24 საათი "კურიერის" გარეშე - რა ხდება "რუსთავი 2-ზე"?
21.08.2019
21 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის"  ეთერში საინფორმაციო გადაცემა "კურიერის" არც ერთი გამოშვება არ გავიდა, მის ნაცვალად ფილმები გადის ეთერში. ამის მიზეზი გახდა არხის ჟურნალისტების პროტესტი, რომელიც საინფორმაციო სამსახურის უფროსის და სხვა გადაცემების წამყვანების სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა.  

უკვე საღამოს "კურიერის" ჟურნალისტებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ ძირითადმა გუნდმა არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მათი თქმით, მიუღებელია სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება და  არ აპირებენ ხელისუფლებისადმი მაამებლური სიუჟეტების კეთებას.  "ბიძინა ივანიშვილის ოკუპირებულ ტელევიზიაში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას", - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ბაღაშვილმა. მასთან ერთად არხი დატოვეს "კურიერის" სხვა რეპორტიორებმა. მათ შორისაა - დავით ქაშიაშვილი, ნათია გოგსაძე, ნინო სამყურაშვილი, ნინო გაზდელიანი, თამთა დოლენჯაშვილი, ქეთა ციცქიშვილი, თეა ადეიშვილი, გიგლა თუმანიშვილი, ეკო მაღრაძე, სოფო ზურაბიანი, მაია ლომიძე, ქეთი ნადიბაიძე, მარიამ გაფრინდაშვილი და სხვები.

წინა დღეს ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში დატოვეს საინფორმაციო გადაცემის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. წასვლის შესახებ განაცხადა პაატა იაკობაშვილმაც, რომელსაც დიანა ჯოჯუასთან ერთად "კურიერის" მთავარი გამოშვება მიჰყავდა.

წამყვანის გარეშე დარჩა პოლიტიკური ტოქშოუებიც "არჩევანი" და "კვირის აქცენტები", რომლებიც გიორგი გაბუნიას და ეკა კვესიტაძეს მიჰყავდათ. ისინი სასახურიდან გენერალურმა დირექტორმა 20 აგვისტოს გაათავისუფლა.  

გასართობი გადაცემა "ნანუკას შოუ" ახალი სატელევიზიო სეზონიდან სავარაუდოდ აღარ იქნება ეთერში, რადგან მისი წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ასევე გათავისუფლებულია სამსახურიდან.  ცნობილია, რომ "რუსთავი 2-ის" მაყურებელი ვეღარ ნახავს "ფორმულა კრეატივის" მიერ მომზადებულ სერიალს "ჩემი ცოლის დაქალები" და გადაცემას "სამზარეულოს ომები". ისინი ახალ არხს აკეთებენ და საკუთარ პროდუქტებს სწორედ ამ არხზე გაუშვებენ. ამის შესახებ ჯერ კიდევ 1 აგვისტოს გაავრცელეს ინფორმაცია.



alt

"დილა მშვიდობისა საქართველო", "ვანოს შოუ" და "კომედი შოუ" იმ გამონაკლის გადაცემებს შორისაა, რომელთა შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ და უცნობია ისინიც დატოვებენ თუ არა არხს. 

პაატა სალიას მოუწევს როგორც საინფორმაციო სამსახურის პრაქტიკულად ხელახლა დაკომპლექტება, ასევე განახლებული სეზონისთვის ახალ სამაუწყებლო ბადის შევსებაზე ზრუნვა.  ჟურნალისტების წასვლის შემდეგ მას კომენტარი არ გაუკეთებია. გააუქმა დაანონსებული ბრიფინგიც. ერთადერთი რაც მან 20 აგვისტოს დაადასტურა ის არის, რომ დირექტორის მოადგილის პოსტზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა ნინო შუბლაძესთან, რომელმაც შეთავაზების მიღება დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ჯერ არ დათანხმებია ამ პოსტზე დანიშვნას.  ის წლების განმავლობაში "რუსთავი 2-ში" იკავებდა სხვდასხვა პოზიციას, შემდეგ კი მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პიარ სამსახურში მუშაობდა. 

"რუსთავი 2-დან" წასულმა ჟურნალისტებმა უკვე მიიღეს შეთავაზება არხის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასგან, რომელიც ახალ ტელევიზიას აკეთებს სახელწოდებით "მთავარი არხი". უკვე ცნობილია, რომ ამ არხზე იმუშავებენ გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი.  როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, ახალი არხისთვის უკვე  მოძიებულია ინვესტიციები და ტელეკომპანიის მთავარ არხად ქცევის ამბიციური გეგმა აქვს. კონკრეტულად ვინ აფინანსებს ახალ არხს ჯერ არ გაუმჟღავნებია. 

"ფორმულა კრეატივის" ახალ არხზე იმუშავებს გიორგი ლაფერაშვილი, "რუსთავი 2-ის" პროდიუსერი, რომელიც ასევე 20 აგვისტოს გაუშვა სამსახურიდან პაატა სალიამ.  გადავა თუ არა "კურიერიდან" წამოსული ჟურნალისტების ნაწილი ამ არხზე, მალე გაირკვევა. "ფორმულა კრეატივის" არხს ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი დააფინანსებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. ის საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიება  Panama Papers-შიც ფიგურირებს იმ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც ოფშორულ ზონებში ფლობენ კომპანიებს.

***
"რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმართულ სასამართლო პროცესში არც ერთი სადავო უფლების დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, იმავე დღეს აღსრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და არხის მფლობელადაც ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა, რომელმაც თავის მხრივ თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა.  

9 აგვისტოს  არხის  9% -ის  უკვე ყოფილი მლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის გამო დაწყებული გამოძიების  საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი და აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. გვარამია ბრალს არ აღიარებს და გირაოს გადახდასაც არ აპირებს.

14 აგვისტოს კი ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის სურვილი გამოთქვა და პოტენციურ მყიდველებს ერთი კვირის ვადა მისცა, თუმცა, რადგანაც მსურველი არ გამოჩნდა,  19 აგვისტოს განაცხადა, რომ ტელეკომპანიას არ ყიდის, არ გააკოტრებს და "რუსთავი 2 "იქნება "პოლიტიკურად დამოუკიდებელი".
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ