20-21 ივნისს დაშავებული ჟურნალისტების საქმეზე ცალკე ძიება არ დაწყებულა
26.07.2019

20-21 ივნისს, თბილისში, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას, მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა. დაშავებულები ამბობენ, რომ სამართალდამცავები მათ დამიზნებით ესროდნენ და ხელს უშლიდნენ მუშაობაში. ეს ნაწილობრივ მათივე გადაღებულ ვიდეომასალებშიც ჩანს. მომხდარიდან მეორე დღესვე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიტანა მიმართვა, რომლითაც მოითხოვდა იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. გარდა ამისა, რამდენიმე დაშავებულმა შესაბამის უწყებებს თავადაც მიმართა.

მომხდარიდან ერთი თვე გავიდა და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ეტაპზე ჟურნალისტების საქმეზე არც ცალკე გამოძიება მიმდინარეობს და არც დაზარალებულის სტატუსი მინიჭებია რომელიმე დაშავებულს.


გურამ მურადოვი, თამარ ბაღაშვილი, ლიკა უროტაძე, გელა ბოჩიკაშვილი, ლიკა ალელიშვილი, მერაბ ცაავა…- ეს იმ ჟურნალისტების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს სამართალდამცავების მიერ ნასროლი ტყვიებით სხეულის დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო (კამერა, მიკროფონი, წარწერა press და ა.შ.) სამართალდამცავები მათ მაინც დამიზნებით ესროდნენ და ხელს უშლიდნენ მუშაობაში.

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულების საქმეს მთავარი პროკურატურა ერთ დიდ საქმედ იძიებს. ჟურნალისტებს, ისევე როგორც სხვა დაშავებულებს, პროკურატურა მოწმის სტატუსით კითხავს.

დაშავებული ჟურნალისტების ნაწილი აპირებს სამართლებრივი დავის გაგრძელებას, ნაწილი კი - არა. ფოტოჟურნალისტმა გურამ მურადოვმა ამ დრომდე ვერ გადაწყვიტა, შეიტანოს თუ არა სარჩელი პროკურატურაში:

alt„ვფიქრობ, ვიჩივლო თუ არა. პროცედურები დიდ დროს წაიღებს და თან არც ვიცი, რა უნდა მოვითხოვო მათგან. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ვერავინ დამასწრებდა ჩივილს. ფიზიკური და მორალური ზიანი მომაყენეს, დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ ვიყავი ზურგის გამო. ვიცი, რომ მორალურ ზიანს არავინ ამინაზღაურებს, შეიძლება დამცინონ კიდეც.“

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი გიორგი დიასამიძე კი, რომელსაც პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ტექნიკა დაუზიანეს და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, ამბობს, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„ფეისბუკის ლაივი მქონდა ჩართული და მაყურებელს ვუხსნიდი სიტუაციას, როდესაც ერთ-ერთი აგრესიულად განწყობილი პოლიციელი მომვარდა, დამაგდებინა ტელეფონი, მიმათრევდა და იძულებით მიპირებდა გაგდებას. ბეიჯს ვაჩვენებდი და მოვუწოდებდი, ნუ არღვევთ კანონს და ნუ მიშლით ხელს ჟურნალისტურ საქმიანობაში-მეთქი, ამის პარალელურად, ზოგიერთი პოლიციელი მაგინებდა და მირტყამდა. ბოლოს, ზურგში ჩამარტყა წიხლი ერთმა და ასე გამომაგდეს პარლამენტის ეზოდან. გადმომიგდეს ტელეფონიც“, - იხსენებს მომხდარს და ამბობს, რომ მისი საქმე მარტივად გამოსაძიებელია, რადგან თავისი ტელეფონის და პარლამენტის შიდა ეზოს კამერების ჩანაწერებში დეტალურად არის დაფიქსირებული, როგორ განვითარდა მოვლენები.





გიორგი ფიქრობს, რომ ჟურნალისტების ხელისშეშლის ფაქტებზე გამოძიება აუცილებლად ცალკე უნდა დაიწყოს: „ველოდები რას მოიმოქმედებენ. მინიმუმ სისხლის სამართლის სამი დანაშაული იკვეთება ჩემს საქმეზე - ძალადობა, უფლებამოსილების გადამეტება და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. ბოლომდე მივიყვან ამ საქმეს. თუ საქართველოში არ გამოიძიებენ ამ საქმეს, სტრასბურგამდე ჩავალ.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოსიაციის (საია) მედია მიმართულების იურისტი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ საია მზად არის სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მედიის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებსაც უნდათ სამართლებრივი დავა, როგორც სისხლის სამართლის, ისევე სამოქალაქო კუთხით.

საიას გარდა, დაშვებულების დასახამარებლად მზად არიან ორგანიზაციები: კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციამ ორი ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურას უკვე მიმართა: „ველოდებით პროკურატურის პასუხს. ჩვენი მიზანი ამ ეტაპზე არის ის, რომ მათ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ. შემდგომში უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს დამნაშავეები.“

„კონსტიიტუციის 42-ე მუხლის“ ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის თქმით კი, მათი ადვოკატები ამ ეტაპზე სამ ჟურნალისტს უწევენ სამართლებრივ დახმარებას.

alt21 ივნისს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, ჟურნალისტებმა თბილისსა და რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურისა და ადგილობრივი სამმართველოების შენობებთან საპროტესტო აქციები გამართეს.

ქარტიამ სპეციალური მიმართვაც მოამზადა საქართველოს მთავრობის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის სახელზე, რომელიც იმავე დღეს უწყებაში წარადგინეს და მოითხოვეს იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.



alt    
აქციაზე მყოფი ჟურნალისტები ხელს აწერენ მიმართვას, რომელიც შსს-ში უნდა შეიტანონ. 21 ივნისი, თბილისი. ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

 

შსს-ს პრესსამსახუში მედიაჩეკერს უთხრეს, რომ ქარტიის განცხადება პროკურატურაში გადაამისამართეს.

პროკურატურის პრესსამსახურში დაგვიდასტურეს, რომ დაშავებული ჟურნალისტების საქმეზე ცალკე გამოძიება არ მიმდინარეობს. მედიის წარმომადგენლების შემთხვევებსაც, სხვა დაშავებულების საქმესთან ერთად, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლით იძიებენ. მათივე ინფორმაციით, საქმეზე ასეულობით პირია გამოკითხული, მათ შორის წერილში დასახელებული მედიის წარმომადგენელთა უმრავლესობა, უკვე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.

“მიმდინაროებს საქმეზე მოპოვებული ვიდეო-აუდიო მტკიცებულებების დამუშავება და ანალიზი, ამოღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები”, - გვიპასუხეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ