აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას დროებით გიორგი აბაზაძე წაიყვანს
09.03.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებას თეონა ბაკურიძის ნაცვლად გიორგი აბაზაძე წაიყვანს. მისი თქმით, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანა, სავარაუდოდ, მხოლოდ ორ დღეს მოუწევს, ვიდრე თეონა ბაკურიძის საქმის მოკვლევა დასრულდება.

“ვიდრე დასრულდება მოკვლევა, არ ვიცი ეს ორი დღე გაგრძელდება თუ სამი დღე, იქამდე, სავარაუდოდ მე დავჯდები, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. როგორც ვიცი, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში უნდა დასრულდეს მოკვლევა, - განუცხადა მან “მედიაჩეკერს”.

დღეს, 9 მარტს, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ჟურნალისტი და შუადღის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თეონა თურმანიძე გაუძღვებოდა. ეს ინფორმაცია მან თავად გააჟღერა 15:00 საათიან გამოშვებაში.

alt“დილიდან ვიცოდით, რომ რვასაათიან გამოშვებას წაიყვანდა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი აბაზაძე. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა რედაქტორმა ფირუზ ბოლქვაძემ. თუმცა, სამსაათიანი ეთერის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, გიორგი აბაზაძემ შემომთავაზა, რომ რვასაათიან ეთერში დავჯდე დღეს. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილება, რადგან თეონა ბაკურიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დირექტორმა მიიღო პარასკევს, მათ ჰქონდათ სრული ორი დღე, რომ ეს შემოთავაზება გაეკეთებინათ.

მაგრამ, იმის გამო, რომ მაუწყებელი არის კრიზისში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება, ვთანხმდები მხოლოდ დროებით. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა გადაწყვეტილება არც იქნება მიღებული დირექტორის მხრიდან და თეონა ბაკურიძე რამდენიმე დღეში დაბრუნდება ეთერში”, - თქვა საინფორმაციო გამოშვებაში თეონა თურმანიძემ.

მედიაში ამ ამბის გავრცელებიდან მალევე, გავრცელდა მეორე ამბავიც, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვების დროებითი წამყვანობიდან თეონა თურმანიძეც მოხსნეს. როგორც გამოცემა “ბათუმელებთან” თურმანიძე ჰყვება, მას აბაზაძემ უსაყვედურა ამბის გასაჯაროება, იმ მოტივით, რომ მასთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა თანხმობა.

"ბათუმელების" თანახმად, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ აბაზაძეს ჰქონდა მოლოდინი, რომ თურმანიძე ამ შეთავაზებას არ დასთანხმდებოდა და "დემოკრატია გაითამაშა"

“მედიაჩეკერთან” საუბარში გიორგი აბაზაძე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო და თეონა თურმანიძეს მასთან შეთანხმების გარეშე, პირდაპირ ეთერში არ უნდა გაეჟღერებინა, რომ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ის წაიყვანდა:

“ეს გადაწყვეტილება არც იყო მიღებული. მე შევთავაზე თეონა თურმანიძეს, წაიყვანდა თუ არა მთავარ გამოშვებას, შემდეგ მან მითხრა, რომ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, ამის შემდეგ, 3 საათზე, როცა იწყებოდა საინფორმაციო გამოშვება, ისევ ჩავედი სტუდიაში და მან მითხრა, რომ კიდევ მიმეცა დრო მოსაფიქრებლად. თუ ის მეტყოდა უარს, მაშინ მე დროზე უნდა მიმეღო ზომები. ამის შემდეგ, მან მითხრა, რომ მომწერდა, შემეხმიანებოდა და ტელეფონზე, 4-ის 20 წუთზე ზუსტად, გამომიგზავნა შეტყობინება, ჯერ მითხრა, რომ თუ შემეძლო დღეს ჯერ მე დავმჯდარიყავი ეთერში და ხვალ თვითონ დაჯდებოდა, ხოლო ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში კიდევ მოუწერია შეტყობინება, რომ ის დაჯდებოდა დღესაც ეთერში. მე ეს შეტყობინება არ მქონდა ნანახი და არ მითქვამს პასუხი. მან პირდაპირ ეთერში გამოაცხადა ეს და ამის გამო მე მას ვუთხარი, რომ არ უნდა ეთქვა ეს პირდაპირ ეთერში, ჯერ ჩემთან უნდა შეეთანხმებინა და ამის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება”, - ამბობს გიორგი აბაზაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე ეთერიდან 6 მარტს მოხსნა. დირექტორის ბრძანების მიხედვით, თეონა ბაკურიძეს დღეიდან, 9 მარტიდან დროებით აეკრძალა საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულება. დირექტორის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შელაპარაკება ჟურნალისტებსა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი აბაზაძეს შორის. დირექტორი ირწმუნება, რომ თეონა ბაკურიძე ფსიქოლოგიურად აიძულებდა გიორგი აბაზაძეს განცხადება დაეწერა და სამსახურიდან წასულიყო.

მედიასამართლის იურისტები დირექტორის ბრძანებას უსაფუძვლოსა და დაუსაბუთებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის პრობლემურია. უკვე ცნობილია, რომ თეონა ბაკურიძე დირექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თეონა ბაკურიძის, ასევე მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის ინტერესებს სასამართლოში EMC დაიცავს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ