ახალციხის მერმა Sk news-ის ჟურნალისტს მისთვის გადაღებული ფოტოების წაშლა მოსთხოვა
14.10.2020
„რა გინდათ, ვინ ხართ და რატომ დამდევთ, სურათებს რატომ მიღებთ, წაშალეთ სურათები“, - ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ, ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს ეკლესიაში, სვეტიცხოვლობის წირვის დროს გადაღებული სურათების წაშლა მოსთხოვა.

ჟურნალისტი იხსენებს, რომ მერი ეკლესიაში მხარზე ხელით შეეხო და ხმამაღალი ტონით მოსთხოვა მისთვის გადაღებული ყველა ფოტო წაეშალა. მერის ამ რეპლიკის შემდეგ, ჟურნალისტს ეკლესიაში მყოფი სხვა პირებიც დაუპირისპირდნენ. ერთმა მათგანმა რეპორტიორს ხელი გადაუგრიხა, მობილური და ხმის ჩამწერი დიქტოფონი წაართვა, მათი გადაგდებით დაემუქრა და ეკლესიის ეზოდან გაათრია.

 "სამხრეთის კარიბჭეს" მიერ შემთხვევის დროს ჩაწერილი აუდიომასალა  - მოქალაქე უპირისპირდება ჟურნალისტს


„ჩემი სურათი წაშალე თორემ... ახლა ამას [ტელეფონს და დიქტოფონს] გადაგიგდებ... მე ვერ გადამიღებ გენაცვალე, მოგზავნილი ხარ?! წაშალე თორემ ტუალეტში ჩავაგდებ, ზაზამაც გთხოვა [გულისხმობს მერს]ნუ იღებ! არ მოგცემ ტელეფონს, მიდი, დაუძახე პოლიციას, მკითხე რომ მიღებდი?! წადი შენი.. საიდან ჩამოეთრიე?! შენ ხარ ეშმაკი, წამოეთრიე პოლიციაში, - ისმის აუდიოჩანაწერში, როელიც გამოცემამ ამ თემაზე გამოქვეყნებულ მასალას დაურთო. „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქტორი თინათინ ზაზაძე ამბობს, რომ ეს აუდიომასალა სრული არ არის და ესეც მხოლოდ ის ნაწილია ამ მძიმე დაპირისპირებიდან, რისი ჩაწერაც ჟურნალისტმა შეძლო.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს ახალციხის მერიც ხედავდა, თუმცა, მას ამ აგრესიული მოქალაქისგან ჟურნალისტის დაცვა არ უცდია, მეტიც, მოგვიანებით, როდესაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, დაინახა თუ არა მომხდარი, უთხრა, რომ მას არაფერი დაუნახავს.

ვინ არის ეს მოქალაქე და რატომ დაუპირისპირდა ჟურნალისტს, რედაქციაში ამაზე პასუხი არ აქვთ. რედაქტორი ამბობს, რომ ეს ახალგაზრდა მათი სტატიების სამიზნეც კი არასოდეს ყოფილა.

რედაქტორს კონკრეტული პასუხი არც მერის გაღიზიანების მიზეზზე აქვს. ამბობს, რომ რაიმე კრიტიკულ მასალაზე, რაც ეკლესიაში შეკრებილებისა და მერის გაღიზიანებას გამოიწვევდა, არ მუშაობდნენ: „სტანდარტულად, რელიგიურ დღესასწაულზე, მორიგი, მშრალი ახალი ამბის გამოქვეყნება გვინდოდა და ვიფიქრეთ, რომ არქივის ფოტოს ნაცვლად კარგი იქნებოდა ახალი ფოტო გადაგვეღო“.

მისივე თქმით, ჟურნალისტს არც დიდხანს უმუშავია ეკლესიაში, რომ იფიქრონ, რომ ამან მრევლი გააღიზიანა: „მხოლოდ 4 ფოტო ჰქონდა გადაღებული, შეიძლება მაგდენიც არა. არც პერსნალურად მისი ფოტოა, მერი ხალხთან ერთად ჩანს. რაიმე განზრახვა კონკრეტულად მერის გადაღების, არ გვქონია“.

ერთადერთი, რაც თინათინ ზაზაძის თქმით, შეიძლება მერის აგრესიის მიზეზი გამხდარიყო, გამოცემის მიერ წინა დღეს გამოქვეყნებული მასალაა. სტატიაში საუბარია, რომ ახალციხეში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, რომლის 100%–იანი წილის მესაკუთრე ახალციხის მერია, აკრძალვის მიუხედავად სადღესასწაულო სუფრა გაშალეს. გამოცემის ინფორმაციით, რესტორანში ახალციხის საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა შვილიშვილის დაბადება აღნიშნა.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ შესაძლოა მერს სხვა მიზეზებიც ჰქონდა მათთან დაპირისპირების, ვინაიდან მერის მისამართით გამოცემის საიტზე არაერთი კრიტიკული მასალა იძებნება, თინათინ ზაზაძე ამბობს, რომ ყოველშემთხვევაში ამ დრომდე მერს მათი მისამართით გაღიზიანება არ გამოუვლენია.

თინათინ ზაზაძე ამბობს, რომ მოხდარის გამო მათ პოლიციისთვის ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა, ჟურნალისტს, რომელსაც ხელზე ეკეთა სამაჯური, მოქალაქე ისე მიათრევდა, ხელი ატკინა და ეს ეტყობა კიდეც. 

„მედიაჩეკერი“ შეეცადა ახალციხის მერისთვის ეკითხა, იცის თუ არა, რომ ჟურნალისტის მუშაობაში ხელშეშლა, სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა, მისი მობილური ტელეფონი გამორთულია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტების მუშაობაში ხელშელის ფაქტებმა უკვე ძალიან საშიში, ტენდენციის სახე მიიღო და ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ბოლო პერიოდის არცერთ მსგავს შემთხვევაზე, შესაბამისი შედეგი არ დამდგარა.

„როდესაც ქვეყანაში ასეთი არაერთი საქმე გაქვს და ყველა გამოუძიებელი, ეს ახალისებს შემდგომში ჟურნალისტების მისამართით მსგავს ძალადობას. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ხელვაჩაურის მერის უხამსი გინება ჟურნალისტის მისამართით, ამაზე ქარტიამ განცხადებაც გაავრცელა, თუმცა, ჯერჯერობით ქმედითი და ხელშესახები შედეგი ამას არ მოჰყოლია. ზუსტად ეს არის მსგავსი განგრძობითი ეფექტის მიზეზი“, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

ბოლო ორ კვირაში, 29 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე, ჟურნალისტის მუშობაში ხელშეშლის ეს უკვე მესამე, მძიმე შემთხვევაა. საუბარია მხოლოდ იმ ფაქტებზე, რაც გახმაურდა.

29 სექტემბერს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს და დაუმტვირეს კამერა, იმავე დღეს, კამერა დაუმტვირეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა საჯარო თავშეყრის ადგილზე მოხდა და ჰყავს უამრავი თვითმხილველიც, ჟურნალისტის მუშაობაში ხელშეშლისთვის ჯერ არავინ დაუკავებიათ. „მიმდინარეობს გამოძიება და დაელოდეთ“, - ეს არის უწყების პასუხი.

უფრო ადრე, გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტს უშვერად აგინა ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ. გამოცემამ ამის შესახებ მასალა 12 ოქტომბერს გამოაქვეყნდა და მასალას თან დაურთო აუდიომასალაც.

გაფრთხილება: აუდიო შეიცავს უცენზურო გინებას




სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მერმა ფეისბუკის პირად გვერდზე ბოდიში მოიხადა, სხვა რეაგირება, ამ დრომდე, არც ამ მძიმე შემთხვევას მოჰყოლია.

„ყველა ასეთი შემთხვევა შესაბამისმა უწყებამ უნდა გამოიძიოს მყისიერად. ეს იქნება საუკეთესო პრევენცია იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. სხვა შემთხვევაში, კიდევ უფრო მძიმე მედიაგარემოს მივიღებთ, მითუმეტეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გარემო ისედაც დამძიმებულია“, - ამბობს ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

მსგავს ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირების მოთხოვნით ქარტიას, და არა მხოლოდ ქარტიას, არაერთი საჯარო განცხადება აქვს გავრცელებული. ბოლო ასეთ განცხადებაში, ქარტიამ პირდაპირ მიუთითა, რომ ხელვაჩაურის მერს პასუხი უნდა ეგო ჩადენილის გამო.

“აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა”, - აცხადებენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.



გარეკანზე: "სამხრეთის კარიბჭეს "ის ფოტო, რომლის გადაღებასაც მერის გაღიზიანება მოჰყვა. ფოტოზე ბლარის გარეშე - ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ