ნოდარ მელაძეს, გიორგი გაბუნიას და ეკა კვესიტაძეს რუსთავი 2-დან ათავისუფლებენ
20.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებით არხს დატოვებენ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივ პოლიტკური გადაცემების წამყვანები ეკა კვესიტაძე და გიორგი გაბუნია, ასევე პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი. 

პაატა სალიას განმარტებით, მათი განთავისუფლების მიზეზი გახდა "ინტერესთა კონფლიქტი", ვინაიდან მათ წინააღმდეგ სამოქალაქო დავის დაწყებას აპირებს  კომპანიისადმი მიყენებული ფინანსური ზარალის გამო. ამასთან ის ეკა კვესიტაძესთან დაკავშირებით აკონკრეტებს, რომ სამსახურიდან განთავისუფლების  მიზეზი გახდა მისი სურვილი ნიკა გვარამიასთან ერთად გააკეთოს ახალი არხი.  "არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს, ეწინააღმდეგება მის მესაკუთრეს, იყოს დასაქმებული", - აღნიშნა "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა.

პაატა სალიას თქმით, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი შვებულებაში იმყოფებიან და მათ შვებულების დასრულების შემდეგ გაუშვებს სამსახურიდან 

მას არ დაუკონკრეტებია ვინ შეცვლის ნოდარ მელაძეს, თქვა, რომ გუნდისთვის მიუღებელ კადრს არ მოიყვანენ.  ამასთან დაადასტურა, რომ დირექტორის მოადგილის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება ნინო შუბლაძე, თუმცა სხვა პირებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. 

პაატა სალიას უპასუხა ნოდარ მელაძემ, რომელმაც "ბოდვა" უწოდა გენერალური დირექტორის  განცხადებას  მის მიერ არხისთვის მიყენებულ ფინანსურ ზიანთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ წლიური ბონუსი მიიღო იმდროინდელი დირექტორისგან, ნიკა გვარამიასგან, იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ასრულებდა. 

ნოდარ მელაძის  თქმით, მისი გათავისუფლება "შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან".  მან განაცხადა, რომ ჰქონდა შეხვედრა ივანიშვილთან დაახლოებულ პირთან, რომელმაც უთხრა, რომ "არ უნდათ რუსთავი 2-გან "იმედის" გაკეთება და უნდათ კრიტიკის გარკვეული დოზის დატოვება. მე დამტოვებდნენ თანამდებობაზე, იქნებოდა კონკრეტული ადამიანი, რომელსაც ექნებოდა ჩემთან კომუნიკაცია... კონკრეტული თემატიკა ამ ადამიანთან ერთად უნდა დამეგეგმა. მარტივი გამოსავალი ექნებოდათ თუ მე დავთანხმდებოდი მათ. ჩამოიწეოდა ტემპერატურა დ კრიტიკულობის ხარისხი, რაზეც უარი ვთქვი", - თქვა ნოდარ მელაძემ და აღნიშნა, რომ აქვს რამდენიმე შემოავაზება და სად გააგრძელებს მუშაობას ერთი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი. ის სასამართლოში ჩივილს გეგმავს, მისი თქმით, სამართლებრივ დახმარებას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო გაუწევს.

შედარებით ბუნდოვანი იყო პაატა სალიას განცხადება გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით, მან პირდაპირ არ თქვა, რომ სამსახურიდან მასაც უშვებს, თუმცა გენერალური დირექტორისთვის მიუღებელია ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება, რომლის მიხედვითაც  მას სურს არხის მფლობელის შეცვლა. "ესეთ ვითარებაში ერთად მუშაობა, თანამოზარეობა და ერთი საქმის კეთება, როგორ წარმოგიდგენიათ? ეს არის წმინდა წყლის ინტერესთა კონფლიქტი", - თქვა პაატა სალიამ.

ნანუკა ჟორჟოლიანმა კი მის საპასუხოდ განაცხადა, რომ პირდაპირ ეთერში გაიგო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. "მე კონტრაქტში არ მიწერია რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს, მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას ", - აღნიშნა ნანუკა ჟორჟალიანმა.

"რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმართულ სასამართლო პროცესში არც ერთი სადავო უფლების დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, იმავე დღეს აღსრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და არხის მფლობელადაც ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა, რომელმაც თავის მხრივ თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა.  

9 აგვისტოს  არხის  9% -ის  უკვე ყოფილი მლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის გამო დაწყებული გამოძიების  საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი და აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. გვარამია ბრალს არ აღიარებს და გირაოს გადახდასაც არ აპირებს.

14 აგვისტოს კი ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის სურვილი გამოთქვა და პოტენციურ მყიდველებს ერთი კვირის ვადა მისცა, თუმცა, რადგანაც მსურველი არ გამოჩნდა,  19 აგვისტოს განაცხადა, რომ ტელეკომპანიას არ ყიდის, არ გააკოტრებს და "რუსთავი 2 "იქნება "პოლიტიკურად დამოუკიდებელი".
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ