შემთხვევითობა თუ მუშაობაში ხელშეშლა - რა მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში
08.03.2021
იყო თუ არა მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, სადაც, მეორე სართულიდან მოაჯირის გადავარდნის გამო გადამღები ჯგუფები დაშავდნენ, ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის მცდელობები სასულიერო პირების მხრიდან - „მედიაჩეკერი“ დეტალების გარკვევას შეეცადა.

8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილების გამო დაწყებული დაპირისპირების გაშუქებისას, რამდენიმე ტელევიზიის გადამღები ჯგუფი მეორე სართულის აივნიდან გადავარდა. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღეს, მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. ამ ეტაპზე მათი ნაწილი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან, ნაწილს კი დამატებითი გამოკვლევები უტარდება.

ამ დღეს მიტროპოლიტი სტეფანე, რომელმაც პეტრე ცაავასთან დაახლოებულ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა, ეპარქიაში სხდომას მართავდა. სხდომა დახურული იყო. ამავე შენობის აივანსა და ეზოში კი პეტრე ცაავას მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. ისინი მიტრპოლიტის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. აივანის მოაჯირი მას შემდეგ გადავარდა, რაც შენობის კარი გაიღო და შიგნით მყოფი ხალხის მასა აივანზე შეკრებილებს მიაწვა. შედეგად, მეორე სართულის აივნიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა.

მომხდარიდან მალევე სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველი ვიდეომასალები გავრცელდა. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სასულიერო პირები ცდილობენ გადამღებ ჯგუფებს ოთახი დაატოვებინონ.



ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარში დანაშაულის ნიშნები დაინახეს კოალიციის „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდეს, დაინტერესდნენ მომხდარით. მომხდარზე ძიება მართლაც დაიწყო, 124-ე, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით.

„მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტი ემა გოგოხია მისივე არხთან საუბარში ამბობს, რომ მიტროპოლიტ სტეფანეს ჟურნალისტების მოშორების ბრძანება ჰქონდა გაცემული. ემა იხსენებს, რომ ოთახიდან ხმამაღალი ლაპარაკის ხმა ისმოდა. სასულიერო პირები მიტროპოლიტისგან ითხოვდნენ პასუხს, კიდევ აპირებდა თუ არა ის სხვა პირების დასჯასაც და მისი მივლინება ეპარქიაში, ხომ არ იყო გამიზნული მეუფე პეტრეს მომხრეების დასასჯელად.

„სწორედ ამ დროს დაიძაბა ოთახში ვითარება. იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა. შევეცადეთ სიახლოვეს მივსულიყავით და ფანჯრიდან გადაგვეღო. გაღიზიანებული მრევლი კი აივანზე ამოვიდა და ოთახში შესვლას შეეცადა. ამ დროს მეუფე სტეფანემ გასცა ბრძანება მის მომხრეებზე, რომლებიც კართან იყვნენ ჩამდგარი, რომ მოვეშორებინეთ. მრევლსა და მამებს შორის მოყვა მედიაჯგუფი. დაპირისპირების დროს, როდესაც იძულებით ცდილობდნენ ჩვენს გაყვანას, აივნის მოაჯირი მთლიანად ჩამოინგრა და მეორე სართულიდან გადმოცვივდნენ იქ მყოფი მოქალაქეებიც, ჟურნალისტებიც და ოპერატორები“, - აცხადებს გოგოხია.

„ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი პაპუნა შუშანია, რომელიც მის ოპერატორთან, ალეკო ხაზალიასთან ერთად გადავარდა მეორე სართულის აივნიდან, „მედიაჩეკერთან“ ამბობს, რომ მას მუშაობაში განზრახ ხელშეშლის შთაბეჭდილება არ დარჩა:

„უკან მედგა ოპერატორი და ეს მასა რომ წამოვიდა ჩვენკენ, ჩვენ უკან-უკან წავიწიეთ, ბევრი ვიყავით, აივანზე უფლებამოსილება შეჩერებული სასულიერო პირების მრევლიც იდგა. კარი როდესაც გაიღო, ინერციით მოგვაწვნენ, ამ კარმა ჩვენ უკან წამოგვწია . მოაჯირმა ამხელა მასას ვერ გაუძლო, მოტყდა და გადმოვცვივდით. მე გონება დავკარგე, როცა აზრზე მოვედი და გავიხედე, ჩემს ოპერატორს სისხლი ჰქონდა. გარეგანი დაზიანება აღენიშნება შუბლის არეში“.

პაპუნა ამბობს, რომ მომხდარი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული არ იყო. თუმცა, მისივე თქმით, როგორც სხვა შემთხვევებში, დღესაც ადგილზე მყოფი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი აგრესიით გამოირჩეოდა:

„მე უკვე მიჩვეული ვარ სასულიერო პირებისგან სიტყვიერ შეურაცხყოფას. დღესაც ცხადი იყო, რომ არ სიამოვნებდათ რომ ვაშუქებდით. მრევლს შორისაც იყვნენ აგრესიულად განწყობილი ადამიანები“.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტების დაშავების გამო წუხს, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ აივნი ვიწრო იყო და ჟურნლსიტები იქ საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ, იმიტომ, რომ იქ არის აივანი ძალიან ვიწრო, იყო ძალიან ბევრი ხალხი. იქ არ უდნა ასულიყვნენ საერთოდ ჟურნალისტები. კრება მიდის და ერთი შუშა ყოფს აივანს და კრების დარბაზს", — განაცხადა ჯაღმაიძემ.

ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლა, მათზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები, აგრესია, მედიის მისამართით კრიტიკა და მოწოდებები, რას უნდა აშუქებდეს მედია და რას არა, ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, ყოველდღიურობად იქცა. ყოველდღიურობად იქცა მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადებებიც, იმაზე ხაზგასმით, რომ ყველა ასეთი შემთხვევა სამართალდამცავმა უწყებებმა სათანადოდ უნდა გამოიძიონ, ვინაიდან, დაუსჯელობა ასეთ ფაქტებს ახალისებს.

27 თებერვალს, ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთგვარი აქცია-პერფორმანსიც მოაწყვეს და საჯაროდ ხელი მოაწერეს მანიფესტს, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდეს უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა. ეს იყო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარის შემდეგ მედიაკოალიციისა და ქარტიის განცხადებების მთავარი აქცენტიც - მომხდარის დროული და ეფექტური გამოძიება.


მთავარი ფოტო: ბერდია კალანდია

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ