38 დაშავებული მედიის წარმომადგენელი და ჟურნალისტების აქცია თბილისსა და საქართველოს 12 ქალაქში
22.06.2019
“ნუ გვესვრი”, “გამოიძიე” - 21 ივნისს, თბილისსა და საქართველოს 12 ქალაქში, ჟურნალისტებმა შსს-სა და ადგილობრივი სამმართველოების შენობებთან საპროტესტო აქციები გამართეს. ჟურნალისტებმა იმ სამართალდამცველების გამოვლენა და დასჯა მოითხოვეს, რომლებიც 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციაზე მომუშავე ჟურნალისტებსა, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ, სცემდნენ და დამიზნებით ესროდნენ.

alt
თბილისში ჟურნალისტებმა აქცია შსს-ს გარდა, მთავარი პროკურატურის შენობასთანაც გამართეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ დარბევისას დაჭრილი და დაშავებული ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების ფოტოები, და დაშავებულთა სია. ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე საყვირებითა და სიმბოლურად შავი პირბადეებით მივიდნენ. (აქციის დარბევისას სპეცრაზმი ინტენსიურად იყენებდა ცრემლსადენ გაზს და არაერთმა ჟურნალისტმა მიიღო ინტოქსიკაცია).
 
 
რეგიონებში აქცია შემდეგ ქალაქებში გაიმართა: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ქუთაისი, ხარაგაული, ოზურგეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ნინოწმინდა, მარნეული და თელავი.

საპროტესტო აქცია თბილისსა და რეგიონებში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინიციატივით გაიმართა. ქარტიის ინფორმაციით, თბილისში გამართულ აქციაზე მედიის 38 წარმომადგენელი დაშავდა. დაშვებულები ამბობენ, რომ მიუხედვად იმისა, რომ მათ ჰქონდათ შესაბამისი სიმბოლიკა, რაც მათ პროფესიას აღნიშნავდა, სპეცრაზმი მათ მაინც დამიზნებით უშენდა რეზინის ტყვიებს.

alt
აქციაზე ყოფნის დროს, 21 ივნისის დღის 3 საათისთვის იდენტიფიცირებული იყო 31 დაშავებული, ქარტია ეტაპობრივდ იღებდა მონაცემებს მედიასაშუალებებისგან.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სპეციალური მიმართვაც მოამზადა საქართველოს მთავრობის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის სახელზე. მიმართვაში დასახელებულია ყველა დაშავებული.

“მოვითხოვთ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში;

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებისა და ხელშეშლის ფაქტებზე”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

თბილისში გამართული აქციის მონაწილეებმა აქციაზევე მოაწერეს ხელი მიმართვას და უწყებაში შეიტანეს.

alt


დაშავებულთა სია:


  1. გურამ მურადოვი - ფოტოგრაფი, civil.ge - 11 ტყვია აქვს მოხვედრილი ზურგში;
  2. თამარ ბაღაშვილი - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.
  3. გიორგი სულაშვილი - რუსთავი 2, დაცვის წევრი - დაკარგა თვალი, აქვს ყბის ძვლის მოტეხილობა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
  4. ტატო გურგენიძე - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
  5. ლევან მელიქიძე - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
  6. თაზო თხილიშვილი - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;
  7. თეონა ცხომელიძე - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - ბარძაყში ესროლეს რეზინის ტყვია;
  8. ქეთა ციცქიშვილი - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - მიიღო ფეხის მსუბუქი დაზიანება;
  9. ბესლან კმუზოვი - ჟურნალისტი, კავკაზსკი უზელი - მოხვდა რეზინის ტყვია სახის არეში;
  10. მაკა ანთიძე - როიტერის ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიაში - მოხვდა აგურის ნატეხი ზურგში, დაზიანებული აქვს ნეკნი;
  11. დავით ახალაძე - ოპერატორი, ტვ პირველი - რეზინის ტყვია მოხვდა ცხვირში და მიიღო სხეულის დაზიანება.
  12. ზურაბ კოკაია - ოპერატორი, ტვ პირველი - რეზინის 2 ტყვია მოხვდა ლოყაზე და მუცელში;
  13. ქეთევან გრიგორაშვილი - ჟურნალისტი, ტვ პირველი - პოლიცია ხელს უშლიდა მუშაობაში, ჟურნალისტი აირით მოწამვლის გამო, 2-ჯერ მოხვდა რეანომობილში.
  14. ალექსი მეგრელიშვილი - ჟურნალისტი, ტვ პირველი - სპეცრაზმის წარმომადგენელმა ჩაარტყა ხელში ე.წ. „დუბინკა“.
  15. ლიკა უროტაძე - ჟურნალისტი, ტვ პირველი - რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ფეხზე მიიღო დაზიანება.
  16. დავით ყაჯრიშვილი - მძღოლი, ტვ პირველი - საფეთქელთან მოხვდა რეზინის ტყვია;
  17. ანა ვახტანგაძე - ჟურნალისტი, on.ge - ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
  18. გელა ბოჩიკაშვილი - ჟურნალისტი, on.ge - მკერდში მოხვდა რეზინის რამდენიმე ტყვია;
  19. გვანცა ნემსაძე - ჟურნალისტი, on.ge - ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;
  20. დათო ქოქოშვილი - ჟურნალიტი, ნეტგაზეთი - კისერში მოხვდა რეზინის ტყვია;
  21. გიორგი დიასამიძე - ჟურნალისტი, ნეტგაზეთი - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებმა;
  22. ნიკა მუხიგულიშვილი - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - სამართალდამცავებმა სცემეს და დააკავეს გადაღების დროს;
  23. გიორგი პაჭიკაშვილი - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;
  24. გიორგი ოსაძე - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;
  25. კახა ჯონჯუა - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;
  26. ლიკა ალელიშვილი - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება მიიღო ფეხის არეში;
  27. მარი ნიკურაძე - ჟურნალისტი, OC Media - მოხვდა რეზინის ტყვია;
  28. გიორგი ჭუმბურიძე - ოპერატორი, რადიო თავისუფლება - რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
  29. ილია სამურგანიდი - ოპერატორი, რადიო თავისუფლება - რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;
  30. თორნიკე კოშკაძე - ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი - რეზინის ტყვია მოხვდა სახის არეში;
  31. ეკა აბაშიძე - ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი - რეზინის ტყვია მოხვდა ხელში;
  32. გიორგი ხუხია - ჟურნალისტი, მაესტრო- რეზინის ტყვიის შედეგად მიიღო დაზიანება.
  33. ნინო ხოზრევანიძე - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო - მოხვდა რეზინის ტყვიები წელისა და ფეხის არეში
  34. კოტე გრიგალაშვილი - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო- მოხვდა სამი რეზინის ტყვია
  35. ბექა აშორტია - ოპერატორი, იმედი - მოხვდა სამი ტყვია. დაზიანებული აქვს ფეხი
  36. თომა ონიანი - ოპერატორი, იმედი - მოხვდა რეზინის ტყვია
  37. ნიკა პატარაია - ოპერატორი, იმედი - მოხვდა რეზინის ტყვია
  38. დიტო ყირიმლიშვილი - ჟურნალისტი, იმედი - მოხვდა რეზინის ტყვია ფეხში

***

საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალურ ასამბლეას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გაუძღვა. ამ ფაქტს მოქალაქეთა და ოპოზიცისს აღშფოთება მოჰყვა. “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა ასამბლეის მონაწილეებს სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, მოქალაქეებმა კი სოციალური ქსელით პარლამენტთან საპროტესტო აქცია დააორგანიზეს.

ხალხმრავალი საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. ჟურნალისტების გარდა დაშავდა ათეულობით აქციაზე მყოფი მოქალაქე. დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცველებიც. 305 მოქალაქე კი პოლიციამ დააკავა სხვადასხვა ბრალდებებით.

საპროტესტო აქციები თბილისსა და 12 ქალაქში

 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი; მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ