სოსო გოგაშვილი: შს მინისტრი მუხთარლის საქმეზე სასურველი ჩვენების მიცემას მთხოვდა
17.08.2022
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე სასურველი ჩვენების მიცემა მოსთხოვა.

სოსო გოგაშვილი ამის შესახებ ციხიდან 17 აგვისტოს გავრცელებულ წერილში წერს.

რა მოხდა?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი წერს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან კომუნიკაცია ციხის საშხაპეში ტელეფონით რამდენჯერმე ჰქონდა:

  • 28 ივლისს - “ვახტანგ გომელაურმა გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები, თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას თუ არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ”
  • 29 ივლისს - “ ტელეფონზე დამირეკა ვახტან გომელაურმა და მითხრა, თუ რა გადავწყვიტე. ასევე დამისახელა მათი პირობები: უნდა გამეჩერებინა ყველანაირი აქტივობა ჩემი და ჩემი ოჯახის მხრიდან, უნდა მიმეცა მათთვის სასურველი ჩვენებები აფგან მუხთარლისა და არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით, ჩემი მხრიდან უარის შემთხვევაში კიდევ ერთელ გამაფრთხილა მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე.”
გოგაშვილის წერილის თანახმად, მასსა და მინისტრ ვახტანგ გომელაურს შორის სატელეფონო საუბარი კიდევ შედგა, ხოლო 4 აგვისტოს უთხრა, რომ მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებს არ მიიღებდა.

  • “ვახტანგ გომელაურმა მიპასუხა, რომ მე ვუშვებდი ძალიან დიდ შეცდომას და ამის შედეგებს ძალიან მალე დავინახავდი. მითხრა, რომ მე ვიცოდი თუ როგორ ამუშავდებოდა სახელმწიფო მანქანა ჩემს წინააღმდეგ და ამ ომს მე ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ მოვიგებდი.” - წერს გოგაშვილი.

რას წერდა გოგაშვილი მუხთარლიზე მანამდე?

26 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში სოსო გოგაშვილმა თქვა, რომ აფგან მუხთარლი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით “სუსის ზონდერებმა” გაიტაცეს, ჩანაწერები კი წაშალეს.

წერილის გავრცელებიდან მეორე დღეს, 27 ივლისს „ფორმულასთან“ ინტერვიუში აფგან მუხთარლიმ თქვა, რომ ის ივანიშვილის ბრძანებით გაიტაცეს.

აფგან მუხთარლიმ მოითხოვა:
  • სოსო გოგაშვილმა ოფიციალური ჩვენება მისცეს პროკურატურას.
  • დაცვან სოსო გოგაშვილი, “რომ ის ციხეში არ მოკლან. მან ძალიან ბევრი რამ იცის ივანიშვილის დანაშაულების შესახებ”.
  • მუხთარლის სურს თბილისში ჩამოსვლა და პროცესში მონაწილეობა, მაგრამ რომ საქართველოში არ უშვებენ.
  • მუხთარლიმ მივმართა ევროკავშირსა და ევროპარლამენტს მისცენ გარანტია, რომ თბილისში ჩასვლას შეძლებს.

ვინ არის სოსო გოგაშვილი?

სოსო გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა. ის 15 ივლისს დააკავეს და ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს:

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
  • პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
  • გოგაშვილს 18 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სოსო გოგაშვილის დაკავებამდე 2 დღით ადრე, 2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მომღერალმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (“უცნობმა”) “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. მასში ჟურნალისტები წყაროსგან, სოსო გოგაშვილისგან მიწოდებულ მასალაზე საუბრობდნენ.

ამ თემაზე: “უცნობის” გავრცელებული ჩანაწერები - რა ირკვევა?

აფგან მუხთარლის გატაცება

  • აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მისამართით კრიტიკული სტატიებით გამოირჩეოდა, თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა.
  • მეორე დღეს, 2017 წლის 30 მაისს მუხთარლი ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.
  • აზერბაიჯანის სასამართლომ საზღვრის უკანონოდ კვეთისა და 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანის ბრალდებით მუხთარლის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
  • მუხთარლი 2020 წლის 17 მარტს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის გერმანიაში გაემგზავრა.
  • აფგან მუხთარლის დაკავებას დიდი რეზონანსი მოჰყვა საქართველოში. საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებმა გამართეს არაერთი აქცია მუხთარლის მხარასაჭერად.
  • აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარება უარყოფითად აისახა საქართველოს იმიჯზე არაერთ საერთაშორისო ანგარიშში.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ