ქარტია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებით
05.03.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემაშფოთებლად აფასებს აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებით.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები უკიდურესად შემაშფოთებელია და მენეჯმენტის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები მიმართულია არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ”, - ვკითხულობთ ქარტიის მიერ 5 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად გიორგი აბაზაძე დაინიშვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაუწყებელში მიმდინარე საკადრო ცვლილებები დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.

“მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა, ისევე როგორც სხვა საკადრო ცვლილებები, არის გაუმჭირვალე. უცნობია, რომელი კრიტერიუმებით და რა გამოცდილების გამო შეირჩა გიორგი აბაზაძე ამ პოზიციაზე. სამწუხაროა, რომ დირექტორი გიორგი კოხრეიძე ანგარიშს არ უწევს ახალი ამბების გუნდს, რომელიც ერთსულოვანია და არ მოსწონს შერჩეული კანდიდატი. ისინი მიიჩვენევენ, რომ დირექტორის გადაწყვეტილება ემსახურება მათი სამსახურის გუნდის გახლეჩვას, მით უფრო იმ ფონზე რომ თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვა დაანონსა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და სექსისტური შენაარსის გზავნილებით გამოირჩევა, ორგანიზაციის განმარტებით, ეს დაუშვებელია, რადგან პირველ რიგში საზოგადოებრივი მაუწყებელია ვალდებული დაიცვას ეთიკური სტანდარტი.

ქარტია ასევე მოუწოდებს ტელევიზიის მენეჯმენტს, რომ განმარტონ განხორციელებული ცვლილებების საჭიროებები და დაასაბუთონ მიღებული გადაწყვეტილებები.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ