სახელმწიფო უწყებებმა 2019 წლის I კვარტალში ინფორმაციის გასავრცელებლად 771 346 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმეს
15.05.2019

შესწორება:  სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მოცემული იყო, რომ  დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2019 წლის პირველ კვარტალში "პულსი ტვ-ს" 110 000 ლარი გადაუხადა. სინამდვილეში, 110 000 ლარი არის ერთი წლის მომსახურების თანხა და არა ერთი კვარტლის. 

 

სახელმწიფო ორგანოებიდან მედიასაშუალების თუ მის მიერ მომზადებული პროდუქტის დაფინანსება, შესაბამისი მითითების გარეშე, არამხოლოდ არაეთიკურია, არამედ მაუწყებლების შემთხვევაში უკანონოც კი. საჯარო ფინანსები მედიაში მხოლოდ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასავრცელებლად შეიძლება დაიხარჯოს. ეთიკური სტანდარტების მიხედვით, დაფინანსებული ინფორმაცია რეკლამის სახით უნდა გამოქვეყნდეს როგორც ონლაინ, ისე ტელემედიაში. თუმცა პრაქტიკა არაერთგვაროვანია, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო უწყებების მიერ დაფინანსებული მასალა ყოველგვარი მითითების გარეშე, სარედაქციო მასალად ქვეყნდება. უფრო მეტიც, ისეთი შემთხვევაცაა, როდესაც თავად ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს წამყვანს.

მედიასაშუალებებთან ხელშეკრულების გაფორმებას საჯარო უწყებები ყოველი წლის დასაწყისში იწყებენ. 2019 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე პერიოდში 39-მა საჯარო უწყებამ ინფორმაციის გასავრცელებლად 772, 346 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა.

“მედიაჩეკერმა” პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა)  მიერ, სატელევიზო,  რადიო და ახალი ამბების სააგენტოების მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2019 წლის პირველ კვარტალში მედიასაშუალებებთან გაფორმებული ხელშეკრულებები შეისწავლა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საჯარო უწყებების მიერ მედიაში დასახარჯი თანხა თითქმის თანაბრად ნაწილდება ონლაინ გამოცემებსა და ტელეკომპანიებში, თუმცა გასავრცელებელი ინფორმაციის შინაარსი სხვადასხვაა.

 

alt


⇒   სატელევიზიო მომსახურება

მაუწყებლობის შესახებ კანონი საჯარო უწყების მიერ მედიის ნებისმიერი ტიპის დაფინანსებას კრძალავს, თუმცა აწესებს მხოლოდ ერთ გამონაკლისს, - საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით საეთერო დროის შესყიდვა შესაძლებელია. ასეთი შესყიდვა არ გულისხმობს რომელიმე მოვლენის გაშუქებას, გადაცემის დაფინანსებას და ა.შ. არამედ, მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაცია რეკლამის სახით უნდა გავიდეს. ეს შეიძლება იყოს მაგალითად, ახალი რეგულაციების შემოღების, სერვისების დანერგვის თუ სხვა ისეთი მოვლენის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.

ტელეეთერში რგოლების განსათავსებლად, საჯარო უწყებები საეთერო დროს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ყიდულობენ. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველ წელს რეიტინგის მიხედვით ხდება რანჟირება, განისაზღვრება ფასი და ირჩევიან გამარჯვებული არხები. საჯარო უწყებები, მთელი წლის განმავლობაში, ამის შესაბამისად წყვეტენ სად განათავსონ ვიდეო რგოლი. 

2019 წელს უპირატესობა ტელეკომპანია იმედს მიანიჭეს. აქ საჯარო უწყებებმა იანვარი - აპრილის პერიოდში 194, 259 ლარის ღირებულების მომსახურებაზე გააფორმეს ხელშეკრულება.  86.078 ლარზეა გაფორმებული ხელშეკრულება "რუსთავი 2-თან". 

alt

საინტერესოა ტელეკომპანია "პულსი ტვ-ს" შემთხვევა. ამ არხის მომსახურება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინა. უწყებამ "პულსი ტვ-თან" 110 000 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება, ეს თანხა მთელი წლის მომსახურების ღირებულებაა.  შეძენილი მომსახურება არ გულისხმობს მხოლოდ ვიდეო რგოლების განთავსებას საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გასავრცელებლად, როგორც ეს კანონშია გაწერილი. არამედ უნდა მომზადდეს ადგილობრივი და უცხოური სიახლეების ამსახველი საინფორმაციო სტუდიური გადაცემა. ხელშეკრულებით განსაღვრულია მისი ქრონომეტრაჟი (26 წუთი), ეთერში გასვლის პერიოდულობა და უფრო მეტიც, დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოთქვამს სურვილს გადაცემის წამყვანს და ჟურნალისტებს ჰქონდეთ უმაღლესი სამედიცინო განათლება.

საჯარო უწყება მაუწყებელს თანხას უხდის იმაშიც, რომ მათი ღონისძიებები სამი კამერით გადაიღონ, დაამონტაჟონ და ეთერში გაუშვან. დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო შორსაც მიდის და მაუწყებელს ხელშეკრულებით უსაზღვრავს გადაცემის შინაარსს - უნდა მომზადდეს შემეცნებითი პროექტი, რომლის მეშვეობითაც “ცენტრის ექსპერტები და სამედიცინო დარგის სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები უახლეს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, კომპეტენტურ და აკადემიურ ინფორმაციას მიაწვდიან ქვეყნის მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე”.

ხელშეკრულებაში არსად არ არის რამე მინიშნება იმის შესახებ, როგორ უნდა მიეთითოს დაფინანსების წყარო ამ ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ გადაცემებს. სატენდერო დოკუმენტაციაში არსად ჩანს იმის დასაბუთებაც, რატომ მიიჩნევა ცენტრის ღონისძიებები ისეთ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ინფორმაციად, რომლის გავრცელებაშიც ბიუჯეტიდან თანხა უნდა დაიხარჯოს.

⇒   ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება

ონლაინ გამოცემებში საფასურის სანაცვლოდ ინფორმაციის გამოქვეყნებას კანონი არ კრძალავს. თუმცა ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპები მედიას ავალდებულებს მკვეთრად გამიჯნონ ამგვარი მასალები რედაქციის პასუხისმგებლობით მომზადებული მასალებისგან, რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემაა.

სახელმწიფო უწყებებმა 2019 წელს ჯამში 331,943 ლარის ხელშეკრულება გააფორმეს, რომელთა უმეტესობა გულისხმობს მათ მიერ მომზადებული პრესრელიზებისა თუ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. მხოლოდ ერთ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ “ბათუმელებთან” (netgazeti.ge) გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია ხაზგასმით, რომ მიწოდებული ინფორმაციის გამოქვეყნებისას “დაეწერება, რომ ის არის რეკლამა”.

ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს გამოცემა მიჯნავს სარეკლამო და სარედაქციო მასალებს. დაფინანსების შესახებ სხვადასხვანაირი მითითებები აქვთ მაგალითად ისეთ ვებსაიტებს, როგორიცაა: on.ge, reginfo.ge, interpressnews.ge. თუმცა, საერთო ჯამში სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა პრობლემად რჩება.

თუკი მაუწყებლების შემთხვევაში გასაგებია პრინციპი, რის მიხედვითაც სახელმწიფო უწყებები ირჩევენ მედიასაშუალებებს, სადაც სარეკლამო რგოლები უნდა განათავსონ, ონლაინ მედიასაშუალებებს რა კრიტერიუმებით არჩევენ, უმეტეს შემთხვევაში გაუგებარია.

alt


უწყებების ნაწილი ე.წ. შუამავალ კომპანიებს, “აიფიემმარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსს” და “კლიპ არტს” ანიჭებს უპირატესობას. ეს ორგანიზაციები იღებენ ინფორმაციის სხვა, ათეულ ვებსაიტზე გავრცელების ვალდებულებას. ნაწილი კი თავად, პირდაპირი შესყიდვის წესით ირჩევს ონლაინ გამოცემებს ინფორმაციის გავრცლებისთვის. ამგვარი ხელშეკრულებების რაოდენობით და თანხის მოცულობით შპს ახალი ამბები ლიდერობს, რომელიც inpterpressnews.ge-ზე ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას იღებს, მას მოსდევს ghn.ge და primetime.ge.

საჯარო უწყებებს შორის საპენსიო სააგენტო ის გამონაკლისია, რომელიც მომსახურებას უცხოურ მედიაში ყიდულობს. მან 1600 ფუნტი (4900 ლარი) უნდა გადაუხადოს The Financial Times-ს. შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე ხელშეკრულება არ დევს, რაც როგორც "მედიაჩეკერს" საპენსიო სააგენტოდან აცნობეს, იმითაა გამოწვეული, რომ ეს ინტერნეტშესყიდვაა. ამ თანხას კი ვაკანსიის განსათავსებლად იხდიან. თანხის ნაწილი (800 ფუნტი) მარტში უკვე გადაირიცხა,

საერთო ჯამში შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე ატვირთული ხელშკერულებებიდან ირკვევა, რომ 2019 წელს ინფორმაციის გასავრცელებად ყველაზე მეტი, 152,165 ლარის ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტრომ გააფორმა. დოკუმენტების თანხმად ვიდეორგოლები უნდა განთავსდეს ტელევიზიების ეთერში. შემდეგ კი მოდის სახელმწიფო სერვისების სააგენტო 121,197 ლარის ღირებულების ხელშეკრულებებით, რომელიც გადანაწილდება ტელევიზიებსა (მათ შორის რეგიონულში) და ონლაინ მედიაში. მესამე ადგილზეა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც პულსი ტვ-ში გადაცემებს დასაფინანსებლად 110 ათას ლარს ხარჯავს.


alt

საფასურის სანაცვლოდ გარკვეული მასალის გამოქვეყნება, მედიასაშუალებებს არ ეკრძალებათ, თუმცა, როგორც აღინიშნა, მაუწყებლების შემთხვევაში გადაცემების დაფინანსება სახელმწიფო ორგანოებს აკრძალული აქვთ და მხოლოდ ვიდეო რგოლების განთავსება შეუძლიათ. ონლაინ გამოცემების შემთხვევაში კი დაფინანსებული სტატიების გამოქვეყნება დასაშვებია, თუმცა აუდიტორიისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ იღებს კომერციული შინაარსის ინფორმაციას და არა რედაქციის პასუხისმგებლობით მომზადებულ მასალას.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებული სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, მედიასაშუალება პასუხისმგებელია ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მისი რომელიმე პლატფორმით ვრცელდება. შესაბამისად, თუკი სარეკლამო მასალა გამოქვეყნდება შესაბამისი აღნიშვნის გარეშე ისე, როგორც სარედაქციო მასალა, რედაქცია პასუხისმგებელი იქნება მის შინაარსზე.

მედია ანგარიშვალდებულია აუდიტორიასთან და პატივს უნდა სცემდეს მის უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და არა შეცდომაში შემყვანი, გადაუმოწმებელი სარეკლამო მასალა. ამავე წესების თანახმად, რედაქციას უნდა ჰქონდეს შემუშავებული სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნის პოლიტიკა, რის შესაბამისადაც უნდა გააფორმოს ხელშეკრულება სარეკლამო დამკვეთთან თუ მომსახურების შემსყიდველთან.


თეგები : სარეკლამო მასალები ;
ავტორი : ნატა ძველიშვილი; ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ