2020 წელს მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 9%-ით შემცირდა
10.03.2021

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2020 წელს, ჯამური მონაცემებით, მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 9%-ით შემცირდა. განსაკუთრებული კლება - 39% მეორე კვარტალში დაფიქსირდა. კლება იყო მეოთხე კვარტალშიც - 3%. ეს ის პერიოდებია, როდესაც ქვეყანაში მკაცრი ჩკეტვები, ე.წ. ლოქდაუნები ამოქმედდა. 

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში (იანვარი - მარტის პერიოდი, იქამდე, ვიდრე პანდემია აქტიურ ფაზაში შევიდოდა და შეზღუდვები ამოქმედდებოდა), მაუწყებლებმა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 11%-ით მეტი შემოსავალი მიიღეს, მეორე კვარტალში კი 39% კლება დაფიქსირდა. მესამე კვარტალში დინამიკა შეიცვალა და მაუწყებლებს 7%-იანი მატება ჰქონდათ, ხოლო მეოთხე კვარტალში კვლავ 3%-იანი - კლება.

"ჯამურად წლის ჭრილში კომერციული რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლები შეადგინა", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყება ამბობს, რომ საბოოლოოდ, ეს მაჩვენებელი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა დააბალანსა.

 


  • როგორ გადანაწილდა 2020 წელს მაუწყებლებში სარეკლამო შემოსავლები, წაიკითხეთ ვრცლად: 
  • ‘იმედი’ - 39%, ‘რუსთავი 2’ - 17%, ‘მთავარი არხი’ - 15% - სარეკლამო შემოსავლების გადანაწილება 2020 წელს


სარეკლამო შემოსავლების შემცირების შესახებ "მედიაჩეკერის" არქივში არაერთი მასალა ინახება. 2020 წელს, პანდემიის გამო, სარეკლამო შემოსავლები მკვეთრად შეუმცირდათ ონლაინ გამოცემებსაც. გადაცემათა ციკლში "კოვიდის გავლენა მედიაზე", რომელსაც "მედიაჩეკერი" მულტიმედია განათლების ცენტრთან ერთად ამზადებს, ონლაინ გამოცემების მენეჯერები საუბრობენ იმაზე, რომ გასულ წელს მათ ძალიან გაუჭირდათ თავის გატანა და გუნდის შენარჩუნება. 
იხილეთ გადაცემა: ბრძოლა გადარჩენისთვის 

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ