33 ორგანიზაცია აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებას სთხოვს
17.03.2020
ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე 33 ორგანიზაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს საგანგაშოდ აფასებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებასა და მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის პოლიტიკურ მხარდაჭერას სთხოვს.

ორგანიზაციები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ევროპარლამენტის წევრებს, ეუთოს, Human Rights Watch-ის, Freedom House-ის, რეპორტიორები საზღვრების გარეშე და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავენ.

“მაუწყებელში მიმდინარე პროცესებისა და საერთო პოლიტიკური და მედია კონტექსტის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით:

1. დაინტერესდეთ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკური, სარედაქციო და შრომითი უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებული პროცესებით და საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე ყველა რელევანტურ პოლიტიკურ და საერთაშორისო ფორმატებში დააყენოთ აჭარის მაუწყებლის საკითხი;

2. თქვენი მანდატის ფარგლებში მიიღოთ შესაბამისი ზომები (საჯარო გამოხმაურება, მიმართვა მთავრობასთან და ა.შ.) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად და მაუწყებლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული პროცესების შესაჩერებლად.”

ორგანიზაციების შეფასებით, გიორგი კოხრეიძემ, რომელიც აჭარის ტელევიზიის დირექტორად საეჭვო პროცედურით და კონტექსით არის არჩეული, არსებითად დაასუსტა მაუწყებელში კრიტიკული შინაარსის შემქნელი საკვანძო რგოლი.

მიმართვაში, რომელიც ორგანიზაციებმა დღეს, 17 მარტს გაავრცელეს, ქრონოლოგიურად არის აღწერილი მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები - დირექტორის მოადგილის ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლა, მაია მერკვილაძის ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გათავისუფლება და, არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა, ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს სამსახურიდან გათავისუფლება.

“ცხადია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც სარედაქციო გუნდში მაღალი პოზიციებისა და ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების მქონე თანამშრომლებს შეეხოთ, შრომითი უფლებების უხეში დარღვევის მიღმა, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის და მასზე კონტროლის მოპოვების აშკარა ნიშნებს ატარებს. მაუწყებელში შექმნილი მძიმე სამუშაო გარემო და მენეჯმენტის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ეს ჯაჭვი, ჟურნალისტებსა და თანამშრომლებში აჩენს დასაბუთებულ შიშებს, რომ დამოუკიდებელი კადრების წმენდის და სარედაქციო პოლიტიკაში ინტერვენციის პრაქტიკა გაგრძელდება და ეს მაუწყებელზე ხელისუფლების კონტროლს საბოლოოდ გააფორმებს,” - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები, ასევე, იმ პროცესებზე საუბრობენ, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ მაუწყებელში განვითარდა. მიმართვაში ნათქვამია, რომ 2019 წლის გაზაფხულიდან მაუწყებელში განვითარებული მოვლენების დინამიკა და კონტექსტი, მათ შორის, ნათია კაპანაძის უსაფუძვლო იმპიჩმენტი, გიორგი კოხრეიძის არჩევის პრობლემური წესი და პროცედურა, მანამდე მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული განცხადებები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აჩვენებს, რომ ხელისუფლება მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს და მისი მიზანია მისი კრიტიკულობის და დამოუკიდებლობის შესუსტება.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ