დღეს, 30 სექტემბერს, „ბათუმელები“/ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია
ამაღლობელს დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის
აღიარების ნიშნად პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ ვალენსას
სახელობის „სოლიდარობის ჯილდო“
გადასცა.
„ბათუმელების“ ცნობით, ვარშავაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე,
რომელსაც თავად ლეხ ვალენსაც ესწრებოდა, რადოსლავ სიკორსკიმ
პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ნაცვლად, მისი ჯილდო გამოცემის
წარმომადგენელს, ირმა დიმიტრაძეს გადასცა.
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნობელის პრემიის
ლაურეატის, ლეხ ვალენსას „სოლიდარობის ჯილდო“ საგარეო საქმეთა
სამინისტროს ინიციატივით 2014 წელს დაარსდა. ის იმ პირებს ან
ორგანიზაციებს გადაეცემათ, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს
მსოფლიოში დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვასა და
ხელშეწყობაში.
პრემიის სხვადასხვა დროის ლაურეატებს შორის არიან:
- 2025 წელი - უბელი დისიდენტი, მოძრაობა - „ქალები თეთრებში“ ლიდერი, ბერტა სოლერ ფერნანდესი;
- 2024 წელი - ბელარუსი დისიდენტი პაველ ლატუშკო;
- 2015 წელი - ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ჟანა ნემცოვა. ის რუსეთში მოკლული ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის შვილია;
- 2014 წელი - ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი.
პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა არაერთი ჯილდო მიიღო. მას შარშან ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემიაც გადასცეს. გასულ წელს ამაღლობელი დააჯილდოვეს პაულ ვაიზის და თავისუფალი მედიის პრემიებით, ის გახდა 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელიც, რომელსაც „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) „საერთაშორისო მედიის მხარდაჭერასთან“ (IMS-სთან) პარტნიორობით ყოველწლიურად გასცემს. მზია ამაღლობელს გადაეცა „ფორუმ 2000“-ის საერთაშორისო ჯილდოც. ის მოხვდა ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის 2025 წლის ფინალისტთა სიაშიც.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის 20 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია.

