RSF: ვითხოვთ ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებების მიუკერძოებელ გამოძიებას
13.07.2021

საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF)  "TV პირველის" ოპერატორის გარდაცვალების გარემოებებისა და ჟურნალისტებზე თავდასხმების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს. 
 
ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე კოორდინირებული თავდასხმის შემდეგ, ლექსო ლაშქარავას საეჭვო გარდაცვალების ფონზე საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების კუთხით "კატასტროფული გარდამტეხი მომენტია". 
 
"გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციის მცდელობის ნაცვლად, ვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიღრმისეული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება დაიწყოს მისი გარდაცვალების გარემოებებისა და იმ ჟურნალისტებზე თავდასხმების შემთხვევებზე, რომლებიც პოლიციამ ვერ დაიცვა. ოფიციალური პირების პასიურობა ჰომოფობიური მოძრაობების მიერ ჟურნალისტების დაშინების უკიდურესი მცდელობების წინაშე ძირს უთხრის მთავრობის ნდობას, რომელიც არ უნდა იყოს დაუსჯელობის შემწყნარებელი და რომელმაც ამ საქმეში თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.", - ამბობს RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი ჟან კავალიე. 
 
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" წერს, რომ ლექსო ლაშქარავას დაახლოებით 20 ჰომოფობი ექსტრემისტი ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 5 მათგანია დაკავებული. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ლექსო ლაშქარავას ოჯახი, რომელიც მთავრობას არ ენდობა, წარუმატებლად შეეწინააღმდეგა ოპერატორის ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანას. 
 
საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მიუხედავად, პრემიერმინისტრის "ფეისბუქ" პოსტისა, რომელშიც ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ძალადობა მკაფიოდ და საჯაროდ დაიცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება . 

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი ერთ-ერთია მედიის 53 წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში სახის ძვლის მოტეხილობითა და თვალის დაზიანებით გადაიყვანეს. ალექსანდრე ლაშქარავა სამედიცინო დაწესებულებიდან 8 ივლისს გაწერეს. ოპერაციის შემდეგ იგი მკურნალობას სახლში განაგრძობდა.
 
 

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ