2022 წელი ჩვენი რესპონდენტების ფრაზებში
27.12.2022
უკრაინის წინააღმედეგ რუსეთის ომის დაწყებამ მსოფლიო მედიაში ბევრი რამ შეცვალა, საქართველოში მედიაგარემო გაუარესდა, ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ კი ჟურნალისტიკაში ცვლილებები გამოიწვია. “მედიაჩეკერმა” ამ თემებზე 2022 წელს არაერთ ჟურნალისტთან და მედია ექსპერტთან ჩაწერა ინტერვიუ. წარმოგიდგენთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთებს წლის ინტერვიუებიდან.

ციფრული კომუნიკაციების გერმანელი მკვლევარი ლენარტ ჰოფედიტზი

ვიტყოდი, რომ 5-10 წელიწადში ჟურნალისტებს უფრო მეტად რედაქტორის ფუნქცია ექნებათ და ხელოვნური ინტელექტის შექმნილ პროდუქტს გააკონტროლებენ, შემოქმედებით ნაწილში მათი როლი შემცირდება, თუმცა საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის მაინც ტრადიციული გაშუქება იქნება საჭირო.

კონტენტის 80% (ფოტო, ტექსტი, ვიდეო) შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნას, თუმცა ჟურნალისტმა (რედაქციამ) უნდა გადაწყვიტოს რა გამოაქვეყნოს და მიაწოდოს AI-ს სანდო წყაროები.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - ხელოვნური ინტელექტის გავლენა მედიაზე - ინტერვიუ AI-ს მკვლევართან

“უკრაინსკა პრავდას” მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაიევა

ჩემს თავთან ერთგვარი შეთანხმება მაქვს, რომ თითოეულ ტრავმაზე ვიფიქრებ, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დროს მივიღე. მაგრამ რთულია, რადგან ამ ომში ოთხი მეგობარი უკვე დავკარგე - მათ შორის, კოლეგები. ასეთ რამეს ვერასდროს შეეგუები. ეს სტატისტიკა არ არის, ვფიქრობ, თითოეული ისტორია, თითოეული ბედისწერა მნიშვნელოვანია.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - “სიმართლე გეხმარება გამარჯვებაში” - ინტერვიუ უკრაინელ ჟურნალისტ სევგილ მუსაიევასთან

IWPR-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი, ბექა ბაჯელიძე

ომის შემდეგ იქნება გასაშუქებელი ზიანი, ზიანის მოცულობა. ჟურნალისტებს დასჭირდებათ მეტი გადამზადება. სამწუხაროდ, ცოტა ცინიკური დამოკიდებულებაა ტრეინინგების მიმართ. მაგრამ, როგორც იტყვიან ხოლმე ჯარისკაცები, უმჯობესია ვარჯიშის დროს დაღვარო სისხლი, ვიდრე - ომში. ამიტომ, ჯობია ისწავლო და შეცდომა დაუშვა სწავლის დროს, ვიდრე უშუალოდ სამუშაოს შესრულების დროს.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - მედიის გამოწვევები ომში და ომის შემდეგ - ინტერვიუ ბექა ბაჯელიძესთან

მარგარიტა ლიუტოვა ტელეკომპანია „დოჟდის“ ყოფილი ჟურნალისტი

თითქოს საზღვარგარეთიდან უფრო ადვილია გაიგო, რა ხდება რუსეთში, ვიდრე თვითონ რუსებისთვის, ვინც ქვეყანაში ცხოვრობს, რადგან თითქმის ყველაფერი დაბლოკილია. ვინც ქვეყანაში ცხოვრობს, მათ ინფორმაციის მისაღებად დამატებითი ძალისხმევის გაწევა უწევთ.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - ინტერვიუ "დოჟდის" ჟურნალისტთან - "რა მოსატანია ჩემი პრობლემები იმასთან, რასაც ხალხი უკრაინაში განიცდის"

“პირველი არხიდან” წამოსული ჟურნალისტი ქეთი თუთბერიძე

ვერც 2019 და ვერც 2020 წელს, 17 მაისს ჩვენ ვერ გავაკეთეთ სიუჟეტი ლგბტ თემის უფლებებზე. გვეუბნებოდნენ, „პროპაგანდად“ ჩაგვეთვლებაო.

მაუწყებელს მძიმე ცენზურის მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს გამოვლილი, მითუმეტეს წინა ხელისუფლების პირობებში და ზოგადად, უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ ყველა დაბლოკილმა მასალამ იხილოს დღის შუქი.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - მაუწყებელში მაღლაფერიძის გავლენა ძლიერდება - ინტერვიუ პირველი არხიდან წამოსულ ქეთი თუთბერიძესთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე

.არ ვიცი, როგორ უნდა დავამტკიცო, რომ არ გვაქვს პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ, თანამედროვე რეალობაში უკვე მივეჩვიეთ, რომ შენს წინააღმდეგ შეიძლება გაიჟღეროს ბრალდებამ, რომლის საწინააღმდეგოს მტკიცება უბრალოდ, შეუძლებელია. დაგაბრალებენ, რომ ხარ სპილო და უნდა ამტკიცო საპირისპირო. როცა საუბრობენ, რომ არსებობს ჩემ მიმართ ზეწოლა, როგორ დავამტკიცო საპირისპირო? შეგიძლიათ მითხრათ, რა შეიძლება იყოს თუნდაც ერთი ინსტრუმენტი, ჩემივე სიტყვის გარდა? ვინც ენდობა ჩემს სიტყვას, მას სჯერა კიდეც ამის.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - მედიისგან ნაჩვენები სურათი არის ბნელი და მასში ყველა აქტორი ცუდია — გიორგი გვიმრაძე, პირველი არხის ახალი ამბების ბლოკის დირექტორი

ჟურნალისტი და აქტივისტი ნინია კაკაბაძე

ამ ხელისუფლებამ ჟურნალისტები აქცია პოლიტიკურ აქტორებად. არ ეკონტაქტებიან მედიას, რომლებიც არ მოსწონთ და მედიის წარმომადგენლები აქციეს თავიანთ მთავარ ოპონენტებად. უცხადებენ ბოიკოტს, არ პასუხობენ კითხვებზე, არ მიდიან გადაცემებში და, თავისდაუნებურად, ეს მედიასაშუალებები ხდებიან მათი ერთი-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე.

როდესაც არ გელაპარაკებიან, გდევნიან, შეურაცხყოფას გაყენებენ, წარმოუდგენელია იყო ნეიტრალური. ძალიან რთულია ამ პირობებში მუშაობა. ვფიქრობ, ყველაზე დიდი გამოწვევა მედიისთვის სწორედ ის იქნება, რომ დაიბრუნოს თავისი ფუნქცია.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - მედიაგარემო 5 ივლისის ძალადობიდან ერთი წლის შემდეგ - ინტერვიუ ნინია კაკაბაძესთან

დეზინფორმაციის მკვლევარი და ჟურნალისტი ჯეინ ლიტვინენკო

პროპაგანდისა და დეზინოფმაციის გავრცელება ფინანსურად მოგებიანია, ხოლო სოციალური მედიის კომპანიებს არ აქვთ ამაზე სისტემური, ეფექტური რეაქცია. სანამ ეს არ მოხდება პრობლემა გაგრძელდება, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის აუდიტორია გაიზრდება, და უფრო და უფრო მეტად დაგვაზიანებს.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - თუ არაფერი შეიცვალა, რთული წლები გველოდება - ინტერვიუ დეზინფორმაციის მკვლევრ ჯეინ ლიტვინენკოსთან

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ავალიშვილი

საკმაოდ რთულია ბალანსის დაცვა გამოხატვის თავისუფლებასა და პროპაგანდის აკრძალვას შორის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, სწორედ ოკუპაციის ფაქტორის გამო, საქართველოს მოცემულობა ნებისმიერი სხვა ქვეყნის მაგალითისგან განსხვავებულია, სადაც დილემური იყო არჩევანი რუსული პროპაგანდისტული მედიის აკრძალვასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას შორის.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - ოკუპირებული ქვეყნისგან, მორალურად გაუმართლებელია რუსული პროპაგანდის დაშვება — ლევან ავალიშვილი, IDFI

OC Media-ს თანადამფუძნებელი მარიამ ნიკურაძე

ფინანსური დამოუკიდებლობა ყოველთვის გამოწვევაა, რადგან არასდროს გვაქვს შეგრძნება, რომ მომდევნო ხუთი წელი კარგად ვიქნებით. სულ ვნერვიულობთ იმაზე, რომ რამე პრობლემა შეიქმნება. ასევე სულ გვაქვს პრობლემა, რომ არ არის საკმარისი კადრი, რადგან ყოველთვის ბევრი საქმეა, გადაწვის“ ზღვარზე ვართ. ძალიან ბევრი სამუშაოა. კარგი იქნებოდა, რომ მეტი კადრი გვყავდეს, მაგრამ ფინანსურად რთულია. ეს ყველაზე მეტად ონლაინ მედიების გამოწვევაა.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - OC Media-ს 5 წელი - სირთულეები, გამოწვევები და გეგმები - ინტერვიუ მარიამ ნიკურაძესთან

“ინტერნიუსის” მედია ბიზნესის დირექტორი ჯეისონ ლამბერტი

გარანტირებულია, რომ ადრე თუ გვიან, მედიასაშუალებების გრანტები დასრულდება, ყველაზე კარგი, რაც გრანტით მხარდაჭერილ გამოცემებს შეგვიძლია უთხრათ არის: ახლა არის დრო ექსპერიმენტებისთვის, შექმნან ფინანსური გეგმები, სცადონ სიახლეები.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - როგორ უნდა გაძლიერდეს მედია ფინანსურად - ინტერვიუ საერთაშორისო მედია კონსულტანტებთან

მედია მკვლევარი, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი აირინ კოსტერა

რეალითი შოუებს აქვს დიდი რეიტინგი, მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას ერთგვარ “საკვებს” აძლევენ სასაუბროდ. თუ გვსურს, რომ ტრადიციულ მედიასაც ჰქონდეს ასეთივე რეიტინგი, ადამიანებს უნდა ვესაუბროთ ისეთ თემებზე, რაც მათთვის ნაცნობია და ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებთ.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ - რეიტინგი საინფორმაციო ღირებულების წინააღმდეგ - ინტერვიუ მედია მკვლევარ აირინ კოსტერა მეიერთან

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ