„რუსული კანონი“, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეს ეხება - „ქუთაისიპოსტი“
12.04.2024
 
„ქუთაისიპოსტი“ რეგიონული მედია ორგანიზაციაა, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა. მისი მთლიანი ბიუჯეტი დონორი ორგანიზაციების მიერ არის დაფინანსებული. „კარგად მახსოვს, ხუთმა გოგომ დავიწყეთ თავიდან ნული თეთრით. საკუთარ ნივთებს ვყიდდით, რომ ინტერნეტის ფული მაინც დაგვეფარა. ცხადია, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და დაფუძნებიდან 2 თვეში, ჩვენ უკვე მხარდაჭერა გამოგვიცხადა „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ და დაგვიფინანსა 4-თვიანი პროექტი. მას შემდეგ ჩვენ წყვეტა არ გვქონია და დღემდე ვარსებობთ სხვადასხვა დონორის დახმარებით“, - გვიყვება „ქუთაისიპოსტის“ რედაქტორი თეა ზიბზიბაძე. 

„ქუთაისიპოსტი“ მულტიმედია ფორმატით მუშაობს და არ არის მხოლოდ ახალ ამბებზე ორიენტირებული. მედია პლატფორმა ცდილობს, სიღრმისეულად იმუშავოს და იკვლიოს ყველა ის პრობლემა, რომელიც რეგიონის მოსახლეობას აწუხებს. ასევე, მონიტორინგი გაუწიოს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას, თუ რამდენად სწორად იხარჯება პროექტებისთვის განკუთვნილი თანხა და რამდენად ხმარდება ის ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.   

„რაც დრო გადის, სულ უფრო იზრდება ნდობა ჩვენ მიმართ. მოქალაქეები ხედავენ, რომ საკითხს, რომელიც გავაშუქეთ, რეაგირება მოჰყვა, ამიტომ სისტემატურად მოგვმართავენ დახმარებისა და მათი პრობლემის გახმოვანებისთვის. ზუსტად ამაში ვხედავთ ჩვენს როლს, რომ არ გავჩერდეთ, ვიდრე ხელისუფლებას არ ვაიძულებთ, ის კონკრეტული საკითხი მოაგვაროს. როდესაც კრიტიკული მედიები გაქრება, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეს შეეხება ეს. მოქალაქე ვეღარ შეძლებს თავის დაცვას, მისი პრობლემის გახმოვანებას და მოგვარებას.

ბევრი ფიქრობს, რომ „რუსული კანონი“ მხოლოდ მედიებისა და სამოქალაქო საზოგადოების პრობლემაა. სინამდვილეში, ეს პირველ რიგში რიგითი ადამიანისა და ხალხის პრობლემაა, რომელიც ამ დამოუკიდებელი მედიების გარეშე დაუცველი დარჩება“, - ამბობს თეა ზიბზიბაძე. 

„ქუთაისიპოსტის“ საქმიანობის პერიოდში არაერთხელ მომხდარა, როდესაც სწორედ, მათი დახმარებით მოუგვარდა ამა თუ იმ მოქალაქესა თუ კონკრეტულ სოფელს სხვადასხვა პრობლემა. მაგალითად, წყალტუბოს სოფელ სორმონში მაცხოვრებლებს გზა 30 წელი არ ჰქონდათ. ამორტიზებული საფარის გამო, გადაადგილების პრობლემა განსაკუთრებით მწვავე წვიამიან ამინდში იყო. ადგილზე დროულად ვერ მიდიოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო/სამაშველო ბრიგადები. სწორედ, „ქუთაისიპოსტის“ მიერ ამ პრობლემის გაშუქებისა და გახმაურების შემდეგ, მოხდა სორმონში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.

„14 წელია, ამ სოფლის მცხოვრები ვარ და ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვიყავით. ამორტიზებული, ცუდი გზა გვქონდა. წლების განმავლობაში იყო ბრძოლა და გვპირდებოდნენ, რომ გაკეთდებოდა. მაგრამ არანაირი შედეგი არ გამოიღო, სანამ ჩვენი პრობლემა არ მივიტანეთ ამ მედია საშუალებამდე [„ქუთაისიპოსტი“]. ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში დაიწყო გზის რეაბილიტაცია და გაკეთდა. ასეთი თავისუფალი მედია საშუალებები უნდა იყოს, რომ მივაწვდინოთ ხმა, ხალხის გულში ჩაწვდეს და გააკეთოს საქმე, როგორც ეს ჩვენ შემთხვევაში მოხდა“, - ამბობს სოფელ სორმონის მკვიდრი იზა ხუხია. 

"მედიაჩეკერის" კითხვაზე - რა იქნება კანონის მიღების შემთხვევაში და აპირებს თუ არა „ქუთაისიპოსტი“ "უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" დარეგისტრირებას, თეა ზიბზიბაძე გვპასუხობს: „პირველ რიგში, არც მინდა დავუშვა, რომ ამ კანონს მიიღებენ. მაგრამ, თუ ასე მოხდა, ვერ წარმომიდგენია, რომ აგენტად მოვინათლოთ ჩვენი ნებით. ასეთ დროს ჯობია, არ დარეგისტრირდე და შენ თვითონ შეწყვიტო მუშაობა, ვიდრე გააგრძელო და ხელისუფლებამ აგენტი გეძახოს და სხვადასხვა ფორმით გაგაჩეროს“. 

თეა ზიბზიბაძის განმარტებით, აგენტად დარეგისტრირება, რომელსაც კანონის პროექტის მეორე ვერსიით, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი" ჰქვია, საკუთარი თავისა და იმ დონორი ორგანიზაციების შეურაცხყოფაა, რომელიც მათ აფინანსებს.

„ ეს არის აღიარება, რომ ჩვენ ვიღაცის ინტერესებს ვატარებთ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს არის ჩვენი სიკვდილი, მედია ორგანიზაციის დასამარება, ამიტომ ცხადია, ჯობს ჩვენ თვითონ გავჩერდეთ, ვიდრე ამ ფორმით გაგვაჩერონ".

როგორც "ქუთაისიპოსტის" რედაქტორი ამბობს, დღეს ყველაზე გამჭვირვალე სწორედ, მედია და სამოქალაქო სექტორია.

"როდესაც დონორი აცხადებს საგრანტო კონკურსს, ძალიან ვრცელი აღწერილობაა, თუ რა მიზანი აქვს გრანტის გაცემას. როდესაც ჩვენ ვწერთ პროექტებს, იქაც დეტალურად აღვწერთ, რის გაკეთებას ვაპირებთ და რა ხარჯით. როდესაც მასალას ვაქვეყნებთ, ვებ გვერდზეც დეტალურად წერია ინფორმაცია გრანტის მიზნისა და მისი შესრულების შესახებ. ამიტომ ცხადია, ამ კანონს არავითარი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან. ეს არის კრიტიკული აზრის, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო სექტორის გაჩუმების მცდელობა, რომელსაც იმედია, რომ ჩვენ არ დავუშვებთ“.


„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა ორშაბათს, 15 აპრილს გაიმართება. საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, თბილისში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი საკანონმდებლო ორგანოში მეორედ წარადგინა. ამჯერად კანონის პროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ ჩანაცვლდება ფრაზით - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ტერმინში - „უცხოური ძალა“ კი იგულისხმება ისეთი ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი და ა.შ. რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

გასულ წელს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ „რუსული კანონი“ უკან გაიწვია და მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მას აღარ მიუბრუნდებოდა. მმართველი პარტია ამჯერად მისი მიღებას მიმდინარე სესიის ბოლომდე აანონსებს. რეგლამენტის თანახმად, კი საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს იხურება.
მმართველი პარტიის მიერ დარეგისტრირებული „რუსული კანონის“ პროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მედიაგამოცემებიც მიიჩნევა. მათ საჯარო რეესტრში დარეგისტრირება კანონის მიღებიდან რამდენიმე თვეში მოუწევთ. თავის არიდება ან დადგენილ ვადაში საფინანსო დეკლარაციის არ წარდგენა კი გამოიწვევს ჯარიმას 25 000 ლარით. განსაზღვრულია სხვა ოდენობის ჯარიმებიც. 

„რუსული კანონი“ იძლევა პროექტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის შესაძლებლობასაც. მათ შორის ამის საფუძველი შეიძლება გახდეს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი განცხადება კონკრეტულ ორგანიზაციაზე სათანადო მინიშნებით. 

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ განისაზღვრება მედიასაშუალებები:
  - ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, [რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ] რომელმაც 1 წლის განმავლობაში შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
  - ისეთი მაუწყებელი, რომელმაც  1 წლის  შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
  - ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ბეჭდურ მედია საშუალებას და 1 წლის შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
  - ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომელმაც 1 წლის განმავლობაში  შემოსავლის 20%-ზე მეტი საზღვარგარეთიდან მიიღო.
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ