რა ხდება აჭარის ტელევიზიაში გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ
26.11.2019
გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის კონსულტატის პოზიცია მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა მარინა ვაშაყმაძემ დატოვეს. ამ ეტაპზე მაუწყებლის დატოვებას არ აპირებს დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე, რომელიც არხს თვეების განმავლობაში, უდირექტორობის პერიოდში ხელმძღვანელობდა და რომელსაც ახალმა დირექტორმა პირველივე დღეს მიანიშნა, რომ უნდა წავიდეს.

alt“არ ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ამ ბრძოლაში ჩემი კოლეგები უნდა მივატოვო… ბატონი კოხრეიძე ჯერ არ დამკავშირებია. მან მხოლოდ სატელევიზიო კომენტარი გააკეთა, რომ არის ჩემი გადასაწყვეტი.  ჩემი გადასაწყვეტი თუ არის, მაშინ მე ვაგრძელებ მუშაობას, ჩვეულებრივად ვრჩები და ვაკეთებ იგივეს, რასაც აქამდე ვაკეთებდი”, - ამბობს ნათია ზოიძე.

იგი მიიჩნევს, რომ გიორგი კოხრეიძის განცხადებები საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფციასთან შეუსაბამოა: “მე არ მგონია, რომ მან გამარჯვება ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მოიპოვა. რა თქმა უნდა, არ ვარ იმ არჩევანით მოხიბლული, რა არჩევანიც გაკეთდა, მაგრამ მე შევეცდები, რომ დავრჩე და გავაგრძელო მუშაობა ისე, როგორც აქამდე.”

“მედიაჩეკერის” კთხვაზე, როგორ აპირებს ახალ დირექტორთან თანამშრომლობას, ნათია ზოიძე გვპასუხობს:   “ჩვენი თანამშრომლობის საფუძველი არის მაუწყებლობის შესახებ კანონი.  შევასრულებ იმას, რაც მევალება და, შევეცდები,  როგორც ვმუშაობდი ბოლო 6 თვის განმავლობაში, ისევ ისე გავაგრძელო".

altზვიად ქორიძემ, რომელიც არხზე ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ მიიწვია და რომელიც იანვრიდან ამ დრომდე მაუწყებლის მართვის მოდელზე, სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე მუშაობდა, ღიად განაცხადა, რომ ტელევიზიას ახალი დირექტორის გამო ტოვებს.

“ვიყავი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კონსულტანტი, ეს შემოთავაზება იყო წინა დირექტორისგან და მაშინ გაფორმდა კონტრაქტი, ნათია კაპანაძის დროს. შემდგომ ნათია ზოიძე იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მასაც ჰქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი კონსულტანტი. ახლა უკვე ჩემი სურვილია, რომ არ მინდა ამ დირექტორის კონსულტირება. ამიტომ მე ცალმხრივად ვწყვეტ კონტრაქტს და დანარჩენი მასზეა დამოკიდებული”, - ამბობს ზვიად ქორიძე "მედიაჩეკერთან" საუბრისას.

ზვიად ქორიძის გარდა, მაუწყებლიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო მარინა ვაშაყმაძემაც, რომელიც აჭარის ტელევიზიაში, კონსულტანტის პოზიციას, 2018 წლის მარტიდან იკავებდა. მაუწყებელში იგი ტელე, რადიო და ვებპლატფორმების განვითარებაზე მუშაობდა. მანამდე, 12 წლის განმავლობაში, მარინა ვაშაყმაძე “რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობდა.

alt“მარინა ვაშაყმაძემ უშუალოდ იყო ჩართული აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ვებგვერდის კონცეფციის შექმნასა და ამ პროექტის განცხორციელებაში. ის მუშაობდა ახალი ამბების, ანალიტიკური თუ გასართობი გადაცემების განახლებაზე. მისი ინიციატივით გაკეთდა ახალი სოციალური პროექტი - "ათვლის კუთხე". მუშაობდა მაუწყებლის ყველა რგოლთან, ჟურნალისტებისა და პროდიუსერებისთვის ატარებდა შიდა ტრენინგებს. ასევე, აქტიურად იყო ჩართული დონორებთან, უცხოურ მაუწყებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში და წარმოადგენდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს”, - ვკითხულობთ აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე.

თავად გიორგი კოხრეიძე ჯერჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს: “ჯერ ჩემი ტელევიზიისთვისაც არ მიმიცია კომენტარი, მიუხედავად იმისა, რომ საფუძველი ძალიან ბევრი მაქვს. დილიდან ვხვდები თანამშრომლებს, პრინციპულად ასე მაქვს გადაწყვეტილი - ჯერ ხალხი და შემდეგ კომენტარები.”

კოხრეიძის განცხადებები აშინებთ მაუწყებლის თანამშრომლებს, რომლებმაც დირექტორის არჩევამდეც არაერთხელ გაანცხადეს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრებოდა.

“6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების გარდა, ჩვენს შეშფოთებას იწვევს დღეს არჩეული დირექტორის პირველი ინტერვიუ, რომელშიც გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ მაუწყებელში არის კონკრეტული ადამიანი, ვისთან თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, საუბარია ნათია ზოიძეზე… ვფიქრობთ, რომ კოხრეიძის განცხადება იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ყველაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში არის ჯანსაღი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, არის ნიშანდობლივი სიგნალი”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საინფორმაციო სამსახურმა 22 ნოემბერს გაავრცელა.

altგიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 22 ნოემბრიდან ხელმძღვანელობს, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ, განმეორებით კენჭისყრაზე, იგი დირექტორად აირჩია.

გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად მიღებულ კონკურსში ოთხივეჯერ მონაწილეობდა. თუმცა, პირველ ორ მცდელობაზე მას საბჭოს არცერთი წევრის ხმა არ მიუღია. მესამე კონკურსზე კი, რომელშიც საბჭოს 5 წევრიდან მხოლოდ 3 მონაწილეობდა, კოხრეიძემ 2 ხმა მიიღო. იგი ამბობდა, რომ რადგან ბორდის ერთი წევრი - ბეჟან გობაძე კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, დანარჩენი სამი წევრიდან კი მას ორის, ანუ, უმრავლესობის ხმა ჰქონდა და ამიტომ, დირექტორად ის უნდა გამოეცხადებინათ. სწორედ მისი სარჩელის საფუძველზე შეჩერდა დირექტორის შესარჩევი მეოთხე კონკურსი, რომლის გაგრძელების უფლება მრჩეველთა საბჭომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ