კრიტიკული აზრის დევნა, პროფკავშირის დასუსტება, დამოუკიდებლობის ნგრევა - EMC აჭარის TV-ში განვითარებული მოვლენებზე
12.05.2020

"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარისა და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანის მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება მაუწყებელში კრიტიკული აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებაა, რომელიც უკვე შემაშფოთებელ ფორმას იღებს", -  ასე ეხმიანება EMC მორიგ საკადრო ცვლილიებას აჭარის ტელევიზიაში.

 შეგახსენებთ, თეონა თურმანიძის შემდეგ, ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, სამსახურიდან გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილიც გაათავისუფლა. ფეისბუკის პოსტი, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების საბაბი გახდა, მან 21 აპრილს გამოაქვეყნა და ამ პოსტით იგი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურის რეპორტიორისა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის აქტიური წევრის თეონა თურმანიძის წინააღმდეგ დირექტორის მიერ უსამართლო და უსაფუძვლო დისციპლინურ დევნას გამოეხმაურა.

მალხაზ რეხვიაშვილმა, თეონა თურმანიძესთან ერთად გამოთქვა მოსაზრება, რომ თეონა თურმანიძის დისციპლინური დევნა დირექტორის იმ ბრძანების საფუძველზე მოხდა, რომელიც მაუწყებლის თანამშრომლების ქცევის ახალ წესებს ადგენს და გამოხატვის თავისუფლების თვითნებურ და არაპროპორციულ შეზღუდვებს აწესებს. მაუწყებლის დირექტორმა თეონა თურმანიძის მიმართ ახალი ბრძანების გამოყენების ფაქტი უარყო და მალხაზ რეხვიაშვილს ჯერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა, ხოლო შემდგომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რაც რეხვიაშვილის მხრიდან ცილისმწამებლური და მაუწყებლისთვის რეპუტაციული ზიანის მომტანი ინფორმაციის გავრცელების არგუმენტით დაასაბუთა.

"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძანება პროფესიული კავშირის თავმჯდომარის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს და არამხოლოდ შრომითი კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის მიღებული, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევისა და პროფესიული კავშირების წევრთა დევნისა და შევიწროების თვალსაჩინო და საშიში ილუსტრაციაა", - ვკითხულობთ EMC-ის განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მალხაზ რეხვიაშვილის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი არ შეიძლება შეფასდეს როგორც ცილისწამება, რადგან მისი შინაარსი წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას და მასში არ არის მითითებული არსებითად მცდარი ფაქტი.

"თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სტატუსი ეხება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, რაზეც საზოგადოების მნიშვნელოვანი ყურადღებაა მიმართული და პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეს გაერთიანების წევრების შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოხმაურების და დაცვის ვალდებულება აქვს, გავრცელებული მოსაზრება სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში და მისი ავტორის აბსოლუტურად დაცულ უფლებას წარმოადგენს. აქვე უნდა ითქვას, რომ მაუწყებლის დირექტორის ბრალდება ცილისწამების თაობაზე საფუძველს მოკლებულია, რამდენადაც არ დასტურდება მაუწყებლისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკით, ცილისწამების დადგენისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატორმა უნდა ამტკიცოს არამხოლოდ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა, არამედ ისიც, რომ მან კონკრეტული ზიანი განიცადა, რაც მოცემულ საქმეში სახეზე არაა", - აცხადებენ EMC-ში.

ორგანიზაციის განცხადებითვე, ცხადია, რომ პროფესიული კავშირის თავმჯდომარის წინააღმდეგ წარმოებული დისციპლინური დევნა წარმოადგენს მაუწყებლის დირექტორის თვითნებურ და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას შრომითი კანონმდებლობის კუთხითაც. 

"საქმის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან არ იყო დაცული კანონით გათვალისწინებული აუცილებელი პროცედურა და დარღვევის არსებობის შემთხვევაშიც კი, სასჯელი - სამსახურიდან გათავისუფლება, ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპს.
 
მეტიც, ჟურნალისტების დევნის ფაქტები მიუთითებს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან არამხოლოდ შრომით ურთიერთობებში უკანონო ინტერვენციას, არამედ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (დევნის) შემადგენლობას, რამდენადაც აშკარაა რომ მაუწყებლის დირექტორი სამსახურიდან დაუსაბუთებლად ათავისუფლებს, ან თვითნებურად დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მხოლოდ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს.

აშკარაა, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების საკითხი აგრეთვე უკავშირდება მას, როგორც ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეს, რამდენადაც ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, რომ გიორგი კოხრეიძე პროფკავშირის შექმნის შემდგომ სხვადასხვა ფორმით ცდილობს მათი საქმიანობის ხელშეშლას.

აღნიშნული ქმედება კი დევნის მიღმა, სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) ნიშნებზე მიუთითებს. ამდენად, მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ გიორგი კოხრეიძის საქმიანობით და მისი მხრიდან სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის არაერთი ფაქტით", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, EMC მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს, ისევე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და უწყებებში მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ