აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა, რომელიც „გზის
ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით იყო დაკავებული, 5 ოქტომბერს, 19:16
საათზე, მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
„მან [ბიძინა ივანიშვილმა] აუცილებლად უნდა მიმართოს
ექიმს, რადგან მან ვერ შეიყვარა თავისი ხალხი, ქართველი ხალხი. არც
ვიცი, ის ქართველ ხალხს თავისად თვლის თუ უცხოდ. საქართველოს და
ქართველ ხალხს მიაქანებს სიღარიბეში, უბედურებაში. ის უბრალოდ პუტინის
ბინძურ გეგმას ასრულებს საქართველოში. ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ
გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ ამისთვის ბოლომდე
ვიბრძოლებთ,“ - თქვა სადიგოვმა იზოლატორიდან გამოსვლის
შემდეგ.
აფგან სადიგოვი 22 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, სახლთან
დააკავეს. ოჯახი მას რამდენიმე საათის განმავლობაში
ეძებდა. შსს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს გზის ხელოვნურად გადაკეტვის 18
ოქტომბრის აქციაზე ედავებოდა. ამ საბაბით მოსამართლე ზვიად ცეკვავამ
სადიგოვს ადმინისტრაციული პატიმრობა 23 ოქტომბერს
შეუფარდა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა, რომ აფგან სადიგოვი დამატებით 55-ჯერ არის დაჯარიმებული 5000 ლარით - გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის:
„როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შსს მას პერიოდულად 2025 წლის 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე აჯარიმებდა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ამ პერიოდში მისთვის არავის შეუტყობინებია“.
ცენტრმა ეს ჯარიმები თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა, „თუმცა არსებული სასამართლო პრაქტიკის ფონზე, მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო ობიექტურად შეაფასებს მტკიცებულებებს და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას გამოიყენებს, საკმაოდ მცირეა“.
ორგანიზაციისთვის, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს იცავს, ცხადია, რომ ამ პირობებში არსებობს მაღალი რისკი, რომ „ქართული ოცნება“ ამ რეპრესიულ მექანიზმს აფგან სადიგოვის წინააღმდეგაც გამოიყენებს.
„შეიძლება ითქვას, რომ აფგან სადიგოვის მიმართ ერთი მხრივ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ მის წინააღმდეგ გამოწერილი ათობით ჯარიმა, ნათლად აჩვენებს მიზანს - პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტის სამაგალითო დასჯას. ეს ინტერესი, მათ შორის, უკავშირდება აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესებს, რომელიც ბაქოში ჟურნალისტის ექსტრადიციას თვეების განმავლობაში აქტიურად ითხოვდა. ექსტრადიციის პროცესის შეჩერება მხოლოდ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა შესაძლებელი“, - ვკითხულობთ SJC-ის განცხადებაში.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელიც თბილისში, აზერბაიჯანის მოთხოვნით, შარშან დააკავეს. სადიგოვი საექსტრადიციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე იმყოფებოდა. მან პროტესტის ნიშნად 161 დღე იშიმშილა.
„გზის ხელონურად გადაკეტვის“ საბაბით 19 ოქტომბრიდან დღემდე პოლიციამ არაერთი ჟურნალისტი დააკავა. სასამართლომ მათ ადმინისტრაციული პატიმრობაც შეუფარდა.
24 ოქტომბერს დააკავეს „პუბლიკას“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილიც, რომელსაც მოგვიანებით უთხრეს, რომ „სხვაში შეეშალათ“. მგალობლიშვილი აშუქებს რუსთაველის პროტესტსაც. სასამართლო 12 ნოემბერს გააგრძელებს „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის ადმინისტრაციული საქმის განხილვასაც. კაკაბაძე, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა, პოლიციამ „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით 3 ნოემბერს დააკავა და მოგვიანებით გაათავისუფლა.
გუშინ, 5 ნოემბერს, პოლიციამ მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა და მალევე გაათავისუფლა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას აშუქებდა.
ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ" გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ის საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიციამ „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საბაბით პროტესტის ათეულობით მონაწილე დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

