ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებულებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ
08.03.2021

მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, აივნის მოაჯირის ჩანგრევის შედეგად, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნილ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ. მათი ნაწილი დამატებითი გამოკვლევებისთვის მარტვილის საავადმყოფოდან ქუთაისსა და ზესტაფონში გადაჰყავთ. 

ჭყონდიდის ეპარქიაში აივნის მოაჯირის გადავარდნის შედეგად დაშავდნენ: "ტვ პირველის" ოპერატორი და ჟურნალისტი ალეკო ხაზალია და პაპუნა შუშანია, "რუსთავი 2-ის" ოპერატორი დავით კონჯარია, "ფორმულას" ოპერატორი იაგო ვეკუა და “პოსტვ-ის” ჟურნალისტი იოსებ ხოფერია.

“ფორმულას” ოპერატორი იაგო ვეკუა მარტვილში, ევექსის კლინიკაშია გადაყვანილი. საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნანა ინწკირველის თქმით, მას გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და პასუხებს ელოდებიან:

“შეყვანილია საავადმყოფოში, უკვე ჩაუტარდა პირველი გამოკვლევა, გადაუღეს რენდგენი, იტკივებს გვერდს და გვაქვს შიში, რომ არ იყოს ნეკნი გატეხილი. ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს ჯერ ზუსტი ინფორმაცია. ფეხი აქვს კიდევ დაზიანებული და ველოდებით წუთი-წუთზე პასუხს”.

“რუსთავი 2-ის” ოპერატორი დავით კონჯარია ქუთაისის საავადმყოფოში გადაჰყავთ. “ტვ პირველის” ოპერატორს ალეკო ხაზალიასა და ჟურნალისტს პაპუნა შუშანიას კი მოტეხილობები არ აქვთ და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ამ ეტაპზე მარტვილის საავადმყოფოში რჩებიან. 

მარტვილის საავადმყოფოს ტრავმატოლოგი პოსტვ-სთან ამბობს, რომ დაშავებულებს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ:

“ზოგადი დაჟეჟილობები აქვთ, ერთი პაციენტი უკვე გაეწერა, დანარჩენები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადაგვყავს ქუთაისის და ზუგდიდის საავადმყოფოებში. საშუალო სიმძიმის დაზიანებებია, რენდგენოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, მოტეხილობები არცერთ არ აღენიშნება". 


 
შეგახსენებთ, დღეს, 8 მარტს, მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, შენობის მეორე სართულზე აივნის ჩანგრევის შედეგად ჟურნალისტები და ოპერატორები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გაცვივდნენ და დაშავდნენ.  ამავე დღეს მუშაობაში ხელი შეუშალეს და აგრესიულად ექცეოდნენ "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას.
 
გადამღები ჯგუფები ჭყონდიდში სასულიერო პირებს შორის არსებულ დაპირისპირებასა და აქციას აშუქებდნენ. პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს გადაწყვეტილებას მოჰყვა. მიტროპოლიტმა ეპარქიის ორ სასულიერო პირს  მღვდელმსახურება შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების მოტივად სახელდება ის, რომ ისინი პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან. 
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა დახურული იყო. შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ.
 
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" წევრი ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ შეისწავლოს მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და სხეულის დაზიანების ფაქტები.  
კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეპარქიაში მომხდარი შემთხვევა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ