სასამართლომ რუსთავი 2-ს დიანა ჯოჯუასთვის თანხის გადახდა დააკისრა
24.05.2023
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" ჟურნალისტ დიანა ჯოჯუასთვის ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა. ჯოჯუა ტელეკომპანიას კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ედავებოდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია გვეუბნება, რომ კომპანია “დიდი ალბათობით” გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩვრებს.

ცვლილებები რუსთავი 2-ზე

"რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმართულ სასამართლო პროცესში არც ერთი სადავო უფლების დარღვევა არ დადგინდა.

შესაბამისად, იმავე დღეს აღსრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არხის მფლობელადაც ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა და თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი ადგილი პაატა სალიამ დაიკავა.

  • 9 აგვისტოს არხის 9% -ის უკვე ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის გამო დაწყებული გამოძიების საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი და აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
  • 14 აგვისტოს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის სურვილი გამოთქვა და პოტენციურ მყიდველებს ერთი კვირის ვადა მისცა, თუმცა, რადგანაც მსურველი არ გამოჩნდა, 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ტელეკომპანიას არ ყიდის, არ გააკოტრებს და "რუსთავი 2 "იქნება "პოლიტიკურად დამოუკიდებელი".
  • 20 აგვისტოს ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და პოლიტიკური ტოქშოუების "არჩევანისა" და "კვირის აქცენტების", წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე.
  • ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში დატოვეს საინფორმაციო გადაცემის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. წასვლის შესახებ განაცხადა პაატა იაკობაშვილმაც.
  • 21 აგვისტოს არხი "კურიერის" გუნდმა დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებები

რუსთავი 2-დან გათავისუფლება არაერთმა ჟურნალისტმა გაასაჩივრა სასამართლოში.

  • 2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ, "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა და ტელეკომპანიას კომპენსაციის სახით 80 000 ლარის გადახდა დააკისრა.
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო სამსახურიდან ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლებაც.

ეკა კვესიტაძის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 10 ივნისს გამოაცხადა - გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია და რუსთავი 2-ს მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დააკისრა.

  • 17 მაისს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მთავარ არხში მუშაობის დაწყების გამო, ეკა კვესიტაძეს რუსთავი2-სთვის 25 000 ლარის გადახდა დააკისრა.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ