ონი - რაიონი ადგილობრივი მედიის გარეშე
13.09.2018
ცენტრისგან ისედაც საკმაოდ მივიწყებული რეგიონი - რაჭა, ნაციონალური სატელევიზიო მედიის დღის წესრიგში იშვიათად თუ მოხვდება. საქართველოს ამ კუთხიდან ინფორმაციას ძირითადად მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როცა იქ მაღალი თანამდებობის პირი ჩადის ან განსაკუთრებული სტიქიური მოვლენა ხდება. ამ დროს კი, რაჭას, როგორც მაღალმთიან რეგიონს, უამრავი პრობლემა აქვს, რაც სათანადოდ თითქმის არასდროს შუქდება. იგივე შეიძლება ითქვას რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, რასაც ასევე უცნაურად ცოტა ყურადღება ეთმობა.

ინფორმაციის ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ ადგილობრივი მედიის სიმწირეა. რაჭის ორ რაიონში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ გაზეთი, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული ყოველთვიური გამოცემა „ამბროლაურის მოამბე“ ფუნქციონირებს. დამოუკიდებელ გამოცემას, ტელევიზიას ან რადიოს აქ ვერ ნახავთ. ონი კი, ალბათ ერთ-ერთი იშვიათი რაიონია დღეს საქართველოში, სადაც ადგილობრივი მედიასაშუალება საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, ადგილობრივების ხმაც თითქმის არასოდეს ისმის.

ქალაქ ონში სტამბა 1900-იანი წლებიდან არსებობდა. დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) აქ როგორც პერიოდული გამოცემები, ისე წიგნებიც აქტიურად იბეჭდებოდა. მათ შორის იყო ლიტერატურული ჟურნალი „ონი“, რომელიც ახალგაზრდა მწერალმა, გერცელ ბააზოვმა მხატვარ უჩა ჯაფარიძესთან და თეატრმცოდნე დიმიტრი ჯანელიძესთან ერთად გამოსცა. მოგვიანებით, უკვე საბჭოთა კავშირის დროს, ონში გამოდიოდა გაზეთი „სოციალისტური მშენებლობა“, რომელიც კვირაში ერთხელ, ზოგ წლებში კი ორჯერაც იბეჭდებოდა. გამოცემამ ამ სახელით 1930 -დან 1962 წლამდე იარსება, 1965 წლიდან კი უკვე „განთიადი“ დაერქვა და 1990 წლამდე, თითქმის საბჭოთა კავშირის დაშლამდე გამოდიოდა.

1991 წელს, რაჭაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს, ონის სტამბა დაინგრა. განადგურდა საბეჭდი დანადგარი, რომელიც თავის დროზე გერმანიიდან იყო ჩამოტანილი და ელექტროენერგიის გარეშეც მუშაობდა. ამის შემდეგ რაიონში საგამომცემლო საქმიანობა შეწყდა.

15-წლიანი პაუზის შემდეგ, 2006 წელს ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ონში მცხოვრებ ჟურნალისტს ინგა მეტრეველს სთხოვეს გაზეთის საცდელი ნომერი გამოეშვა. „ონი ნიუსი“ - ასე ერქვა ყოველთვიურ გამოცემას, რომელსაც მეტრეველი ერთი წლის განმავლობაში გამოსცემდა და 500-მდე ხელმომწერიც შეაგროვა. 2007 წლიდან გაზეთისთვის მცირე თანხა ადგილობრივმა ბიუჯეტმა გამოყო.

„რა თქმა უნდა, მესმის, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული გამოცემა ვერ იქნება ბოლომდე თავისუფალი და ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი. მაგრამ რაიონში, სადაც არანაირი მედიასაშუალება არ არსებობს, ეს გაზეთი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - ამბობს ინგა მეტრეველი. გაზეთში უმეტესად ტენდერებზე, კულტურულ ღონისძიებებზე და პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ვიზიტებზე ქვეყნდებოდა ინფორმაცია, მაგრამ ინგა იხსენებს, რომ ხანდახან პრობლემებზე წერასაც ახერხებდა. “ონი ნიუსი” 50 თეთრი ღირდა და ქალაქშიც ვრცელდებოდა და სოფლებშიც, - „ძირითადად მე ვწერდი, რედაქცია არ გვქონდა, სახლიდან ვმუშაობდი. თუმცა, ერთფეროვანი რომ არ ყოფილიყო სტილი, თუ ვინმეს უნდოდა და შეეძლო, ვცდილობდი ისიც ჩამერთო. რამდენიმე ახალგაზრდასთანაც ვითანამშრომლეთ”.

2016 წლის ბოლოს გაზეთის გამოცემა შეწყდა. მუნიციპალიტეტმა დაფინსება აღარ გააგრძელა, კერძო დონორი არ გამოჩნდა და ონი მედიის გარეშე დარჩა.



ახლა ონის რაიონში ადგილობრივი ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო საკრებულოს ფეისბუკის გვერდია. მუნიციპალიტეტს ვებგვერდიც აქვს, მაგრამ ფეისბუკი უფრო ხშირად ახლდება. თუმცა აქ ძირითადად მხოლოდ ისეთი ტიპის ინფორმაცია ქვეყნდება, როგორიცაა: ტენდერები, ვიზიტები, ახალი პროექტები და ა.შ. ამასთანავე, ამ ეტაპზე ონის რაიონის 6000-მდე მოსახლიდან, მაქსნეტის მონაცემებით, ინტერნეტი მხოლოდ 300-მდე აბონენტს აქვს.

ინგა ამბობს, რომ გაზეთის დახურვით განსაკუთრებით უფროსი თაობა დაზარალდა: „მთელი წლის განმავლობაში მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, საიდან გავიგოთ ახლა ინფორმაციაო“.

ნაზი გავაშელი ონის სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის: “იმდენი პრობლემაა რაიონში, აუცილებელი ამაზე იწერებოდეს“.

ინფორმაციულ ვაკუუმზე საუბრობს იური რეხვიაშვილიც, რომელიც ონის ერთ-ერთ კვების ობიექტში მზარეულია. ამბობს, ცენტრალური ამბები უფრო იცის, ვიდრე ადგილობრივი: “ხან ვიგებთ ამბებს, ხან ვერა ამბებს, ხან ვიღაც გვეტყვის, ხან ისე. ინტერნეტთან მე კავშირი არ მაქვს”.

იზოლდა ლობჯანიძე კერძო მეწარმეა. ყველა გამოცემას აქტიურად კითხულობდა, რაც ათეული წლების განმავლობაში გამოდიოდა ონში: „ტელევიზორში კი ვუყურებ ინფორმაციას, მაგრამ რაიონის ამბები დიდად არაფერი ვიცი, ჩვენ ინტერნეტი და ეგეთები არ გვაქვს სახლში. კარგი იქნება ადგილობრივი ტელევიზია, რადიო ან გაზეთი იყოს“.

ინტერნეტთან წვდომის მიუხედავად, ინფორმაციის ნაკლებობას ახალგაზარდებიც უჩივიან. მაცაცო რეხვიაშვილი ონის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურის მასწავლებელია. საკრებულოს ფეისბუკის გვერდს ხშირად ამოწმებს, მაგრამ, ამბობს, რომ ეს ის არაა, რაც ხალხს უნდა, ადგილობრივების ხმა ცენტრამდე მაინც არ მიდის: „რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სხვა რეგიონების და რაიონების მსგავსად, აქაც იყოს ადგილობრივი ტელევიზია, ონლაინ გამოცემა თუ გაზეთი, საიდანაც სანდო ინფორმაციას მიიღებდნენ ადამიანები. ახლა სახელმწიფო უწყებების გარდა, ინფორმაციას ერთმანეთისგან თუ გავიგებთ, გადმოცემით, როგორც ძველად ხდებოდა ხოლმე. ასეთ დროს კი, ზოგჯერ სიმართლე გზაში იკარგება და საბოლოოდ ბევრ ადამიანამდე არასწორი ინფორმაცია მიდის”.



ინგა მეტრეველი ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „რაჭის სიძველეთა შესწავლის დაცვის ფონდში“ მუშაობს. გასულ წელს პროექტი დაწერა და გრანტიც მოიგო. კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს ადგილობრივი მედიის თემაზეც მოამზადოს პროექტი და დამოუკიდებელ ფონდებში შეიტანოს, მპასუხობს, რომ ამისთვის გუნდი და გამოცდილებაა საჭირო, ასე ერთ ადამიანს ფულს არავინ მისცემს, ამიტომ, იდეა ამ ეტაპზე უპერსპექტივოდ ეჩვენება.

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

აჭარა TV-ის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო
აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ შიმშილობა დაიწყო. აქტივისტმა დღეს, 29 მაისს მაუწყებლის წინ კარავი გაშალა და განაცხადა, რომ მხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას.

“მივმართავთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და გადააყენოს ის დაკავებული თანამდებობიდან. Ამ მოთხოვნით მე დღეიდან ვიწყებ შიმშილობას და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც გათავისუფლდა კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ”,- განაცხადა მან აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას.

ტელევიზიასთან დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებრივმა მოძრაობამ – „მე მიყვარს ბათუმი“ აქციამაუწყებლის შენობის წინ 26 მაისსაც გამართა.


ფოტო: რადიო თავისუფლება
ტელეკომპანია „მთავარ არხს
ტელეკომპანია „მთავარ არხს” ორი ახალი მეწილე ჰყავს - უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაია და აშშ-ის მოქალაქე თეიმურაზ ვასილიძე. ახალი მეწილეები ჯამში არხის 38%-ს ფლობენ.

22 მაისს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით, ნიკა გვარამიამ თავისი წილის 37% ბაკურ ჯახაიას 37 000 ლარად გადასცა. თეიმურაზ ვასილიძემ კი წილის 1% კახაბერ ანჯაფარიძისგან 1000 ლარად იყიდა.

გარდა აღნიშნული ცვლილებებისა, საჯარო რეესტრის მიხედვით, ტელეკომპანიაში სხვა ცვლილებებიც იგეგმება, თუმცა ამ დროისთვის განაცხადებებზე სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია და ცვლილებები რეესტრში საბოლოოდ ასახული არ არის.

ამ ეტაპზე ტელეკომპანია “მთავარი არხის” წილს სულ 8 ადამიანი ფლობს. საჯარო რეესტრის მიხედვით, 22 მაისიდან წილები შემდეგნაირად ნაწილდება: კახაბერ ანჯაფარიძე – 38%, ბაკურ ჯახაია – 37%, ნიკა გვარამია – 14%, ნიკოლოზ სისაური – 3%, მარი ანა რურუა - 2.5%, გიორგი რურუა – 2.5%, შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%, თეიმურაზ ვასილიძე - 1%.

22 მაისამდე კი არხის საკონტროლო პაკეტს ნიკა გვარამია ფლობდა და წილები შემდეგნაირად ნაწილდებოდა: ნიკა გვარამია – 51%, კახაბერ ანჯაფარიძე – 39%, ნიკოლოზ სისაური – 3%,მარი ანა რურუა – 2.5%, გიორგი რურუა – 2.5%, შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%.
„ევრონიუს საქართველო“ 26 მაისიდან საცდელ მაუწყებლობას იწყებს
26 მაისიდან მაუწყებლობას „ევრონიუს საქართველო“ დაიწყებს. „ევრონიუსი“ საქართველოს ეთერში საერთაშორისო ფორმატით გავა, როგორც საცდელი მაუწყებლობა.  აგვისტოს დასაწყისიდან კი მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სრულფასოვანი, ქართულენოვანი „ევრონიუსი" იხილოს.

„ევრონიუს საქართველო“ გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა, „ევრონიუსმა“, და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“ დააფუძნეს.

უკვე ცნობილია, რომ „ევრონიუსი“ თავისი ჟურნალისტების მიერ შექმნილ შინაარსს გაუზიარებს „ევრონიუს საქართველოს“ და მას ქართული სიუჟეტებიც დაემატება. თავის მხრივ, „ევრონიუსიც“ ისარგებლებს ქართული წარმომადგენლობის მიერ მომზადებული მასალებით.

ევრონიუსი 1993 წელს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში დაარსდა და დაარსების დღიდან მსოფლიოს 160 ქვეყანაში 400 მილიონამდე ოჯახს აწვდის ინფორმაციას.
25-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აჭარის TV-ის ჟურნალისტების მხარდასაჭერად ონლაინაქცია გამართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერად, ტელემაუწყებლების, ონლაინგამოცემების, რადიოებისა და ონლაინტელევიზიების შემდეგ, დღეს, 21 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ერთდღიანი ონლაინაქცია გამართეს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ფეისბუკ გვერდზე სოლიდარობის გამომხატველი ქავერი განათავსეს - ჰეშთეგით #სოლიდარობააჭარისმაუწყებლისჟურნალისტებს.

აქციას 25-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა, მათ შორის:

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
  • საქართველოს ეროვნული პლატფორმა
  • სამართლიანი არჩევნები
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  • საზოგადოება „ბათომი“
  • საზოგადოება და ბანკები
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • საქართველოს პენცენტრი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
  • უფლებები საქართველო
  • ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის
  • საფარი
  • მწვანე სექტორი
  • საზოგადოებრივი განვითარების აკადემია

არასამთავრობო ორგანიზაციების აქციას შეუერთდა "კოალიცია თანასწორობისთვის" და "საქართველოს ეროვნული პლატფორმა".

სოლიდარობის კამპანიის ინიციატორია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის". აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ორგანიზებით უკვე მესამედ გაიმართა. აქციის ფარგლებში, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 19:00 საათზე 20-მდე ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა და ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს". ხოლო 13 მაისს სოლიდარობის კამპანიაში ონლაინგამოცემები, რადიოები და ონლაინტელევიზიებიც ჩაერთვნენ. 35-ზე მეტმა მედიასაშუალებამ ერთი დღით სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე, მთავარი ფოტო სოლიდარობის გამომხატველი ფოტოთი შეცვალა.

ამ აქციებით მედიასაშუალებები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორი სოლიდარობას უცხადებენ აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ცვლილებები შეეხო. ბოლო ოთხ თვეში გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა ან არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანა მაუწყებლის თანამშრომელმლები, რომლებიც კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან.
მედიაკოალიცია აჭარა TV-ის ჟურნალისტების მხარდასაჭერ აქციას აგრძელებს

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერ ერთდღიან აქციას აგრძელებს და მონაწილეობას ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სთავაზობს.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გულშემატკივრებმა 21 მაისს ორგანიზაციის ან/და პირად ფეისბუქ გვერდზე სოლიდარობის გამომხატველი ქავერი უნდა განათავსონ ჰეშთეგით - #სოლიდარობააჭარისმაუწყებლისჟურნალისტებს.



აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება. აქციის ფარგლებში, 3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 19:00 საათზე 20-მდე ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა. ეკრანზე გამოჩნდა წარწერა: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს". ხოლო 13 მაისს სოლიდარობის კამპანიაში ონლაინგამოცემები, რადიოები და ონლაინტელევიზიებიც ჩაერთვნენ. 35-ზე მეტმა მედიასაშუალებამ ერთი დღით სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდებზე, მთავარი ფოტო სოლიდარობის გამომხატველი ფოტოთი შეცვალა.

ამ აქციებით მედიასაშუალებები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორი სოლიდარობას უცხადებენ აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ტელევიზიის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ცვლილებები შეეხო. ბოლო ოთხ თვეში გიორგი კოხრეიძემ გაათავისუფლა ან არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე გადაიყვანა მაუწყებლის თანამშრომელმლები, რომლებიც კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან.