"პუბლიკა" - "ლიბერალიდან" წამოსულმა გუნდმა ახალი მედია დააფუძნა
18.10.2019

გამოცემა „ლიბერალიდან“ წამოსულმა გუნდმა ახალი მედია დააფუძნა. „პუბლიკა“ - ასე ჰქვია ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ონლაინგამოცემას, რომლის ფეისბუქის გვერდი დღეიდან, 18 ოქტომბრიდან ჩაეშვა, საიტი კი, რომლის მისამართი იქნება - Publika.ge , სავარაუდოდ მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

„ჩვენ ვართ ჟურნალისტები, რომლებიც ბოლო 7 წლის განმავლობაში, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორების, მრავალი პრესტიჟული კონკურსის ჟიურის და რაც მთავარია, მკითხველის აზრით, ვქმნიდით სანდო, კვალიფიციურ, მიუკერძოებელ, ღირებულებებზე ორიენტირებულ მედიაკონტენტს“, - წერენ გამოცემის ჟურნალისტები ფეისბუქის გვერდზე, ახალი გამოცემის შესახებ გამოქვეყნებულ ანონსში.


გუნდის წევრები ამბობენ, რომ მათგან აუდიტორია უნდა ელოდოსახალ ამბებს, სტატიებს, ფოტო, ვიდეო, აუდიომასალებს, ბლოგებს, თვალსაზრისებს, სიღრმისეულ რეპორტაჟებს - ყველა სახის მედიაკონტენტს, რომელიც სჭირდება ინფორმირებულ მოქალაქეს.

მათივე თქმით, ახალი, თანამედროვე, მრავალფუნქციური ვებგვერდის ასამუშავებლად, გუნდი ბოლო 3 თვეა მუშაობს.

“ლიბერალის” გუნდმა, 3-მა რედაქტორმა და 6 ჟურნალისტმა, გამოცემა 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში დატოვა. მათი სპეციალური განცხადებიდან, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა, იკითხება, რომ გუნდს შეუთანხმებლობა ჰქონდა გამოცემის მფლობელთან შორენა შავერდაშვილთან მედიასაშუალების მომავალთან დაკავშირებით. ასევე, არსებობდა განსხვავება ხედვებს შორის და “ლიბერალში” ამ გუნდის დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურული იყო.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ