"ლიბერალმა" მუშაობა შეწყვიტა
12.12.2019

2019 წლის დეკემბრიდან ონლაინგამოცემა „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა.  ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თავად გამოცემის გვერდზე გამოქვეყნდა.  განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა. 

ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნისში,  მფლობელის, შორენა შავერდაშვილის შეთავაზების საფუძველზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც ყოფილმა გუნდმა, მფლობელთან შეუთანხმებლობის მოტივით, გამოცემა დატოვა.

"ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ „ლიბერალისთვის” გარდამავალი პროცესი რთული აღმოჩნდა. წინა სარედაქციო ჯგუფის წასვლამ მედია სივრცისა და საზოგადოების დიდ ნაწილში ეჭვი და კითხვები გააჩინა. ჩვენ გვესმის, რომ „ლიბერალის” პრინციპულ და სკეპტიკურ მკითხველსა თუ საკითხით დაინტერესებულ პირებს - მათ, ვინ ღელავს რედაქციისა თუ ჟურნალის მდგრად განვითარებაზე - ბუნებრივი და ლეგიტიმური კითხვები გაუჩნდათ. სამწუხაროდ ეს ახალი სარედაქციო გუნდისა და „ლიბერალის” მფლობელის მიმართ უნდობლობაში ითარგმნა", - ვკითხულობთ გამოცემის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  სირთულეების მიუხედავად, ახალმა გუნდმა ჟურნალის უწყვეტ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა აიღო და მუშაობა განაგრძო იმ რწმენით, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული მასალა პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებულ ეჭვებს თავისთავად გააქარწყლებდა. ეტაპობრივად, გამოცემის ირგვლივ  რედაქტორთა და ავტორთა ახალი გუნდი შეიკრიბა: " ჩვენი სურვილი „ლიბერალის” სარედაქციო ღერძის გაგრძელება იყო. მოვალეობად მიგვაჩნდა „ლიბერალისთვის” დამახასიათებელი ხარისხისა და უკომპრომისობის შენარჩუნება და იმ ჟურნალისტური პრინციპების დაცვა, რამაც „ლიბერალის” მრავალწლიანი წარმატება და ქართულ მედიასივრცეში მისი უნიკალური ადგილი განაპირობა"

ამავე განცხადების მიხედვით, ამ პროცესების პარალელურად,  „ლიბერალი" ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა:  "დონორმა ორგანიზაციებმა, რომლებიც წლების მანძილზე „ლიბერალის" ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ, გარდამავალ პროცესში ჟურნალთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. აუცილებელი გახდა დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება.

„ლიბერალისთვის” მდგრადი საორგანიზაციო მოდელის შესაქმნელად ჩვენ რამდენიმე ფინანსურ და იურიდიულ მოდელს განვიხილავდით. თუკი ფინანსური მდგრადობის პასუხისმგებლობა მთლიანად სარედაქციო (აღმასრულებელ) გუნდს დაეკისრებოდა, საჭიროდ ჩავთვალეთ მფლობელობის შესაბამისი, ხელახალი გადანაწილება, რომ მკაფიო ყოფილიყო პოტენციურ დონორებთან და მკითხველთან ანგარიშვალდებულების პირობები. სამწუხაროდ მფლობელთან შეთანხმება ვერ შედგა. ამის გამო, მოცემულ მომენტში, ლიბერალი წყვეტს ფუნქციონირებას", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ წერილში.


"ლიბერალის" შესაძლო დახურვის შესახებ ინფორმაცია პირველად დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა.  

“გვაქვს ფინანსური პრობლემები, რომელთან გამკლავებასაც ვცდილობთ. როგორ გავუმკლავდებით ამ პრობლემებს, ამაზეა ბევრი რაღაც დამოკიდებული”- თქვა შორენა შავერდაშვილმა ტელეკომოანია “ფორმულასთან” საუბრისას. “მედიაჩეკერს” კი მაშინ განუცხადა, რომ ლიბერალთან დაკავშირებით იმ ეტაპზე საჯარო კომენტარებს არ აკეთებდა.  შორენა შავერდაშვილთან დაკავშირება დეტალების დასაზუსტებლად, "მედიაჩეკერმა" ამჯერადაც სცადა,  თუმცა, მან განაცხადა, რომ დამატებით საჯარო კომენტარებს არც ამჯერად აკეთებს. 

"ლიბერალზე" ბოლო ამბავი 29 ნოემბერს არის გამოქვეყნებული. 

6-წლიანი მუშაობის შემდეგ,  “ლიბერალის” ყოფილმა გუნდმა, 3-მა რედაქტორმა და 6 ჟურნალისტმა, გამოცემა მიმდინარე წლის ივნისში დატოვა. მათი სპეციალური განცხადებიდან, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა, იკითხება, რომ გუნდს შეუთანხმებლობა ჰქონდა გამოცემის მფლობელთან შორენა შავერდაშვილთან მედიასაშუალების მომავალთან დაკავშირებით. ახალი სარედაქციო გუნდი, ხედვა და მიზნები  საზოგადოებას მფლობელმა 6 აგვისტოს წარდუგინა. იმ განცხადებაში ნათქვამი იყო,  რომ გუნდი განახლებულ მარკეტინგულ სტრატეგიასა და ვებგვერდზე მუშაობდა და განახლებულ პლატფორმის წარდგენას შემოდგომის ბოლოს გეგმავდა.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ