ირაკლი კობახიძე ისევ აყენებს შეურაცხყოფას ჟურნალისტს - თანაპარტიელები მას მხარს უჭერენ
26.07.2022
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტს კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა „ქართული ოცების“ წევრმა.

რა მოხდა?

25 ივლისს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ნატაშკა ჯახუტაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯომარეს, ირაკლი კობახიძეს ჰკითხა კომენტარი უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადების შესახებ, რომ „ირაკლი კობახიძის მამა „კაგებეშნიკია“.

ირაკლი კობახიძემ, კითხვის საპასუხოდ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და სექსისტური ფრაზებით მიმართა.

რა არის მნიშვნელოვანი?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების ან მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციური მედიის ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებენ. სხვადასხვა გავლენიანი ორგანიზაციის შეფასებით, ეს არის საქართველოში მედიის უსაფრთხოების გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი.

რა თქვა კობახიძემ?

  • “კაგებეშნიკი არის მამათქვენი. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. არ გრცხვენია? შენც ხარ დავით არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი…“
  • „სახე დაკარგე, თავი დაკარგე. პოლიტიკა გიღირს ამად? სამარცხვინო ხარ. გულისამრევი. ქალი აღარ ხარ.“
  • „პირი მოიწმინდე, რომ ლაპარაკობ. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს.“

მოგვიანებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ფეუსბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ გაიმეორა შეურაცხმყოფელი ფრაზები ჟურნალისტების მიმართ.



ვინ ამართლებს ირაკლი კობახიძეს?

  • „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე: „ჩემი აზრით, თქვენ ბრძანდებით კრემლის სასარგებლო იდიოტები… მან მოგითმინათ კიდევ, მე თუ მკითხავთ. პოლიტიკოსი რომ არ ყოფილიყო, მე მგონია, რომ გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდით, მაგრამ პოლიტიკოსია და მაგიტომ მოგითმინათ… თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ”
  • დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” - გივი მიქანაძე: „ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები”. 
  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი: „ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას ბოლო ორი დღეა, რომლის კულმინაცია იყო გუშინ იმ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც. ყველაფერი ეს იყო ალბათ მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით“.
  • „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი: „როცა ყველანაირ წითელ ხაზს ლახავენ და შენთვის ყველაზე ძვირფასს, შენს მშობელს, შეურაცხყოფას აყენებენ და მოღალატეობას აბრალებენ, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის - ჩვენს ოჯახებს თავი დაანებეთ!“.
  • ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი: „სრული მხარდაჭერა ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს. კითხვა, რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს“
  • „ქართული ოცნების“ წევრი - რატი იონათამიშვილი: „აუცილებელია, რომ მსგავს პროვოკაციებს სათანადო შეფასება მოჰყვეს, რომ აღარავინ გაბედოს მისი კადრება, თორემ უკუღმართობა იქცევა ნორმად: თითქოს პატრიოტი მოღალატეა, პატიოსანი ადამიანი - უზნეო, ცილისწამება - სიმართლე და ყველაფრის კადრება - ღირსების გამოვლენა“.

როგორ ეხმაურებიან ამ ამბავს მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები?

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: „დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება“
  • მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, ირაკლი კობახიძის გამონათქვამები პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის ფარგლებშიც შეისწავლოს.
  • საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი: “კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. “ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!“ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!”

იხილეთ ასევე:

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ