სახელმწიფო მარეგულირებელი საზმაუს ბორდში? — ინიციატივა და საფრთხე
31.05.2023
მოკლედ: "ქართული ოცნების” სურვილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სახელმწიფო მარეგულირებელმა — კომუნიკაციების კომისიამაც წარადგინოს ორი წევრი, რაც ბორდის შემადგენლობას 9-დან 11 წევრამდე გაზრდის.

პარლამენტში უკვე ინიციირებულია ცვლილებების პროექტი კანონში "მაუწყებლობის შესახებ", რომლის ერთ-ერთი ნაწილიც სწორედ საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილებაა.

კომუნიკაციების კომისია, რომელსაც უშუალოდ შეეხება ეს საკანონმდებლო ცვლილება, გვეუბნება, რომ კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
  • "ეს სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანს სარედაქციო დამოუკიდებლობას, რადგან მიზანი ბორდში მთავრობისთვის კიდევ უფრო ერთგული უმრავლესობის შექმნაა", — ამბობს IDFI-ის მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი დავითური, ამ კანონპროექტზე.

ფართო სურათში: მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს როლი მნიშვნელოვანია:
  • მეურვეები იღებენ დებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, განსაზღვრავენ პროგრამულ პრიორიტეტებს, ამტკიცებენ ბიუჯეტს. მეტი

საბჭოს მნიშვნელობიდან გამომდინარე, დღევანდელი წესით, წევრებს პარლამენტი ირჩევს.
  • კანდიდატებიდან ორს სახალხო დამცველი წარადგენს
  • საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია - სამ-სამს
  • ერთს - აჭარის უმაღლესი საბჭო.

რა არის პრობლემა? ახალ საკანონმდებლო პროექტში (*დოკუმენტები: 1.2) დაუსაბუთებელია:
  • რატომ არ არის საკმარისი მაუწყებლის ეფექტური საქმიანობისთვის ცხრა წევრი;
  • რა პრინციპით მიენიჭება ბორდში ორი კვოტა მაინცდამაინც კომუნიკაციების კომისიას, რომელიც სახელმწიფო ორგანოა.

"გაურკვეველია რას მოიტანს ცვლილება გარდა იმისა, რომ ეს მაუწყებლის დანახარჯებსაც გაზრდის" - ამბობს გიორგი დავითური.

სამეურვეო საბჭოს წევრები ხელფასს მაუწყებლის ბიუჯეტიდან იღებენ. 2023 წლისთვის, საბჭოსთვის 1.289,153 ლარი გამოიყო.

რამდენია და როგორ ნაწილდება საზმაუს 2023 წლის ბიუჯეტი?

"იდეა ჰარმონიზაციაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. არაერთ საინტერესო მოდელს გავეცანით, — გვითხრა ინიციატორმა, დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, რატი იონათამიშვილმა, მაგრამ მაგალითისთვის კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია - "ალბათ, საუკეთესო განმარტებაა წარმომადგენლობითი მონაწილეობის მრავალფეროვნების უზრუნველყოფა."

როგორია საერთაშორისო პრაქტიკა? საზოგადოებრივ მაუწყებელში მეურვეების დანიშვნის წესი უნიკალურია თითოეული ქვეყნისთვის, მაგრამ:
  • კომუნიკაციების კომისიის, ან მსგავსი მარეგულირებელი ორგანოს პირდაპირი ჩართულობა ევროპის ქვეყნებისთვის გავრცელებული პრაქტიკა არ არის.
  • არის შემთხვევები, როდესაც მარეგულირებელ ორგანოებს გარკვეული ზედამხედველობა აქვთ დანიშვნის პროცესში, მაგრამ მათი წარმომადგენლების სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევა ნორმა არ არის.
მოსაზრებები:
  • გიორგი დავითური, IDFI: "პირველ რიგში უნდა დავსვათ კითხვა, რამდენად მართებულია, მარეგულირებელი კომისია, როგორც ტელევიზიის მარეგულირებელი ორგანო, წარადგენდეს კადრებს ტელევიზიისავე მეურვეთა საბჭოში, რა ესაქმება კომუნიკაციების კომისიას მაუწყებელში? კომუნიკაციების კომისია არსად არავის წარადგენს და ნიშნავს."
  • "ვერ დაასაბუთეს, რა ფუნქცია აქვს დამატებით ორ წევრს", — თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის შემდეგ — "ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიზანია, ისე დაკომპლექტდეს ბორდი, რომ ხელი შეუწყოს არხზე სამთავრობო პროპაგანდის გაძლიერებას 2024 წლის არჩევნების წინ."

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე "გემოვნების საკითხს" უწოდებს იმას, თუ რა რაოდენობის შეიძლება იყოს საზმაუს ბორდის წევრთა შემადგენლობა.
  • ვასილ მაღლაფერიძემ პირდაპირ არ გვიპასუხა კითხვაზე, თუ რას ფიქრობს, სახელმწიფო მარეგულირებლის პირდაპირ ჩარევაზე მაუწყებლის ბორდში - "სხვადასხვა პრაქტიკები არსებობს და, ასეც შეიძლება იყოს და ისეც შეიძლება იყოს", — გვითხრა მან.
  • ზოგადად, საკითხთან დაკავშირებულ არგუმენტებზე არ საუბრობს, რადგან, მისი თქმით, "ბორდთან დაკავშირებული საკითხები პარლამენტის გადასაწყვეტია".

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე "ქართული ოცნების" შესაძლო გავლენის შესახებ კითხვებს ვასილ მაღლაფერიძის ფაქტორი აჩენს, რომელიც არხის გენერალური დირექტორი იყო, 2020 წელს გადადგა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტსაბჭოს წევრი გახდა. პარტიიდან წასვლის შემდეგ, 2022 წლის აპრილში მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

მაუწყებლობის შესახებ კანონში შემავალი ცვლილებების პროექტის მიხედვით, ბორდის თავმჯდომარის არჩევის ვადა სამიდან ექვს წლამდე იზრდება.

"ინიციატივა აგრძელებს ხელისუფლების მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიტაცების პროცესს და ზრდის "ოცნებასთან” აფილირებული ვასილ მაღლაფერიძის უფლებამოსილების ვადას", — აცხადებს 16 ორგანიზაცია "მედიაკოალიციიდან".

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას დადებითად აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, რატი იონათამიშვილი: "მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ თუნდაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ასევე, თვითმმართველობის არჩევნები, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა ძალიან მაღალი სტანდარტით შეფასდა ობიექტური მონიტორების მიერ, პირველ რიგში, ობიექტურობის კრიტერიუმის დაკმაყოფილების თვალსაზირით."

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების მისაღებად შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია. ცვლილებებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი და მას დეპუტატებმა საპარლამენტო სესიებზე უნდა უყარონ კენჭი.

დეტალები მაუწყებლობის შესახებ კანონში ინიციირებული სადავო ცვლილებების შესახებ

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ