საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია 5 ივლისის მოვლენებსა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე
14.07.2021
• „ჟურნალისტობა დანაშაული არ არის“

• მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა

• ხელისუფლების ვალდებულება დაიცვას ადამიანის უფლებები და არ წაახალისოს ძალადობა

ეს გზავნილები საქართველოს მისამართით საერთაშორისო საზოგადოებისგან 5 ივლისის შემდეგ ისმის.

„თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე, აქტივისტებსა და ლგბტქი+ თემის წევრებზე ძალადობრივ თავდასხმებს, 11 ივლისს კი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ამის გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებები, ელჩები, ევროპარლამენტარები და უფლებადამცველი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.

5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორები მთავარ აქცენტს აკეთებენ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და საჯაროდ დაგმოს ძალადობა.

დიპლომატიური კორპუსი და გამოხმაურება ამერიკის შეერთებული შტატებიდან

„ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით.“,- ეს განცხადება ერთობლივი წერილის სახით გაავრცელეს ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გმობდნენ „ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის არ დაგმობას“ და ქართველ ლიდერებსა და სამართალდამცავ უწყებებს:

• დაუყოვნებლივ მოქმედების

• ძალადობის საჯაროდ დაგმობისა და

• თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით მოქმედი ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

"საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და ძალადობაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მისცენ“,- ასე დაგმეს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, ჯერ ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადებით, შემდეგ კი პრესკონფერენციის დროს, როდესაც დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ხელისუფლებასა და სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ შეახსენა თავიანთი ვალდებულების შესახებ დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილეები.

იმავე შინაარსის განცხადებებს ავრცელებდნენ შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტის წამყვანი სენატორი ჯიმ რიში და კონგრესმენი ადამ კინზინგერი. ამ უკანასკნელმა ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე სასამართლოს დამოუკიდებლობის იმედი გამოთქვა.

„თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.“, - ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში.

„საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს [მომხდარს].ჩემი აზრით, პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს“, - ამბობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნი და „ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მკვლევარი დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ და მომხდარზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნის ინიციატივაზე საუბრობდა.

საგარეო უწყებები, ევოატლანტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ელჩები

„თავისუფალი მედია ფუნდამენტურია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესანარჩუნებლად. ჟურნალისტები ჩვენს თავისუფლებას იცავენ, ჩვენ მათი თავისუფლება უნდა დავიცვათ", - წერს ტვიტერზე გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დომინიკ რააბი.

5 ივლისს ქვიარ ადამიანებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმეს და ლექსო ლაშქარავას ახლობლებს სამძიმრი გამოუცხადეს შვედეთის, ლატვიის, ნიდერლანდებისა და სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.

ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მსგავსად 5 ივლისის მოვლენების დროს ძალადობის სამართლიანი გამოძიების მოწოდებით გამოვიდნენ საქართველოში ნიდერლანდების, ჩეხეთის, ლიეტუვისა და სხვა ქვეყნების ელჩები.

"ხელისუფლებას მოვუწოდეთ, განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, დაიცვას უმცირესობები",- წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კალასი.

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელი კი ამბობს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას.

“კატეგორიულად ვგმობ მომხდარ ძალადობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს ნორმებსა და ღირებულებებს, მათ შორის, მედიის პატივისცემას. ეს უკუსვლაა საქართველოსთვის“, -ასეთი იყო კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის შეფასება 5 ივლისის მოვლენებზე.

ხელისუფლებას ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე მოძალადეების დასჯის ვალდებულება შეახსენეს „ეუთო/ოდრიმა“ და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმაც.

ევროპარლამენტარები

საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის სურვილის ფონზე კი ევროპული ღირებულებების პატივისცემის აუცილებლობა გაახსენეს ევროპარლამენტარებიის ნაწილმა.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს ხმამაღლა და მკაფიოდ ესაუბრათ ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ პრაიდის მარშის წინ.“, - წერდნენ ერთობლივ განცხადებაში მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი.

ევროდეპუტატებმა იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ საქართველოს 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანა სურს, გაერთიანებაში გაწევრიანების წინაპირობა კი იმ ინსტიტუტების სტაბილურობაა, რომლებიც დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას უზრუნველყოფს.

„ლექსო ლაშქარავას დაღუპვა და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულად და მიუკერძოებლად უნდა იყოს გამოძიებული.“ , -ასეთი იყო ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მთავარი გზავნილი.

„სირცხვილი“ - ასე შეაფასა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ის, რომ „ხელისუფლებამ არ დაიცვა ჟურნალისტები და მოქალაქეები“, რომლებიც თავდასხმების შედეგად საავადმყოფოში აღმოჩნდნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები დამნაშავეების სათანადოდ არ დაგმობაში, საკითხით სპეკულირებასა და ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულეს ევროპარლამენტარებმა ვიოლა ფონ კრამონმა და ტაიშ როიტენმა.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები

ქართველ ჟურნალისტებსა და ქვიარ აქტივისტებზე ძალადობა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც.

“ვითხოვთ სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებებისა და იმ ჟურნალისტებზე თავდასხმების შემთხვევებზე, რომლებიც პოლიციამ ვერ დაიცვა “, - ეს არის მთაარი მოწოდება საერთაშორისო ორგანიზაციისა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ძალადობის უკან მდგომი პირების პასუხისგებაში მიცემისა და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოწოდებები გაავრცელეს „ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა მდივანმა, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ და „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“.

გაშუქება საერთაშორისო მედიაში

თბილისში ჟურნალისტებზე ძალადობამ და რამდენიმე დღის შემდეგ „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპრო საერთაშორსო მედიაშიც.

ჟურნალისტების პროტესტი გააშუქეს Reuters-მა, The Washington Post-მა, CNN-მა, BBC-მ, The AP-მ, Euronews-მა, The Guardian-მა, PetaPixel-მა, New York Post-მა, Deustche Welle-მ და სხვებმა.

საერთაშორისო გამოცემების მასალებში ყურადღება ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე მიზანიმართულ თავდასხმებზე, ეკლესიის როლსა და ხელისუფლების რეაგირებაზეა გამახვილებული.

თბილისში 5 ივლისს განვითარებული მოვლენებმა კანის კინოფესტივალამდეც მიაღწია და ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას რეჟისორმა სპაიკ ლიმ უპასუხა. მან ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდა.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ