მოკლედ, რა ვიცით კახა ბექაურზე?
26.01.2023
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ ისევ კახა ბექაური აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო და კომისიას მესამე ვადით, 2026 წლამდე უხელმძღვანელებს.

საგულისხმოა, რომ ბექაურს ამ არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა და დღეს, 2023 წლის 26 იანვარს, მის არჩევას ფარულ კენჭისყრაზე კომისიის სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

  • მაუწყებლობის შესახებ" კანონით, პირს ამ პოზიციის დაკავება მხოლოდ 1 ვადით შეეძლო, თუმცა, 2019 წელს კანონში შეიტანეს ცვლილება, რომელიც ასეთ შეზღუდვას ხსნის.
  • კახა ბექაურის ხელმძღვანელობით, კომისიის გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მიმართულებით. 
მათ შორისაა:
  • ახალი ტელევიზიებისთვის მაუწყებლობის უფლების გაცემა;
  • მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის წესების განსაზღვრა და იმაზე დაკვირვება, ხომ არ არღვევენ მაუწყებლები თვითრეგულირების პროცედურულ ნორმებს;
  • ასეთის არსებობის შემთხვევაში, კომისიის საქმიანობის ნაწილია დავების განხილვა;
ასევე:
  • ტარიფების განსაზღვრა მობილური ოპერატორებისთვის;
  • ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის წესების დადგენა.

კრიტიკა კომისიის მიმართ

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, კახა ბექაურის ხელმძღვანელობისას რამდენჯერმე გააკრიტიკეს კრიტიკულმა ტელემაუწყებლებმა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ქვეყანაში მედიაგარემოს სწავლობენ.
რატომ?
  • მიიჩნევენ, რომ კომისიის ზოგიერთი გადაწყვეტილება, კერძო მაუწყებლების შინაარსში ჩარევის მცდელობა იყო.
მაგალითად,
  • 2022 წლის 23 აგვისტოს, მარეგულირებელმა კომისიამ, "ქართული ოცნების" საჩივრის საფუძველზე, აქცია "შინ ევროპისკენ" ვიდეორგოლის გაშვების გამო, "მთავარი არხი" 118 688 ლარით დააჯარიმა, "ტვ პირველი" და "ფორმულა" კი წერილობით გააფრთხილა.

ბექაურის სადავო პოზიცია:

ბექაური მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიის თვითრეგულირების მექანიზმმა ვერ იმუშავა — რომ "ვერ დაიცვა ჩვენი საზოგადოება ყალბი ინფორმაციისა და სიძულვილის ენისგან".
  • ბექაურის ეს მოსაზრება თანხვედრაშია მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" იმ დეპუტატების მოსაზრებებთან, რომლებმაც 2022 წელს წარადგინეს ცვლილებების პაკეტი კანონში "მაუწყებლობის შესახებ". ამ კანონპროექტს, პარლამენტში მესამე მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი და მისი მიღებით, სახელმწიფომ მედიაზე რეგულირების სფერო გაზარდა.
უფრო კონკრეტულად:
  • მედია პროდუქტის შინაარსთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელიც კანონის მანამდე მოქმედი რედაქციით მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებში განიხილებოდა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებაშიც გადადის.
რატომ არის ეს პრობლემა?
  • ჟურნალისტური თვითრეგულირება სარედაქციო დამოუკიდებლობას იცავს და სახელმწიფო კონტროლს ამცირებს.

ნახეთ სტატია: კიდევ რა პრობლემები აქვს კანონს

კანონდარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები ბექაურის მიმართ

  • 2020 წელს კახა ბექაური დაჯარიმდა ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის. საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშის მიხედვით, კახა ბექაურის დეკლარაციაში მითითებული არ იყო საბანკო ანგარიშები და შეუსაბამობა იყო მეუღლის, ეკა ბერიძის შემოსავლებში.
  • 2017 წელს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბექაური ვერ აკმაყოფილებდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ან თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. "ბექაურს კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია", — დაწერა ორგანიზაციამ ბექაურზე, რომელიც 2017 წელს პირველად აირჩიეს კომისიის თავმჯდომარედ.
გარდა ამისა,
  • 2021 წელს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტიკორუფციული პროექტის მენეჯერმა, სანდრო ქევხიშვილმა თქვა, რომ კახა ბექაურმა კანონი ფორმალურადაც არ დაიცვა და კომისიის თავმჯდომარის პოზიციის პარალელურად, "ორი ნაბიჯის" წილების მართვის უფლების შენარჩუნებით, დაარღვია კანონი.

ბექაურის შემოსავლები

  • კახა ბექაურს, როგორც მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, ხელფასის სახით, გასულ წელს 202 450 ლარის შემოსავალი ჰქონდა. სოლიდური ანაზღაურება არ არის მისი შემოსავლების მთავარი წყარო,
რადგან:
  • 2022 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კახა ბექაური ფლობს "ორი ნაბიჯის" 33%-ს. კომპანიის შემოსავალმა კი, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, რვა მილიონ ლარს გადააჭარბა.

ბექაურის მედიაკარიერა

  • 2012: ბექაური პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ სატელევიზიო არხს, "მეცხრე არხს" მართავდა;
  • 2010-2011: იყო ტელეკომპანია "მაესტროს" დირექტორი;
  • 2004-2005: იკავებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას;
  • 2002-2003: დირექტორის პოზიციიდან ხელმძღვანელობდა ტელეკომპანიას "მზე".
კახა ბექაური 2014 წელს, კომისიის წევრის სტატუსით მივიდა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, 2017 წლიდან კი კომისიას ხელმძღვანელობს და ამ პოზიციას, კანონით, 2026 წლამდე დაიკავებს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ