აღნიშნულ განცხადებაში, არსებითი სიახლე მხოლოდ ტერმინ „საგანგებო რეჟიმის“ გამოყენება გახლდათ. ხოლო ის, რაც ამ ტერმინის მიღმა დგას, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო მონიტორინგით არის დოკუმენტირებული. „მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა, თუ როგორი პოლარიზებულია სამაუწყებლო მედია. … არხების ნაწილის წამყვანები პირდაპირ მოუწოდებდნენ ამომრჩეველს, თუ რომელი კანდიდატი არ უნდა აირჩიონ. „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ტოქშუები კი პრაქტიკულად ალტერნატიულ რეალობებს აჩვენებდნენ აუდიტორიას,“ - აღნიშნულია ქარტიის ანგარიშში, სადაც სატელევიზიო ტოქშოუებში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებაა შეფასებული.
არც თუ დიდი ხნით ადრე კი, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა და გადაცემა „კვირის აქცენტების“ ერთ-ერთმა წამყვანმა პირდაპირ ეთერში წიწაკა ჭამა. მართალია, აღნიშნული „ჩელენჯის“ იუმორისტული განზომილება ბევრისათვის გაუგებარი დარჩა, მაგრამ ნაგულისხმევი მესიჯი არხის მაყურებლებისთვის კარგად იყო ცნობილი, ჯერ კიდევ ე.წ „წიწაკა ჩელენჯამდე“. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის Facebook-ის ანგარიშიდან დაწყებული, ლამის “გააცინე და მოიგეთი“ დასრულებული, ყველა შესაძლო საინფორმაციო წყაროთი, არხი სრულყოფილ ანტი-საარჩევნო კამპანიას ატარებდა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.
მოკლედ რომ ვთქვათ, წამყვანი ქართული ტელეარხებიდან ორის მთავარი მახასიათებელი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია და მაყურებლამდე ალტერნატიული რეალობების მიტანაა. თუმცა, მანამდე „იმედის“ მიერ საგანგებო რეჟიმის გამოცხადება იქცევს ყურადღებას. საგანგებო რეჟიმი ან საგანგებო მდგომარეობა სამართლისა და პოლიტიკის ფილოსოფიაში ფართოდ განხილული ცნებაა (მაგ. კარლ შმიტი, ჯორჯო აგამბენი) და იგი, ძირითადად, ძალაუფლების ლეგიტიმურ წყაროსთან, სუვერენთან მიმართებაში გაგებულია როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა, სადაც აღნიშნული ძალაუფლების წყაროზე აღარ ვრცელდება ჩვეულებრივ დროს არსებული კანონისმიერი შეზღუდვები.
რა თქმა უნდა, „იმედი“ ჩვენს მოცემულობაში პირდაპირი გაგებით სუვერენი ვერ იქნება, მაგრამ თუკი გავიხსენებთ რომ მედიასაშუალებები თავისი არსით გარკვეულ ძალაუფლებას ფლობენ თავიანთ მაყურებლებზე, ეს კონკრეტული მედიასაშუალება კი იმ პოლიტიკური ძალის თანამებრძოლი აღმოჩნდა, ვინც ამჟამად ქვეყანას მართავს, იოლი გახდება ტერმინის გამოყენების მოტივაციის მიხვედრაც (ალბათ შემთხვევითი არც ისაა, რომ მედიას ხშირად მეოთხე ხელისუფლებად მოიხსენიებენ ხოლმე. ჩვენს რეალობაში ზოგიერთი მედია სწორედ ხელისუფლების მეოთხე შტოს ფუნქციას ითვისებს, ოღონდ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). პოლიტიკური კრიზისების დროს, სწორედ ძალაუფლების ზედა საფეხურზე მდგომი სუბიექტები ცდილობენ გააჩინონ საგანგებო მდგომარეობის ქრონიკული განცდა, რათა მათთვის დაწესებული კანონისმიერი შეზღუდვებიდან გადახვევის საშუალება მუდმივად ჰქონდეთ. ერთი მხრივ, „იმედს“ თავის მაყურებელთან სრულიად ლეგიტიმურად შეუძლია გაამართლოს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანია, მეორე მხრივ კი, საგანგებო მდგომარეობის განცდის გაჩენით ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეუქმნის ხელსაყრელ პირობებს, რომ ამომრჩევლის ყურადღება „სისხლიან 9 წელზე“ გამახვილდეს, ნაცვლად ამჟამინდელი ხელისუფლების უსუსური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკისა, პოლიტიკური შეცდომებისა თუ სამართლებრივი გადაცდომებისა.
ზუსტად ანალოგიური საგანგებო მდგომარეობის განცდა შეიძლება გაუჩნდეს მაყურებელს, ამჟამად ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის „რუსთავი 2“-ის ყურებისას. რუსთავი 2, რომელიც ასეთ საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს ლამის 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აღნიშნულ განცდას ერთი და იმავე ხერხით აღვივებდა 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგაც - სახელმწიფო უსაფრთხოებაზე წამდაუწუმ აპელირება და მოღალატეების, მტრების ამოცნობა პოლიტიკურ ოპონენტებში. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად სწორედ რუსეთის აგენტების, მეხუთე კოლონების და „პუტინისტების“ აღმოჩენით ხდებოდა ხოლმე ქვეყანაში არსებული საპოლიციო თუ პენიტენციურ სისტემაში არსებული უსამართლობების, ჩამოშლილი ეკონომიკის, სიღარიბის ზღვართან და ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ცხოვრების გადაფარვა. 2012 წლის შემდეგაც, „ქართული ოცნების“ კრიტიკის მთავარი ხაზი მოღალატეობაზე გადის. “შერაცხადობასთან პრობლემის მქონე ქალი“, „პუტინი“, „მოღალატე“ - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ეპითეტებიდან, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ერგო, მაგალითად, გადაცემა „კვირის აქცენტებში“.
საბოლოო ჯამში კი ორი მთავარი ტელეარხი, რომელიც ორი მთავარი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს ეკრანებიდან მაყურებელს დაუღალავად აწვდის, მსგავსი ტაქტიკით თუმცა განსხვავებული არგუმენტით მოქმედებს. იმედის შემთხვევაში, ტრანსლირებულ საგანგებო რეჟიმს „სისხლიანი 9 წელი“ უმაგრებს ზურგს, ხოლო რუსთავი 2-ის შემთხვევაში - „რუსეთუმეობა“ და სახელმწიფო უსაფრთხოება. ასეთ პოლარიზებულ გარემოში კი წაგებული მხოლოდ და მხოლოდ მათი ინფორმაციის მომხმარებელი, იგივე ამომრჩეველი რჩება, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის ნაცვლად, ორი პოლიტიკური ძალის პინგ-პონგი შერჩება ხოლმე ხელში.









წინასაარჩევნო პერიოდში
საერთო ეროვნული მაუწყებლების საეთერო დროის თითქმის ნახევარი
შესაძლოა მხოლოდ რეკლამას დაეთმოს. ასეთი მაუწყებლები არიან ისინი,
რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებიან და აუდიტორიას
სხვადასხვა თემაზე მომზადებულ გადაცემებს სთავაზობენ.
მაუწყებლების მიერ
გამოქვეყნებული ყოველკვირეული ინფორმაციის თანახმად, წინასაარჩევნო
პერიოდის ბოლო კვირას პოლიტიკური რეკლამის განთავსება ყველაზე ძვირი
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ღირდა. ფასიანი
პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი მინიმუმ 1 350 ლარი იყო, მაქსიმუმ კი -
11 450 ლარი. რეკლამის განსათავსებლად ყველაზე ძვირიან გადაცემებში
ვანოს შოუ ლიდერობს; მეორე ადგილზე 11 000 ლარით სერიალი ჩემი ცოლის
დაქალებია; სამეულში ბოლო ადგილს კი საზოგადოებრივ-პოლიტიკური
გადაცემა არჩევანი იკავებს 10 850 ლარით.
ტელეიმედში
ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ერთი წუთი მინიმუმ 1 134 ლარი ღირდა.
იმედის ეთერში ყველაზე მაღალი ფასი პოლიტიკურ რეკლამას შოუში ცეკვავენ
ვარსკვლავები ჰქონდა და 9 618 ლარი ღირდა. მას მოჰყვება ტოქშოუ
პირისპირ, სხვა რაკურსი, სიცრუის დეტექტორი და ღამის შოუ 8 232 ლარით.
იმედის კვირაში კი რეკლამის ერთი წუთი 6 252 ლარი ღირდა.
ლეიბორისტებმა 12 რეგიონულ არხზე 23
ათასამდე ლარის სარეკლამო დრო შეიძინეს; ტვ პირველსა და იბერიაზე -
30-30 ათასი; რუსთავი 2-ზე - 60 000.
კვლევას არ გამოუვლენია ეთიკური
ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების უხეში დარღვევა ონლაინ
მედიასაშუალებებში. მიუხედავად ამისა, კვლავაც თვალშისაცემია
ზედაპირულობისა და წყაროთა ერთფეროვნების პრობლემა.
კვლევის მიხედვით, რადიოები არ
ერიდებოდნენ ხელისუფლების კრიტიკასა და ამბის სხვადასხვა მხარის
წარმოჩენას თუმცა, როგორც წესი, ინფორმაციას ძირითადად ერთ წყაროზე
დაყრდნობით, უაპელაციოდ ავრცელებდნენ და არ სვამდნენ კრიტიკულ
შეკითხვებს.


ანგარიშში ვკითხულობთ, რომ
ხელისუფლებისადმი ყველაზე მეტი კრიტიკული ტონი „რუსთავი 2“-ს აქვს.
კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ ყველაზე ხშირად ამ არხის
ეთერში გადის.. წინა წლების მსგავსად ხელისუფლების მიმართ კვლავ
რბილი, არა მოდარაჯე პოზიციით ხასიათდება საზოგადოებრივი მაუწყებლის
პირველი არხი და ტელეკომპანია „იმედი.“ ხელისუფლების გაშუქებისას მათი
პრიორიტეტები და გზავნილები ხშირად იდენტურია. ასევე, რუსთავი 2-ისა
და იმედის ტოქშუები პრაქტიკულად ალტერნატიულ რეალობებს აჩვენებენ
აუდიტორიას.


ტელეკომპანია “იბერიის”
მიერ ხელისუფლების ზეწოლაში დადანაშაულებიდან მალევე “რუსთავი 2-ზე”
ფარული აუდიოჩანაწერების სერია გაჩნდა. ჩანაწერებში „ომეგა ჯგუფის“
ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, სავარაუდოდ,
ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, ბიზნესის
რეკეტსა და თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს. ასევე “იბერიის” ნაცვლად
“რუსთავი 2-თან” ინტერვიუში გაამხილა ზაზა ოქრუაშვილმა ბევრი ფაქტი,
რაც აძლიერებდა ეჭვებს შესაძლო კორუფციის შესახებ.



