'ოცნების' დაკომპლექტებული ბორდი რამდენიმე დღეში აჭარის ტელევიზიის ახალ დირექტორს აირჩევს
18.11.2019

ხვალიდან, 18 ნოემბრიდან, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე კონკურსი განახლდება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მაუწყებლის კერძო საჩივარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს  განჩინება, რომლითაც მეოთხე კონკურსი შეჩერებული იყო, გააუქმა. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი შიშობს, რომ მათი ვარაუდი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი დირექტორის შერჩევაზე, მართლდება. ამ ვარაუდის საფუძველს კი მათ საეჭვო სასამართლო პროცესები და “ქართული ოცნების” დაკომპლექტებული მრჩეველთა საბჭო აძლევს, - ბორდის 4 წევრიდან სამი “ქართული ოცნების” კვოტითაა არჩეული, მეოთხე, თამარ წილოსანი, რომელიც საბჭოში დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით მოხვდა,  არჩევისას აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი იყო. 

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის გიგა ჩხარტიშვილის განცხადებით, მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში საბუთების მიღება ხვალ 10:00 საათიდან დაიწყება და 20 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდება. კონკურსზე საბუთების მიღება ზუსტად იმ ვადით გაგრძელდება, რა ვადაც იყო დარჩენილი მეოთხე კონკურსზე - ანუ, ორი დღით.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
 
 
განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, 18 ნოემბერს გამოიტანა.  ამ განჩინების მიხედვით, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დირექტორის შესარჩევი კონკურსი შეჩერებული იყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, დირექტორობის ერთ-ერთმა მსურველმა, გიორგი კოხრეიძემ, 18 სექტემბერს, მეოთხე კონკურსის დასრულებამდე ორი დღით ადრე მიმართა. იგი ამბობდა, რომ მესამე კონკურსის გამარჯვებულია და დირექტორად მის გამოცხადებას ითხოვდა.

გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად მიღებულ კონკურსში სამივეჯერ მონაწილეობდა. პირველ ორ მცდელობაზე მას საბჭოს არცერთი წევრის ხმა არ მიუღია, მესამე კონკურსზე კი (რომლის კენჭისყრა 22 აგვისტოს გაიმართა) 2 ხმა მიიღო. მესამე კონკურსს საბჭოს 5 წევრიდან 4 ესწრებოდა და ამათგან ერთმა, ბეჟან გობაძემ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. კოხრეიძე ამბობდა, რომ რადგან ბეჟან გობაძე კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, ის ოთახში დამსწრის სტატუსით იმყოფებოდა, დანარჩენი სამი წევრიდან კი მას ორის, ანუ, უმრავლესობის ხმა ჰქონდა და ამიტომ, დირექტორად ის უნდა გამოეცხადებინათ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი – ბეჟან გობაძე ესწრებოდა მოსარჩელე გიორგი კოხრეიძის გასაუბრებას და ის წარმოადგენდა არა საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე კონკურსის ჩასატარებელ ოთახში უბრალო დამსწრე, დაინტერესებულ პირს, როგორც ამას მოსარჩელე მიიჩნევს, არამედ იგი, როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრი, აქტიურად იყო ჩართული მასთან გასაუბრების პროცესში, რაც ნათლად არის ასახული ვიდეო ჩანაწერში და აბსოლიტურ თანხვედრაშია კერძო საჩივრის ავტორის მიერ გადმოცემულ განმარტებასთან”.

ამავე განჩინების მიხედვით, როგორ უნდა შეფასდეს ბეჟან გობაძის მხრიდან კენჭისყრაში მონაწილოების არმიღება, ეს სასამართლოს არსებითი განხილვის ეტაპზე უნდა შეფასდეს.

 

ვინ და როდის აირჩევს ახალ დირექტორს

კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღების დასრულებიდან, მრჩეველთა საბჭოს, ახალი დირექტორის შესარჩევად 10-დღიანი ვადა აქვს. როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე “მედიაჩეკერთან” განმარტავს, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, დირექტორის შესარჩევად კენჭისყრა როდის გაიმართება: “ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი განაცხადი შემოვა, საბუთების გადარჩევას, პრეტენდენტების კვალიფიკაციის დადგენას რა დრო დასჭირდება. თუ ბევრი განაცხადი არ იქნება, მალევე დაინიშნება სხდომა და მალევე იქნება კენჭისყრა”.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა 21 ნოემბერს, 14:00 საათზეა ჩაინიშნული.

მართალია, კონკურსზე განაცხადების მიღება ჯერ კიდევ მრჩეველთა საბჭოს ძველი შემადგენლობის დროს დაიწყო, მაგრამ ახალ დირექტორს უკვე ახალი ბორდი შეარჩევს. მრჩეველთა საბჭოში ამ ეტაპზე 4 წევრია, ოთხი წევრიდან სამი - სოსო სტურუა, თამილა დოლიძე და გიგა ჩხარტიშვილი ''ქართული ოცნების'' კვოტით, ხოლო ერთი თამარ წილოსანი კი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით არის შესული. წილოსანი, ამავე დროს,  არჩევისას უმაღლესი საბჭოს მოქმედი თანამშრომელი იყო, -  ადამიანის უფლებათა დაცვის  კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე.

საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილია. იგი ერთ-ერთი საბჭოს იმ ორ წევრს შორის, რომლებმაც მიმდინარე წლის 10 აპრილს იმდროინდელ ბორდს ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნით მიმართეს. მას შემდეგ მაუწყებელს დირექტორი არ ჰყავს და ამ მოვალეობას დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე ასრულებს.

მრჩეველთა საბჭოს ამ ეტაპზე არ ჰყავს მეხუთე წევრი, მის შესარჩევად  აჭარის უმაღლესმა საბჭომ განმეორებითი კონკურსი უკვე გამოაცხადა. ამ კვოტით კანდიდატი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა წარადგინოს, რომელმაც წინა კონკურსზე კანდიდატის წარდგენაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა კანდიდატებს გასაუბრებოდნენ.

 

რითი მყარდება მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილის შიშები

 

ბორდის ამგვარი შემადგენლობა მთავარი საფრთხეა მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილისთვის, რომელთაც პროტესტი ღია ეთერში არაერთხელ გამოხატეს. ისინი ფიქრობენ, რომ "ოცნებისგან" შერჩეული მრჩევლები ხელისუფლებისთვის სასურველ დირექტორს შეარჩევენ.  პროცესებში ხელისუფლების ფარულ მონაწილეობაზე ეჭვს სასამართლოს გადაწყვეტილებებიც აჩენს. 

alt

ეს ყველაფერი ცხადად ჩანს ქრონოლოგიაშიც,  -   დირექტორობის პრეტენდეტმა, გიორგი კოხრეიძემ სასამართლოს 18 სექტემბერს მიმართა, ორი დღით ადრე იქამდე, ვიდრე კონკურსში განაცხდების მიღება დასრულდებოდა. იმ დროისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ კონკურსში მონაწილეობას აპირებდა მაუწყებლის დირექტორის ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძე.  23  სექტემბერს ბათუმის სასამართლომ კონკურსი შეაჩერა.  ამ პროცესებიდან ერთი თვის შემდეგ, 24 ოქტომბერს უმაღლესმა საბჭომ ბორდი დააკომპლექტა, ამის შემდეგ კი, 18 ნოემბერს  ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ახალ მრჩევლებს ახალი დირექტორის არჩევის უფლება მისცა.
 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ