესაც ამ სტენსილებს მეორე დღესვე რაღაც სამსახური შავ ფერებად აქცევს და ზუსტად ამავე კონტექსტში „სინათლე მედია“, რომელიც თავისთავად „სინათლე“ სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე რასაც გულისხმობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მინათებული სინათლით ვაცოცხლებდით იმ წაშლილ ფრაზებს…ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რატომაც გამოარჩია ეს ჟიურიმ, იყო ზუსტად ეგ, რომ აი, ზუსტად ასახავდა იმას, რასაც სინათლე და სიბნელესთან ბრძოლა გულისხმობს“.

კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის - Ad Black Sea 2026-ის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია ბათუმში, 12 სექტემბერს გაიმართა. სამდღიან ფესტივალზე კონკურსის მონაწილეები ერთმანეთს 13 ძირითად კატეგორიაში, მათ შორის ბრენდინგის, დიზაინის, ციფრული კომუნიკაციისა და ფილმის მიმართულებით, ეჯიბრებოდნენ. Windfor’s-თან ერთად, AD Black Sea 2026-ის გრანპრის მფლობელი გახდა სააგენტო Playmakers-ი. ნამუშევრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეულმა 30-ზე მეტმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა. AD Black Sea-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალის მთავარი გზავნილი იყო ON THE EDGE - Festival of Creative Resistance.

„სინათლე მედია“ დამოუკიდებელი ონლაინმედიების სოლიდარობისა და მდგრადობის ქსელია, რომელიც მათ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერაციულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. „სინათლე მედიას“ მხარდამჭერი შეუძლია გახდეს ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი მედიის არსებობა. მხარდაჭერა შესაძლებელია როგორც ერთჯერადი, ისე ნებისმიერი თანხის ყოველთვიური გადარიცხვით.

დამოუკიდებელმა ონლაინ მედიებმა ერთობლივი კამპანია - „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ შარშან, 13 აგვისტოს დაიწყეს. ამ დღეს, იმ რეალური საფრთხის საჩვენებლად, რომ მათ გაქრობა ემუქრებათ, 22 ონლაინ გამოცემის ვებგვერდი დროებით, სიმბოლურად გაითიშა. მალევე გაიმართა ფარნების მარში და ფოტოგამოფენა. ამ კამპანიის ფარგლებში „სინათლე მედიამ“ საახალწლო და საგაზაფხულო ფლიმარკეტები მოაწყო და არაერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ