რამდენიმე ოპოზიციონერის განცხადება საზმაუს გაუქმების შესახებ და მაუწყებლის გამოხმაურება
30.09.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს მოუწოდებს დააკვირდნენ მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და შეაფასონ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეის წინააღმდეგ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან განხორციელებული დისკრედიტაციის მცდელობა. მაუწყებლის მხარდაჭერისკენ დღეს მედიაკოალიციამ პოლიტიკურ პარტიებსაც მოუწოდა.

ეს განცხადებები მას შემდეგ გავრცელდა, რაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების შესახებ ისაუბრა. ამ თემაზე საუბარი პირველმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა დაიწყო.

28 სექტემბერს, ბოლნისში, სოფელ ნახიდურში, დაპირისპირება მოხდა „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა აქტივისტებს შორის. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამ შემთხვევის გასაშუქებლად მისულ მათ გადამღებ ჯგუფს, ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ოქრიაშვილმა, კითხვაზე პასუხის ნაცვლად უთხრა, რომ საქართველოს პირველი არხი უნდა გაუქმდეს: „მე ვფიქრობ, რომ პირველი არხი, რომელსაც 60 მილიონ ლარს ვაძლევთ ბიუჯეტიდან, უნდა გავაუქმოთ არჩევნების შემდეგ. რეიტინგი არ გაქვთ. 60 მილიონს გაძლევთ და რეიტინგი ნული გაქვთ“.



ოქრიაშვილის განცხადებას „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადება მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი შინაარსით არის ნონსენსი და გასაუქმებელია“.

თინა ბოკუჩავამ, ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი ოქრიაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ „დღევანდელი ოპოზიცია, ხელისუფლების დამარცხების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების საკითხზე იმსჯელებს“.

"აზრთა სხვადასხვაობა არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც იცით, რომ ადამიანების გადასახადების თანხებიდან ფინანსდება. სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი რეიტინგი მუდმივად ეცემა. ჩემი აზრით, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ამ ტელევიზიას არ გააჩნია სარედაქციო დამოუკიდებლობა... ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება, რომ ეს არხი გახდეს დამოუკიდებელი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყბელის სამეურვეო საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მაუწყებლის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა.

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს ესა თუ ის პოზიცია და საკუთარი აზრი საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მისი დაფინანსების ფორმებსა თუ კონცეფციაზე და ეს ჯანსაღი განხილვის თემა გახდეს, თუმცა წინასაარჩევნოდ, თანაც ფაქტების უხეში დამახინჯებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების მოთხოვნა არადემოკრატიულია, პოლიტიკური ანგაჟირების ელფერს იძენს და პირდაპირი თავდასხმაა არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეაზეც და შეიძლება შეფასდეს, როგორც მედიაზე განხორციელებული შეტევა“, - ვკითხულობთ სამეურვეო საბჭოს განცხადებაში.

სამეურვე საბჭო მომხდარს ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობადაც აღიქვამს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, როგორც მაუწყებლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ორგანო, მაქსიმალურად დაიცავს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას და თითოეული თანამშრომლის პროფესიულ და შემოქმედებით თავისუფლებას“, - აცხადებენ მრჩეველთა საბჭოში.

სამეურვეო საბჭო მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო სექტორს, დააკვირდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელთან დაკავშირებულ მიმდინარე მოვლენებს და შეაფასონ ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეის წინააღმდეგ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან განხორციელებული დისკრედიტაციის მცდელობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს დღეს განცხადებით გამოეხმაურა კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“. მედიაკოლაციამ პოლიტიკოსებს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ რომ საზოგადოებრივი მაუწყებლების - სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არსებობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. საზოგადოებრივი დაფინანსების ფარგლებში, აღნიშნული არხების განვითარება ჯერ კიდევ დიდი გამოწვევებით ხასიათდება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ შექმნან სათანადო გარემო მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" აგრძელებს მონიტორინგს, რათა საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა შეასრულონ კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობა“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.



ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ