07.09.2020
აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა დროებით 5 სექტემბერს შეაჩერა, მას შემდეგ, რაც არხის ერთ-ერთ თანამშრომელს Covid-19 დაუფიქსირდა. ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ტრანსლირება მიმდინარეობდა.

არხის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მიიღეს. მედიაექსპერტები კი ამ გადაწყვეტილებით გაოცებული არიან და ამბობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მისი მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მაუწყებლობა არ უნდა შეეწყვიტა.

მისივე თქმით, მაუწყებლის მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში პანიკა დათესა: “თურმე, თუ ერთი ადამიანი არის დაავადებული, ამის გამო ორგანიზაციამ უნდა შეწყვიტოს მუშაობა. ეს, ჩემი აზრით, არის პანიკის შემცველი ელემენტი და გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო არხის მენეჯმენტმა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს”.
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაზრდილ როლზე პანდემიის პირობებში და ამბობს, რომ ამ ვალდებულების გარდაც, ასეთი პრაქტიკის დანერგვა საინფორმაციო სივრცისთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს: “ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე, რომელიც არ უნდა გაჩერდეს. ინფორმირება, პანდემიის პირობებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირება კი კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მატარებელია. ჩემთვის ასეთ სიტუაციაში მედიაორგანიზაციის გაჩერება იგივეა, რაც, მაგალითად, იქნებოდა საავადმყოფოს გაჩერება ადმინისტრაციის თანამშრომლის ინფიცირების გამო”.

მისივე თქმით, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია პანდემიაა და საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხისმგებელი იყო, რომ მზად დახვედროდა მსგავს შემთხვევებს: “რაც მოხდა, არ იყო მოულოდნელი, ეს არ არის ფორსმაჟორი, ჩვენ ვიცით, რომ პანდემიის პირობებში ვართ. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს თუ არ აქვს ალტერნატიული გეგმები როგორ მოიქცეს მაშინ, როდესაც რომელიმე თანამშრომელს უფიქსირდება კოვიდი, პატარა რეგიონულ მაუწყებლებსაც კი გვიფიქრია ამაზე და ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ”.
ზვიად ქორიძე პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ტრანსლირება მიმდინარეობდა: “პირველი არხის ყურება მაყურებელს ისედაც შეუძლია შესაბამის არხზე. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დანიშნულება ის არის, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ ადამიანებს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვით, რასაც უნდა იცავდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს არის მათი ფუნქცია და არა ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა გაიმეორონ - ამისთვის არ არსებობს აჭარის ტელევიზია და რადიო”.

აქვე, საინტერესოა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს პირიქით, პანდემიებისა და ასევე, საგანგებო მდგომარეობების დროს, გაზრდილი ვალდებულებები აქვს.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებაა საგანგებო სიტუაციის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირებისათვის საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემა. თეორიულად, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ინფორმაციის მიღების ერთადერთ წყაროდ საზოგადოებრივი მაუწყებელი მოგვევლინოს”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოშ, რომელიც საქართველოს ჟრნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ არის მომზადებული და კორონავირუსის გაშუქებას ეხება (თავი I - სამართლებრივი ასპექტების მიმოხილვა).

როგორც ონლაინგამოცემა “პუბლიკამ” გაარკვია, აჭარის მაუწყებლობის შეჩერება ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაცია იყო. ამის შესახებ გამოცემას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

ამ დროისათვის, აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას არასრული შემადგენლობით აგრძელებს. ერთი კოვიდ ინფიცირებული თანამშრომელი ბათუმის კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობს, სხვა არცერთს პირველადი ტესტით, ვირუსი არ დაუდასტურდა. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, 7 სექტემბრის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეში 12 თანამშრომელია გადაყვანილი, რამდენიმე კი იზოლაციაში იმყოფება.