მედიაგარემო 2021 წელს
31.12.2021
ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები, მედიის ათობით დაშავებული წარმომადგენელი, დაუსჯელი ორგანიზატორები და არაეფექტური გამოძიება, მკვეთრად პოლარიზებული მედი აგარემო, კომუნიკაციების კომისიის უპრეცენდენტო ჯარიმები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - როგორი იყო 2021 წელი ქართული მედიისთვის?

ხელისუფლების ბოიკოტი და აგრესიული რიტორიკა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ

გასული წლის მსგავსად, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრები წელსაც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ცენტრალურ მაუწყებლებთან. უარს ამბობდნენ “მთავარი არხის” „ტვ პირველის“ „ფორმულას“ ეთერში მისვლაზე და ტოქშოუებში მონაწილეობაზე. ამ ტელევიზიების ჟურნალისტებს ზოგჯერ სამთავრობო უწყებაში ბრიფინგებზე დასწრების საშუალებასაც კი არ აძლედნვენ.

ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები ხშირად ხდებოდნენ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომის, მუქარის და თავდასხმების სამიზნეც. ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ რიტორიკა კონკრეტული მედიების ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული იყო. არასასურველი კითხვების პასუხად, მთავრობის წევრები სიტყვიერად ესხმოდნენ თავს და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

არაერთი გავლენიანი ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მუდმივად მოუწოდებდა “ქართულ ოცნებას” შეეწყვიტა აგრესიული რიტორიკა და გადასულიყო მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში.

წახალისებული ძალადობა და გახშირებული თავდასხმები ჟურნალისტებზე

2021 წელს, ათობით ჟურნალისტი დაშავდა. არასამთავრობო სექტორი, მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, სხვადასხვა უწყებები პირდაპირ საუბრობდნენ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და ღიად ამბობდნენ, რომ ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმები ხელისუფლების აგრესიული რიტორიკითაა წახალისებული.



მედიისთვის ყველაზე მძიმე 2021 წლის 5 ივლისი იყო. ამ დღეს თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. დაშავებულებს შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, 100-ზე მეტმა მედიაორგანიზაციამ რეაგირებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართა. ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა გამოუძიებელია და თავდასხმის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებული არ არის.

მედიის წარმომადგენლები მთელი თვის განმავლობაში პერმანენტულ აქციებს მართავდნენ. პროტესტის ნიშნად, რამდენიმე მაუწყებელმა დროებით ეთერიც გათიშა და მაუწყებლობა შეაჩერა.

პროტესტის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან.

სასამართლო პროცესები

მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის პროცესი. ისინი 2004 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2-ის“ საკონტროლო პაკეტი ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა. 14 მაისის, სასამართლოს განჩინებით, "რუსთავი 2-ის" 60%-იან წილს და უძრავ ქონებას ყადაღა დაედო.

8 დეკემბერს კი საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ტელევიზია მოქმედი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა. თუმცა, დვალი და აქიმიძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

გრძელდებოდა აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის სასამართლო პროცესი, რომელიც 2019 წლის 30 აპრილიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ტელევიზიის ბორდმა ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა, მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ითხოვს:
  • მისი უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
  • თანამდებობაზე აღდგენას.
  • იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
  • დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.
ნათია კაპანაძის საქმის ბოლო პროცესი წელს 15 დეკემბერს გაიმართა და ამით მოწმეების გამოკითხვის ეტაპი დასრულდა.

კომუნიკაციების კომისიის ჯარიმები

მედიაექსპერტების და იურისტების კრიტიკა და პროტესტი გამოიწვია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებმა, „მთავარი არხის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით. მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არის მიმართული და ემთხვევა ამ არხების მიმართ ხელისუფლების გზავნილებს.

26 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიამ “მთავარს არხს” უპრეცენდენტო რაოდენობის ჯარიმა 111 903 ლარი დააკისრა ეთერში გასული სამი ვიდეორგოლის, მათ შორის სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" კლიპის განთავსების გამო. იურისტებმა კომისიის გადაწყვეტილება არაკანონიერად შეაფასეს.

„უპრეცენდენტო ჯარიმა “მთავარი არხს” - რა პრობლემაა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაში?

27 ოქტომბერს კი, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხს” სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა ორი ვიდეორგოლის გამო: ერთი შეიცავდა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნას, ხოლო მეორე - 14 ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დასწრების მოწოდებას. მარეგულირებელმა ვიდეორგოლები წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია და ამბობდა, რომ “მთავარმა არხმა” საარჩევნო კოდექსი დაარღვია.

“მთავარი არხის” ვიდეორგოლებში საარჩევნო სუბიექტის არ ყოფნის გამო, სამოქალაქო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის პოზიცია არ გაიზიარა და საქმის წარმოება შეწყვიტა. თუმცა, მარეგულირებელმა გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი საქმე კვლავ სამოქალაქოს დაუბრუნა განსახილველად.

გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე

ნოემბერში მომღერალმა და ტელე-რადიო წამყვანმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა” მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა. იგი ითხოვს, რომ პარლამენტმა შეიმუშავოს “სათანადო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას”.

მედია სამართლის იურისტები და სფეროს სპეციალისტები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს ხედავენ და ამბობენ, რომ დღევანდელ კანონმდებლობით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მაღალი სტანდარტით არის დაცული და ნებისმიერი ცვლილების შეტანის სურვილს საფრთხედ მიიჩნევენ.

“უცნობის” ინიციატივა - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე

მედიის რეგულირების სურვილს ხშირად გამოთქვამენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, თუმცა, ზოგადი გზავნილებით შემოიფარგლებიან. მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ არსებული ბერკეტები არასაკმარისია. თმცა, არ აკონკრეტებენ, რა ცვლილებების საჭიროებას ხედავენ.

კონკრეტული არგუმენტების გარეშე, არაეფექტურ კანონმდებლობაზე საუბრობდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილიც მედიაჩეკერთან ინტერვიუში:

“ეთიკის ქარტიამ რაც უნდა თქვას, შედეგი ნულია” - მედია შალვა პაპუაშვილის თვალით

ხელისუფლების წევრების მსგავს გზავნილებს მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და სპეციალისტები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხედ და მედიის დაშინების მცდელობად აფასებენ.

ცვლილებები ტელევიზიებში

მარტის დასაწყისში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. მარტის შუა რიცხვებში კი "რუსთავი 2" და გამოცემა Prime Time ერთ ჰოლდინგად ჩამოყალიბდა.

15 ივლისს ტელეკომპანია „მაესტრო“ დატოვა დირექტორმა ვაკო ავალიანმა და „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურში გადავიდა.

აგვისტოში, საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილების მიზეზით, „რუსთავი 2“ ტელეწამყვანებმა - გურამ როგავამ და თეონა ცხომელიძემ დატოვეს. საინფორმაციო პოლიტიკის ხელისუფლების სასარგებლოდ ცვლილებაზე საუბარი იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშებშიც.

2021 წლის ივლისში შეიცვალა „იმედის“ მენეჯმენტიც. გენერალური დირექტორის პოზიციაზე ნიკა ლალიაშვილი მაკა ლომიძემ ჩაანაცვლა. ლალიაშვილი კი მაუწყებლის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ