ვინ არიან ქართული ონლაინ გამოცემების მესაკუთრეები?
05.06.2019
ინტერნეტისა და სოციალური ქსელის სამყაროში ინფორმაციის გავრცელება სულ უფრო სწრაფად ხდება. ამ მხრივ ონლაინ მედიების როლი კიდევ მეტ მნიშვნელობას იძენს. ამას ადასტურებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაც, რომლის მიხედვითაც იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც ინფორმაციის პირველწყარო ინტერნეტი და ფეისბუქია, ბოლო 3 წლის განმავლობაში 7%-ით გაიზარდა და 2019 წელს 21%-ს მიაღწია.

ონლაინ გამოცემების მიმართ აუდიტორიის სანდოობის მოსაპოვებლად მასალების ხარისხი და მესაკუთრეთა გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოში მაუწყებლებისგან განსხვავებით, ონლაინ მედია საშუალებებისათვის დამფუძნებელთა გამჭვირვალობის ვალდებულება არ არსებობს.

მედიაჩეკერმა 50-ზე მეტი ისეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა შეისწავლა, რომელთა მასალებს რეიტინგების მთვლელი კომპანიების, TOP.GE-სა და ALEXA.COM-ის მიხედვით, აუდიტორია ყველაზე მეტად კითხულობს. ვებსაიტების ანალიზმა აჩვენა, რომ დამფუძნებლებისა და დამფინანსებლების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მცირე ნაწილი უთითებს საკუთარ ვებგვერდებზე. მიუხედავად ამისა, მედიაჩეკერმა შეძლო მათი მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაციის მოძიება.

მედიაჰოლდინგები და ბიზნესის მიერ დაფუძნებული გამოცემები

ქართულ მედიაბაზარზე დიდი ადგილი უჭირავს მედიაჰოლდინგ “პალიტრა მედიას”, რომელიც აერთიანებს 20-ზე მეტ ინტერნეტპორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოსა და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს. “პალიტრა მედიაში” გაერთიანებულ ონლაინ გამოცემებს სხვადასხვა კომპანიების (შპს ნიუსრუმი, შპს ახალი ამბები) მეშვეობით შპს “კვირის პალიტრა” ფლობს, მისი პარტნიორები კი თავის მხრივ ზაზა ბუაძე - 25% და ირაკლი თევდორაშვილი - 75% არიან.

ამ ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინ გამოცემები, როგორიცაა kvirispalitra.ge; interpressnews.ge; palitranews.ge; allnews.ge, ასევე შედარებით გასართობ თემებზე მომუშავე ვებსაიტები (ambebi.ge; intermedia.ge; palitravideo.ge) და სხვადასხვა პროფილის მქონე გამოცემები, მაგალითად, სამედიცინო თემაზე mkurnali.ge, რელიგიის შესახებ karibche.ge, კულინარიაზე gemrielia.ge და ა.შ.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც რამდენიმე ვებსაიტს ფლობს, "კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფია", ის აერთიანებს შემდეგ ონლაინ გამოცემებს: itv.ge, droni.ge, presa.ge, people.ge, internet.ge, radio.ge. კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი იყო შპს “კავკასუს ონლაინი”. 2013 წლის სექტემბერში მესაკუთრე შეიცვალა და 100%-იანი წილის მეპატრონე გახდა შპს დრონი.ჯი, დირექტორი კი - გიორგი კაპანაძე, რომელიც თავის მხრივ დრონი.ჯი-ს ერთადერთი მესაკუთრეა. დრონი.ჯიმ სახელი შეიცვალა და ახლა მას “ინტერნეტმედია ჯგუფი ჰქვია”.

"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფში" შემავალი ვებსაიტებისგან განსხვავებით, დომენური სახელიდანაც მარტივად მისახვედრია, რომ ერთი ბრენდის - On.ge-ს ქვეშ არის გაერთიანებული რამდენიმე ვებსაიტი, მათ შორის ახალი ამბების სააგენტო on.ge, on.ge ჟურნალი, აგრეთვე მართვის მოწმობის ტესტების ვებსაიტი teoria.on.ge, ვაკანსიების საძიებო რესურსი jobs.on.ge და spell.on.ge, სადაც მართლწერის საკითხების შემოწმებაა შესაძლებელი. ყველა მათგანს ფლობს შპს ონ.ჯი, რომლის მფლობელები არიან შპს ფორმულა პროესკო ფროდაქშენი -50% და შპს ომედია - 50%. “ფორმულა პროესკო ფროდაქშენი” იგივე “ფორმულა კრეატივია”, რომელიც რამდენიმე სატელევიზიო პროდუქტსაც ქმნის, მაგალითად სერიალს “ჩემი ცოლის დაქალები” და მართავს ტვ “მესამეს”. “ომედია” კი ვებსაიტების დეველოპერული კომპანიაა.

სხვადასხვა პლატფორმას იყენებს ბიზნესსიახლეების გასავრცელებლად bm.ge - Business Media Georgia, რომელიც ეკუთვნის შპს ბი-ემ-ჯის. მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი გიორგი ისაკაძეა. Business Media Georgia-ს სატელევიზიო პროდუქტებია: "საქმის კურსი", "ანალიტიკა“, "საქმიანი დილა“, "ქალების ნარატივი“. მის მიერ წარმოებული გადაცემები გადის ტვ პირველისა და რუსთავი 2-ის ეთერში. BM.ge ორიენტირებულია ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ ახალ ამბებზე.

რამდენიმე ვებსაიტს აერთიანებს ასევე შპს თავისუფალი გაზეთი +. მათ შორისაა Ipress.ge, ibusiness.ge, imtavroba.ge, iregions.ge. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია თამარ ლეფსვერიძე.

არც ისე ხშირია, როდესაც ონლაინ გამოცემების უკან მედიისგან სრულიად განსხვავებული ბიზნესის წარმომადგენლები დგანან. თუმცა, რამდენიმე მათგანი შეიძლება გამოიყოს. ერთ-ერთია მაგალითად ,metronome.ge - გამოცემას ჰყავს ორი მფლობელი - მარიამ კუკუნაშვილი და დავით ბეჟუაშვილი. ორივე მათგანი ასევე თანამფლობელია სუროგაციის ცენტრის “ახალი სიცოცხლე”.

დონორების მხარდაჭერილი მედიასაშუალებები

ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილის ძირითადი ფინანსური მხარდამჭერი საერთაშორისო ფონდები და დონორი ორგანიზაციებია, მათ შორისაა netgazeti.ge; liberali.ge; skews.ge; kutaisipost.ge, reginfo.ge.

ორ საზოგადოებრივ - პოლიტიკურ გამოცემას, "ნეტგაზეთსა" და "ბათუმელებს" აერთიანებს შპს ბათუმელები. რეესტრის მიხედვით, მისი მფლობელები არიან: 25% - დავით გურგენიძე, 25% - მზია ამაღლობელი, 25% - მურად ამაღლობელი, 25% - ლეილა თურაძე. კომპანიის დირექტორია მზია ამაღლობელი. ვებგვერდის ბოლოს ნეტგაზეთი აღნიშნავს, რომ გამოქვეყნებული მასალის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მოსაზრებებს, რის მიხედვითაც მკითხველისთვის შესაძლებელია ვარაუდი, რომ გამოცემის დონორი სწორედ აღნიშნული ფონდია.

ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს დახმარებით დაფუძნდა liberali.ge, ამჟამად ვებსაიტზე მითითებული არ აქვთ კვლავ თანამშრომლობენ თუ არა ამ ფონდთან. თავდაპირველად გამოიცემოდა ჟურნალი “ლიბერალი”, შემდეგ კი შეწყვიტა ბეჭდური ვერსიის გამოცემა. “ლიბერალის” 100-% ის მფლობელი შორენა შავერდაშვილია.

“ლიბერალის” მსგავსად ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა კიდევ ერთი ვებსაიტი - sknews.ge, რომელიც გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის“ ბაზაზე ჩამოყალიბებული საინფორმაციო პორტალია. დირექტორი ლელა ინასარიძეა, ის ასევე არის გამგეობის წევრი ვარდან აკოფიანთან ერთად. გამგეობის თავმჯდომარე კი მარგარიტა ახვლედიანია.

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ეხმარება საინფორმაციო ცენტრების ქსელსაც, რომელიც აერთიანებს ვებსაიტებს reginfo.ge, mtisambebi.ge და radioway.ge (პანკისის სათემო რადიო). ქსელის მფლობელი და დირექტორი გელა მთივლიშვილია.

ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს გარდა, გამოცემების ვებსაიტებზე განთავსებულია იმ სხვა დონორი ორგანიზაციების ლოგოები, რომლებიც მათ ეხმარებიან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. მათ შორისაა National Endowment for Democracy, აშშ-ს საელჩო, დოიჩე ველე, IREX და სხვ.

სიძულვილის ენის გამავრცელებელი და რუსეთთან დაკავშირებული ვებსაიტები

სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოში რუსეთთან დაკავშირებული არაერთი მედიაგამოცემა შეიქმნა. ასეთი მედიასაშუალებების ნაწილი ანტიდასავლური გზავნილების გარდა, ხშირ შემთხვევაში სიძულვილის ენითაც გამოირჩევა.

ასეთია მაგალითად geworld.geგაზეთის “საქართველო და მსოფლიოს”ონლაინ გამოცემა  და saqinform.ge. ეს პორტალები აქვეყნებს პრორუსულ და სიძულვილის ენის შემცველ სტატიებსა და პრორუსი აქტივისტების აზრებს. მათი დამფუძნებელია ააიპ ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც 2009 წელს დარეგისტრირდა. “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელი დაფუძნების დღიდან ტარას გაგნიძეა, საზოგადოებრივი საბჭოს წევრი კი ალექსანდრე ჭაჭიაა, რომელიც 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე მედვედევმა “რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილისათვის” ორდენით დააჯილდოვა."საქინფორმის" ხელმძღვანელი არნო ხიდირბეგიშვილია. მასთან დაკავშირებულია ასევე დომენები - ru.saqinform.ge, gruzinform.ge, ru.gruzinform.ge.

ასევე ანტილიბერალური, მანიპულაციური, ყალბი მასალებით გამორჩეულია alt-info.com, რომლის მესაკუთრეა შოთა მარტინენკო, ამ ვებსაიტის მიერ შექმნილი მასალები ხშირად ვრცელდება ნეონაცისტური ფეისბუქ გვერდებით.

2015 წელს დაფუძნდა საქართველოში რუსული მედიაპროექტი sputnik-georgia.com, რომელიც ქართულ ენაზე ავრცელებს ინფორმაციას. დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ანტონ ლასხიშვილი, რომელიც ასევე 1997 წელს რეგისტრირებული შპს სვაბოდნაია გრუზიას დირექტორიცაა. გამოცემა საქართველოს შესახებ ინფორმაციას რუსულ ენაზეც ავრცელებს ამ ვებსაიტის - sputnik-georgia.ru მეშვეობით. სპუტნიკი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მედიაპროექტია, რომელიც 34 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სპუტნიკის დაფუძნებამდე რამდენიმე წლით ადრე, 2013 წელს შეიქმნა newsgeorgia.ge - რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო. პორტალი შპს “საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო NEWSGEORGIA-ს” ეკუთვნის მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ელენე იმედაშვილი იყო. თუმცა 2013 წლის ივლისში შპს-ს 100%იანი მფლობელი გახდა ნიდერლანდების ოფშორში დაფუძნებული კომპანია Media Capital Holding. დირექტორად დღემდე რჩება იმედაშვილი. ნიუსჯორჯია თავიდან რადიო კონტენტს ქმნიდა სპუტნიკისთვის, რომელიც რადიო “მონტეკარლოს” (რ-რადიო) სიხშირით გადაიცემოდა.

ინფორმაციის გამჭვირვალობის სტანდარტი

მედია დამფუძნებლებისა და დამფინანსებლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მედია გარემოს გაჯანსაღებისთვის. ღია მონაცემები შესაძლებლობას იძლევა დავინახოთ, ხომ არ ახდენს სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას ამა თუ იმ ჯგუფის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები.

გამოიკვეთა რომ ძირითადი ონლაინ მედიების ძალიან მცირე ნაწილი ღიად აქვეყნებს ინფორმაციას მფლობელების, მენეჯმენტისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ნაწილი კი ვებსაიტზე განყოფილებაში “ჩვენ შესახებ” არაფერს უთითებს და მკითხველს გამოცემის მმართველი რგოლის თუ მესაკუთრეთა შესახებ არანაირ ინფორმაციას არ აწვდის. ზოგ შემთხვევებში კი ასეთი გამოცემები საკონტაქტო ნომერსაც არ უთითებენ. შესაბამისად მათთან კომუნიკაცია არათუ მკითხველისთვის, არამედ სარეკლამო დამკვეთისთვისაც შეუძლებელია. შესაბამისად ბუნდოვანია თუ საიდან ფინანსდება ასეთი ვებსაიტები.

თუ ვინ დგას კონკრეტული ონლაინ გამოცემის უკან შესაძლებელია დადგინდეს ვებსაიტზე nic.ge, სადაც განთავსებულია ინფორმაცია დომენის მფლობელის შესახებ. თუმცა გამჭვირვალობის ვალდებულება არც ამ შემთხვევაში არსებობს და არაერთი ვებსაიტის შემთხვევაში სრულიად გაუგებარი რჩება თუ ვინ დგას მის უკან.

ევროპული ქვეყნების ნაწილში გამჭვირვალობის სტანდარტი ონლაინ მედია საშუალებებისათვის კანონით რეგულირდება, რიგ ქვეყნებში კი ინფორმაციის ღიაობა საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გამოხატვაა. ბრიტანული მედია კორპორაციები (Guardian Media Group, Independent News) მფლობელებისა და დაფინანსების წყაროს გარდა, ყოველწლიურ ფინანსურს ანგარიშებსაც აქვეყნებენ.

ონლაინმედიების გამჭვირვალობის შესახებ სპეციალური რეკომენდაცია აქვს შემუშავებული ევროპის მინისტრთა საბჭოს. იგი წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ ისეთი კანონი, რომელიც ონლაინ გამოცემებს შემოსავლების, მათ შორის სახელმწიფოსგან დაფინანსებისა თუ რეკლამის სახით მიღებული თანხის გამჟღავნების ვალდებულებას გაუჩენს. საქართველოში ღია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მედიასაშუალებებში გადახდილი თანხაა.

იხილეთ  ონლაინ გამოცემების მფლობელთა სია, სადაც შესულია top.ge-ს რეიტინგის მიხედვით ყველაზე კითხვადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის ვებსაიტები, აგრეთვე ის გამოცემები, რომლებიც იგებენ სახელმწიფო ტენდერებს და მათთან დაკავშირებული სხვა ვებსაიტები, რომელთა იდენტიფიცირებაც შევძელით.

alt

ავტორი: ნინო რამიშვილი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ