„იმედმა“ „ტვ პირველის“ პირდაპირი ჩართვების შესახებ მანიპულაციური ქარდი გამოაქვეყნა
26.05.2024


ტელეკომპანია „იმედმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ქარდი წარწერით: „ოპოზიციური მედია რუსთაველზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ხალხს პრორუსებად და რადიკალებად მოიხსენიებს“. 

„იმედი“ ოპოზიციურ მედიაში ტელეკომპანია „პირველს“ გულისხმობს. ქარდზე სწორედ საინფორმაციო გამოშვება „პირველების“ მასალის სქრინებია გამოყენებული. 



სინამდვილეში ტელეკომპანია „პირველს“ 13:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში რუსთაველის გამზირიდან ორი პირდაპირი ჩართვა ჰქონდა და „პირველების“ მასალა სათაურით - „რადიკალების მსვლელობა რუსთაველზე“ და „პრორუსების მსვლელობა რუსთაველზე“ არა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილ ხალხს, არამედ 17 მაისის ღონისძიებაზე „ალტ-ინფოს“ მსვლელობას ეხეოდა. რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით მომზადებულ მასალას კი „ოჯახის სიწმინდის დღე“ ერქვა. 

alt

„პირველის“ ახალი ამბების სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე „იმედის“ ქარდს შესაბამისი განმარტებით სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„TV Imedi ახლა კარგად მომისმინეთ, სიყალბესაც ხომ გააჩნია ზღვარი!!!! 

ორი ჩართვა იყო გამოშვებაში, ერთი ალტ ინფოს მსვლელობა და მეორე ოჯახის სიწმინდის დღე!!! შესაბამისი სათაურებით, ახლა ავრცლეებენ ყალბ ქარდს თითქოს ოჯახის სიწმინდის დღეს ტვ პირველმა პრორუსების მსვლეობა დააწერაო!!!

ვინც მანდ მუშაობთ არ გრცხვენიათ? Natia Songulashvili აი ამას რომ კადრულობ არ გიტყდება ?“ - დაწერა მელაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე. 

ტელეკომპანიამ მოგვიანებით ქარდს ჩაამატა ტექსტი: „ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ამ ქარდების გამოქვეყნებას „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გამოეხმაურა“. შესაბამის პოსტში ვკითხულობთ მელაძის განცხადების ნაწილსაც. 




ნოდარ მელაძემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ტელეკომპანია „პირველთან“ დაკავშირებით ყალბი ცნობები გაავრცელა და სათაური განზრახ დაამახინჯა, რისი მიზანიც არხის დისკრედიტაციაა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მე-5 პრინციპის მიხედვით, მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. მე-11 პრინციპით, კი ჟურნალისტს ერთ-ერთ უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად ფაქტის განზრახ დამახინჯება უნდა მიაჩნდეს.

მედიაში შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელო წესებით კი: „გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში“.



 

 

თეგები : ფოტომანიპულაცია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ