მედია და პოლარიზაცია
06.03.2019

2019 წლის 10 თებერვალს, ბელგიის პატარა ქალაქ ლიეჟში, ქართველ ემიგრანტთა ნაწილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად შეიკრიბა. შეხვედრაზე ერთმანეთს ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ. იმ დღეს ლიეჟში გამართული შეკრება სამი წამყვანი ქართული ტელევიზიის მთავარი თემა გახლდათ. თუმცა, თუკი თქვენ საღამოს საინფორმაციო გამოშვებას „რუსთავი 2-ზე” უყურებდით, დიდი ალბათობით, ლიეჟში მომხდარი დაპირისპირების შესახებ იმ მოქალაქეებისაგან განსხვავებული წარმოდგენა შეგექმნებოდათ, ვინც 10 თებერვლის საღამოს „იმედს“ ან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს უყურებდა. როგორც "მედიაჩეკერის"  მონიტორინგმა აჩვენა, ამ დღეს სხვადასხვა ტელევიზიის მაყურებელი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ მესიჯებს ისმენდა. განსხვავებული იყო თემის გაშუქების კუთხეები და ინტენსივობაც.

ქართული ტელემედიის რეგულარული მაყურებლებისათვის სხვადასხვა არხისგან რეალობის განსხვავებული სურათების მიღება გასაკვირი ნამდვილდ არ იქნება. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა, „რუსთავი 2“ კი იმჟამინდელი მფლობელების ხელში დარჩა, ორი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის განსხვავებული პოლიტიკური კეთილგანწყობა უბრალო მოცემულობად იქცა ჩვენს მედიარეალობაში და ამის უარყოფას თავად ტელევიზიებიც არ ცდილობენ მაინცდამაინც. მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული გენერალური დირექტორი მოვიდა, პირველი არხიც “ტელეიმედის” ბანაკში აღმოჩნდა, რაზეც თავად არხისავე სამეურვეო საბჭოს მიერ დაქირავებული ექსპერტების დასკვნა ცხადყოფს.

ტელეკომპანიების პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და პოლიტიკურ შკალაზე მათი საპირისპირო პოლუსებისკენ აშკარა გადახრაზე მიუთითებდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიშიც, სადაც ვკითხულობთ: „2018 წელს კი, [ტელევიზიების] მიკერძოება ჩანდა არასასურველი კანდიდატების ნეგატიურ გაშუქებაში, რასაც თან ახლდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის შემთხვევები. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნეგატიური გაშუქებით ერთ მხარეს აღმოჩნდა „რუსთავი 2“, მეორე მხარეს კი გრიგოლ ვაშაძის უარყოფითად წარმოჩენით ‐ „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და „ობიექტივი“.

საჯარო სივრცეში მედიების ასეთ გადაჯგუფებას პოლიტიკური პოლუსების მიხედვით, როგორც წესი, პოლარიზაციად მოიხსენიებენ ხოლმე ექსპერტები. თუმცა, ფართო მკითხველისათვის შესაძლოა ბუნდოვანი რჩებოდეს უფრო ზუსტად რა პროცესია იგი, რა უწყობს ხელს პოლარიზებული პოლიტიკური სივრცის წარმოშობას, რა როლი აქვს ამ ყველაფერში მედიას და რა ზეგავლენა აქვს მას თავად მედია გარემოსა თუ საზოგადოებაზე.

 ♦  რას ნიშნავს პოლარიზაცია და როგორ ვლინდება ის ქართულ პოლიტიკაში?

პოლიტიკური პოლარიზაცია, თავისი არსით, კომპლექსური და კონტექსტზე მიბმული საკითხია. უპირველეს ყოვლისა, იგი დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიული, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებებზე. აქედან გამომდინარე, რთულია პოლარიზაციის გამომწვევ მიზეზებსა თუ შედეგებზე ერთნაირად ისაუბრო მაგალითად, აშშ-სა და საქართველოში. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია, გამოვყოთ რამდენიმე ნიშანი, რომელიც პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს ახასიათებს გეოგრაფიისა თუ ისტორიული განვითარების დამოუკიდებლად.

პოლარიზაციამ შესაძლოა განსხვავებული ფორმები მიიღოს და გამოიხატოს, მაგალითად, პარტიულ პოლიტიკაში სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირებაში, ინტერეს ჯგუფებს შორის იდეოლოგიური ნაპრალის გაღრმავებასა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დემოკრატიისათვის აუცილებელი დისკუსიის შეუძლებლობაში.

პოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელია ელიტებისა და მასების დონეზეც. მაგალითად, პოლიტიკურ პარტიებსა თუ მედიასაშუალებებს შორის პოლიტიკური უფსკრულის გაღრმავება და მათი სხვადასხვა პოლიტიკური პოლუსისასკენ გადახრა ელიტურ პოლარიზაციად შეიძლება დავინახოთ. ამისაგან განსხვავებული პროცესია პოლარიზაცია, რომელიც შესაძლოა ფართო საზოგადოებაში გაჩნდეს და წარმოიქმნას ელიტების ძალისხმევით.
მიუხედავად კომპლექსურობისა და მასში მრავალი ცვლადის არსებობისა, ერთი რამ ცხადია, პოლარიზაცია არ არის უბრალოდ უთანხმოება პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის ჯგუფებს შორის. ის უფრო მასშტაბური პროცესია და საზოგადოებასა და პოლიტიკურ სივრცეზე მისი გავლენაც უფრო შორსმიმავალია.

„პოლარიზაცია საქართველოში ძირითადად, პოლიტიკური და პერსონალურია, განსხვავებით იდეოლოგიურისგან. ტრადიციულად, ქართული პოლიტიკური პარტიები იდენტიფიცირდებიან არა საკუთარი იდეოლოგიებით, არამედ პარტიების ლიდერების მეშვეობით. “ - ვკითხულობთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და Democracy Reporting International-ის (DRI) ერთობლივ ანგარიშში, რომელიც ქვეყანაში არსებულ უკიდურესად პოლარიზებულ გარემოსა და მისი გამოსწორების გზებზე საუბრობს.

ამ შეხედულებას იზიარებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩიაც და აღნიშნავს, რომ თუკი „დასავლეთში პოლარიზაციას ძირითადად განაპირობებს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მახასიათებლები, ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური პოლარიზაცია გვაქვს, რომელიც ძირითადად ასოცირდება ქარიზმატულ ლიდერებთან და ალტერნატიული აზრის არქონასთან.“

კაკაჩიას თქმით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ამგვარი პოლარიზაციისა არის პოლიტიკური პარტიების დაშორება რეალური საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესებისაგან.

 ♦    მედიის როლი პოლარიზაციაში და ქართული კონტექსტი

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პროფესიულ თუ აკადემიურ წრეებში ხშირია საუბარი მიკერძოებული მედიასაშუალებების როლზე პოლიტიკურ პოლარიზაციაში. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკური თუ მედია პოლარიზაცია ყველაზე კარგადაა შესწავლილი ამერიკის შეერთებული შტატებია. პოლიტოლოგი მეთიუ ლევენდუსკის მტკიცებით, მიკერძოებულ მედიასაშუალებებს, რომლებიც ფაქტებს ცალმხრივად წარმოაჩენენ და თავს არიდებენ ობიექტურობისა და ბალანსის დაცვას, შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ როგორც ზოგადად მოსახლეობაზე, ისე სხვა მედიაორგანიზაციების ახალი ამბების დღის წესრიგსა თუ პოლიტიკურ ელიტაზე. ლევენდუსკი იქვე აღნიშნავს, რომ ეს გავლენა მართალია ქმნის გამოწვევებს ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ მისი შედეგები შესაძლოა ისეთი მასშტაბური სულაც არ იყოს, როგორც ამის თავდაპირველად ეშინოდათ ექსპერტებს.

პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევრის, მარკუს პრიორის თქმით კი, კვლევებით არ დასტურდება, რომ მიკერძოებულმა მედიასაშუალებებმა ამერიკელი ამომრჩეველი უფრო მიკერძოებული გახადა. ასეთ მედიებს უფრო დრამატული გავლენა შეიძლება ჰქონდეთ იდეოლოგიურად უკვე პოლარიზებულ ადამიანებზე. პრიორის მტკიცებით, აშშ-ში მიკერძოებული მედიები მიუმხრობელ ამომრჩეველზე მეტად სწორედ ასეთ მიკერძოებულ ამომრჩეველზე ახდენს გავლენას და წვლილი შეაქვს მათ კიდევ უფრო რადიკალიზებაში.

თუმცა, ამერიკულ მედიებსა და ამომრჩევლებს შორის ურთიერთმიმართება შესაძლოა ქართული რეალობის აღსაწერად არ გამოგვადგეს. „ხშირად გამიგია, რომ ეს პოლარიზაცია არ არის ცუდი, აი, ნახე, ამერიკაშიც არის ასე, იქაც არის Fox News. საქართველოს და ამერიკას რომ ვადარებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლებლობებში, საზოგადოებაში, მედიასა თუ პოლიტიკურ გარემოში ძალიან დიდი განსხვავებაა. Fox News რომ აქვთ, იქ, კიდევ არსებობს ალტერნატიული 200 არხი. საქართველოში, რეალურად, პრობლემა ის არის, რომ აქ არჩევანი არ გვაქვს,“ - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

ქართულ და ამერიკულ რეალობას შორის კიდევ ერთ სხვაობაზე საუბრობს მედიამკლვევარი ნინო დანელია. მისი თქმით, გარდა იდეოლოგიისა, თუკი ამერიკაში მედიებზე კორპორაციებისა და ბიზნესის გავლენა არის უფრო მნიშვნელოვანი თემა, ჩვენს რეალობაში ასეთი გავლენები მედიაზე, როგორც წესი, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული ბიზნესის მეშვეობით აისახება ხოლმე. მისი თქმით, მედიაგარემოში არსებულ პოლარიზაციაზე საუბრისას კი უპირველესად იგულისხმება ტელევიზია, როგორც ყველაზე მკაფიოდ გაყოფილი მედიასივრცე ვინაიდან ტელეჟურნალისტები არიან პოლიტიკური ჯგუფების გავლენის ქვეშ, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენას აშუქებენ.

ნინო დანელიას თქმით, ტელევიზიების მიკერძოების დასანახად საკმარისია დავაკვირდეთ შემდეგ ნიშნებს: 1) თემები, რომლებსაც აშუქებენ ან არ აშუქებენ მედიასაშუალებები; 2) რესპონდენტები ანუ ინფორმაციის წყაროები მედიებისთვის; და 3) ჟურნალისტურ ტექსტებში გამოყენებული სიტყვები, განსაკუთრებით კი ზედსართავი სახელები, რომლებსაც ისინი იყენებენ კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებაში.

ამ ნიშნებზე დაკვირვებით შესაძლოა გამოვყოთ ორი მთავარი მოთამაშე ბაზარზე: “რუსთავი 2”, რომელიც ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” გავლენის სფეროდ მიიჩნევა და ტელეკომპანია “იმედი”, რომელიც ხელისუფლების სასარგებლოდ არის მიკერძოებული. მესამე კი ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც გავლენიანობით კონკურენციას ვერ უწევს ზემოხსენებულ ორ ტელევიზიას, თუმცა, ბიუჯეტით ბევრად აღემატება მათ.

ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ქართულ რეალობაზე საუბრისას შესაძლოა პოლარიზაცია სულაც არ იყოს ის ტერმინი, რომელიც რეალობას სრულად ასახავს.

„ჩვენ პოლუსები არა გვაქვს. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მკვეთრად გამოკვეთილი, პოლიტიკურად დაპირისპირებული ჯგუფები, თუმცა, რომ ვთქვათ, რის გამო არიან ისინი დაპირისპირებულები, რა არის მთავარი პოლიტიკური სოციალ-ეკონომიკური ან ღირებულებითი ასპექტები, ხშირად ჭირს,“ - აღნიშნავს ქორიძე პოლიტიკურ პოლარიზაციაზე საუბრისას, - „რაკი ასეთი მდგომარეობაა, ამ პოლიტიკურ ჯგუფებს რჩებათ ერთადერთი ბერკეტი, რომლითაც ისინი მოახერხებენ საზოგადოების მობილიზებას და ამომრჩევლის აქტივიზაციას - ეს არის მედია. არის პროდუქტი მიშა და არის პროდუქტი ანტიმიშა. დღეს ამაზე არიან ორიენტირებულნი მედიის ის დაჯგუფებები, რომელთაც მოვიხსენიებთ პოლარიზებულებად. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ესენი არიან პოლუსები, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამ მედიებში შინაარსი არის განსხვავებული”.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილიც მიიჩნევს, რომ ქართული მედიის, განსაკუთრებით კი ტელევიზიების პრობლემა სწორედ ის არის, რომ ეს არხები უკვე წლებია ჩამოყალიბდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებად. მისი შეფასებით, შეიძლება რამდენიმე მედიასაშუალების მონიშვნაც, რომლებიც არ არიან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების გამტარებლები, თუმცა მათი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე უმნიშვნელოა.

 ♦    პოლარიზებული მედიაგარემოს გავლენა საზოგადოებაზე

იმის გათვალისწინებით, რომ სულ რამდენიმე წლის წინ, ზემოთ ხსენებული სამი მედიასაშუალებიდან სამივე ერთ პოლიტიკურ პოლუსზე იმყოფებოდა და ზოგჯერ ერთმანეთის იდენტური ტექსტებით აწვდიდა მაყურებელს ინფორმაციას, დღეს არსებული ორპოლუსიანობა შესაძლოა წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს მედიასივრცის პლურალიზმის თვალსაზრისით.

„ჩვენ გვქონდა სამი ეროვნული მაუწყებელი, რომლისთვისაც ახალი ამბები, ხშირად, იწერებოდა შსს-ში ან პროკურატურაში და მერე პირდაპირ მიდიოდა რედაქციაში. ფაქტობრივად, აქ ჩანდა ავტორიტარიზმის ნიშნები,“ - აღნიშნავს ნინო დანელია და დასძენს, - „რაც არ უნდა ცუდი იყოს რადიკალიზებული და პოლარიზებული მედიაგარემო, ცალსახად ახლა უკეთესი მდგომარეობაა გარემოს თვალსაზრისით, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.“

მედიის პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და პოლარიზებას კონკრეტული გავლენა აქვს საზოგადოებაზე და ამ გავლენების კონკრეტულ შედეგებზეც შეგვიძლია საუბარი.

NDI-ის დაკვეთით, CRRC-ის ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ მაგალითად, 2018 წლის დეკემბერში, იმ მოქალაქეების 72%, რომელიც ამბობდა, რომ “ქართული ოცნება" იდგა მათ შეხედულებებთან ახლოს, სრულად ენდობოდა “იმედს” და პირიქით, იმ ადამიანების 59%, ვინც ამბობდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დგას ახლოს მათ შეხედულებებთან, სრულად ენდობოდა “რუსთავი 2-ს”. შესაბამისად, პოლიტიკურ პრეფერენციებსა და მედიასაშუალებების ნდობის მაჩვენებლებს შორის კავშირი ცალსახაა.

 

 

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, მედიის ასეთი პოლარიზაცია ზრდის საზოგადოების არაჯანსაღ გაყოფასაც. მისი თქმით, ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენა პოლარიზებულ მედიებში რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ძალის ინტერესებიდან გამომდინარეა ნაჩვენები და მას საფუძვლად არ უდევს საგნობრივი დისკუსია.

„არავის არ აინტერესებს არგუმენტები, სიღრმეში ჩასვლა, სხვა ქვეყნის გამოცდილებებთან შედარება. რამე რომ მოხდება, ერთი მედია აცხადებს, რომ ეს ხდება იმიტომ, რომ იზრდება მმართველი პარტიის ავტორიტარიზმის და ტოტალიტარიზმის ხარისხი, მეორე მედია აცხადებს, რომ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში. ასეთ სრულიად არასერიოზულ დებატებში გადადის ხოლმე დისკუსია,“ - აღნიშნავს სოციოლოგი.

ზვიად ქორიძის შეფასებით კი პოლიტიკური ნიშნით მიკერძოებული მედია, უპირველეს ყოვლისა მოსახლეობის არაინფორმირებულობის რისკებს ზრდის.

„დღეს, მაგალითად, “რუსთავი 2-ის” მაყურებელს სჯერა, რომ დეკანოზი მამალაძე არის უმწიკვლო. “იმედის” მაყურებელს სჯერა, რომ მთლად ასე არ არის. თუმცა, ამ მაყურებლებს რომ მოუყარო ერთად თავი და ჰკითხო რა ხდება, ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ მოგიყვება ამბავს. ჩვენ არა გვაქვს ფაქტების ჟურნალისტიკა, ჩვენ გვაქვს განწყობების ჟურნალისტიკა და განწყობების ჟურნალისტიკაში, რა თქმა უნდა, უკვე ტენდენციას არ კარნახობს ჟურნალისტი, ის კი არ ადგენს და იკვლევს ფაქტს, ის მიყვება რაღაც პოლიტიკურ მოცემულობას.“

ნინო დანელიას შეფასებით, პოლარიზებული მედიაგარემო საბოლოოდ პოლიტიკური სივრცის რადიკალიზებას უწყობს ხელს საქართველოში, ვინაიდან მოქალაქეებიც ორ ბანაკად იყოფიან.

“ეს იწვევს იმას, რომ მოქალაქეებს აღარ აქვთ სურვილი, ანგარიშვალდებული ამყოფონ საკუთარი რჩეულები, სულ ერთია ეს იქნება ოპოზიციიდან თუ მმართველი პარტიიდან. ისინი არიან განწყობილები საომრად და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ხოლმე საარჩევნო პერიოდში. არჩევნები არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტი, ეს არის ხან დიდგორის ბრძოლა, ხან რაღაც სამკვდრო-სასიცოცხლოს მნიშვნელობის მოვლენა, როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ საკუთარი ფალავნები გაიყვანონ ფონს და არა პოლიტიკოსები“, - ამბობს დანელია “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

საერთაშორისო გამოცდილებით, პოლარიზაციას შესაძლოა პოზიტიური ასპექტიც ჰქონდეს. მაგალითად, მან შესაძლოა ხელი შეუწყოს ამომრჩევლებში რეალისტური მოლოდინების გაჩენას პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებით. პოლარიზაციის შედეგად მოქალაქეებს უფრო ცხადი წარმოდგენა შეიძლება შეექმნათ თუ რა პოზიციაზე იქნებიან პოლიტიკური პარტიები თუ ცალკეული პოლიტიკოსები ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით.

თუმცა, ქართულ რეალობაში ამაზე საუბარიც ჭირს. როგორც სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა “მედიაჩეკერს” უთხრა, ამის მიზეზი ისევ და ისევ ჩვენი პოლიტიკური სივრცის პოლარიზაციის თავისებურებებში უნდა ვეძებოთ. კონკრეტულად კი იმაში, რომ საქართველოში პოლიტიკური სუბიექტები იდეოლიგიურ-ღირებულებითი ნიშნით არ არიან გაყოფილები.

„ჩვენთან ღირებულებათა სისტემებს შორის და იდეოლოგიური ბრძოლის ნაცვლად, დისკუსია გადატანილია პოლიტიკური ინტრიგების და ძალაუფლებისთვის ბრძოლის სფეროში. ღირებულებებისგან დაცლილ თუ იდელოგიური ფონის არ მქონე ძალაუფლების განაწილებისთვის ბრძოლას რომ ხედავს მოქალაქე, ეს ხდება ნიჰილიზმის და არა ელექტორატის დაწმენდის საფუძველი", - ამბობს კაჭკაჭიშვილი.

 ♦    დეპოლარიზაციის პერსპექტივები და საზოგადოებრივი მაუწყებლის შანსი

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც პოლარიზებული მედიაგარემოს კონტექსტში წამოიჭრება ხოლმე, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და ადგილი მიმდინარე პროცესებში. პოლარიზებული მედიაგარემო შესაძლოა, ძალზე ხელსაყრელ პირობებს აჩენდეს, იმისათვის, რომ მაუწყებელმა სათანადო ადგილი დაიკავოს არხების ჩამონათვალში. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომელიც პოლარიზებულ მედიაგარემოში ალტერნატივას ეძებს, სავსებით რეალურია, არჩევანი საბიუჯეტო კმაყოფაზე მყოფ არხზე გააკეთოს, თუკი მაუწყებელი მათ იმას შესთავაზებს, რასაც “იმედი” და “რუსთავი 2” ვერ ახერხებენ.

ნინო დანელიას თქმით, 2013-14 წლებში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნელ-ნელა დაიწყო იმ ადგილის დაკავება, რაც უნდა ჰქონოდა მას, როგორც ხალხისაგან დაფინანსებულ მედიასაშუალებას. თუმცა, როგორც დანელია აღნიშნავს, 2014 წლის შემდეგ, ხელისუფლებამ დაიწყო მედიაგარემოს მიზანმიმართული დამორჩილება. ეს ხილული გახდა მედიასაშუალებებში, სადაც მთავრობა აკონტროლებდა მფლობელებსა და მენეჯმენტს, კერძოდ კი - “მაესტროსა” და ტელეკომპანია “იმედში”, საიდანაც წამყვანი ჟურნალისტები გამოუშვეს ან იძულებულები გახადეს, რომ წამოსულიყვნენ.

სწორედ ამ პროცესის ნაწილად შეიძლება დავინახოთ ისიც, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში მოხდა, განახლებული მენეჯმენტის მოსვლით.

„წესითა და რიგით, ასეთ დროს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, უნდა მოახდინოს ამ გაფანტული რესურსების მობილიზება, მოიყვანოს მაყურებელი და უთხრას, რომ მე შენ მოგიყვები ფაქტებს, ერთად ვისაუბრებთ ტენდენციებზე და მოდი, ერთად ვნახოთ რა ხდება ჩვენს თავს, მათ შორის, ვისაუბროთ “იმედზეც” და “რუსთავი 2-ზეც”, იმიტომ რომ ისინი არიან მთავარი ენერგეტიკული ბომბები,”- ამბობს ზვიად ქორიძე.

თუმცა, რეალურად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც ვერ შეძლო ამ პოლუსებისაგან შორის ყოფნა და როგორც ზემოთ აღნიშნული მედიამონიტორინგის თუ ექსპერტთა შეფასებები ადასტურებს, ისიც “იმედის” ბანაკში ვიხილეთ.

პოლარიზებული მედიაგარემოს საზოგადოებრივ გავლენებზე საუბრისას, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ აღნიშნული სიტუაციიდან რამდენიმე შესაძლო გამოსავალზე.

ზვიად ქორიძის თქმით, პრობლემის სათავე უნდა ვეძებოთ არა ნებაში, თუ როდის გაათავისუფლებენ პოლიტიკური ძალები მედიასაშუალებებს კონტროლისაგან, არამედ ჟურნალისტთა არაკვალიფიციურობაში: „აკვირდებით ხო, როცა იცვლება პოლიტიკური ამინდი, კონვულსიები ეწყებათ ხოლმე ამ მედიასაშუალებებს, ეძებენ ახალ პატრონს, ახალ მიდგომებს და ეს ჯანსაღია? ასეთი მედია ხომ მდგრადი არ არის. მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ მივაღწიოთ მედია მდგრადობას.“

ქორიძე ფიქრობს, რომ გამოსავალი ჟურნალისტის ამოცანის გააზრებაშია - თქვას ის, რაც ვიღაცას სჭირდება თუ თქვას ის, რაც საზოგადოებას სჭირდება.

ნინო დანელია კი მედიაგარემოს დეპოლარიზაციისათვის სამ ფაქტორს გამოყოფს: იმ მედიასაშუალებების გაძლიერება, რომლებიც აღნიშნული პოლიტიკური სპექტრის პოლუსებისაკენ არ იხრებიან, მედიასკოლებში სტუდენტებთან მუშაობა და თვითრეგულირების მექანიზმებისა და ე.წ. მედიების ვოჩდოგი ორგანიზაციების აქტიურობა. მისი თქმით, დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა უნდა მოახერხონ და გამოვიდნენ დიდი მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დღის წესრიგიდან და თავად იმუშაონ უფრო მეტი ექსკლუზიური თემების მოძიებასა და გაშუქებაზე.


ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

საჯარო ინტერესი თუ ცნობისმოყვარეობა - შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ამბის გაშუქება
22 მაისს 7 თვის შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა. თუმცა, მეორე დღეს, 23 მაისს მდგომარეობა შეიცვალა. ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი დანაშაულს აღიარებს.

აღაიანში მომხდარი ტრაგედია ორი დღის განმავლობაში მაუწყებლების და ონლაინ მედიის მთავარი თემა იყო. ზოგიერთმა გამოცემამ 22 მაისს დღის განმავლობაში ამბის გაშუქებას 15-ზე მეტი ახალი ამბავი მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ოფიციალური ვერდიქტის გამოცხადებამდე, ბრალდებულს უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს, მედიამ ამბის სენსაციურ ჭრილში გაშუქებით, არასრულწლოვნის იდენტიფიცირებით და არასაჭირო, პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვებით, სასამართლოს განაჩენის დადგომამდე, ბრალდებული ერთადერთ დამნაშავედ შერაცხა.

მომხდარის გაშუქება

თავდაპირველად, ცნობილი გახდა, რომ ტრაგედია კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მოხდა და ბრალდებული მშობელი 16 წლის იყო. მოგვიანებით კი მედია ალაპარაკდა დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივებზე.

ჟურნალისტები მომხდარის მიზეზს ეძებდნენ მეზობლებთან, ოჯახის ახლობლებთან და მათზე დაყრდნობით ნელ-ნელა ამჟღავნებდნენ პირადი ცხოვრების ისეთ დეტალებს, რასაც არანაირი კავშირში არ ჰქონდა მომხდართან. მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების კომენტარებს, ვარაუდებს, შეფასებებს, დადასტურებულ ფაქტად სთავაზობდნენ მკითხველს.

მედიამ არ შეაფასა ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ მსგავსი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვევდა. ღვივდებოდა საზოგადოების ინტერესი მომხდარის მიმართ, მედია კი ნაბიჯ-ნაბიჯ, ირიბად ახდენდა არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას. შედეგად, კმაყოფილდებოდა საზოგადოების ცნობისმოყვარეობა და არა საზოგადოებრივი ინტერესი.

ბრალდებული არასრულწლოვნის იდენტიფიცირება

ეთიკური ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოები ხაზგასმით მიუთითებენ მედიებს, რომ მსგავსი საკითხების გაშუქებისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ და დაუშვებელია კრიმინალურ ისტორიებში მონაწილე, დაზარალებული, ბრალდებული და მსჯავრდებული არასრულწლოვნის იდენტიფიცირება.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით, ირიბად ხდებოდა არასრულწლოვნის იდენტიფიცირება, პირველ დღეს ფართო აუდიტორიისთვის მაინც უცნობი იყო ბრალდებულის სახელი და გვარი. მომხდარის გასაჯაროვებიდან დაახლოებით 15 საათის შემდეგ კი, ერთ-ერთმა გამოცემამ ცალკე ახალ ამბად დაწერა და მკითხველს „ექსკლუზიურად“ აცნობა 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის სახელი და გვარი. მოხდა არასრულწლოვნის პირდაპირი იდენტიფიცირება.

ონლაინ გამოცემების ნაწილმა მომხდარიდან მალევე ბრალდებულის ფოტოები გამოაქვეყნა და აჩვენა საზოგადოებას მისი სახე.

საზოგადოებრივი ინტერესი თუ საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობა

გამოცემების ნაწილმა მომხდარის გაშუქებისას, პრობლემის ჩვენების ნაცვლად პირველ რიგში „დამნაშავე დედის“ ძიება დაიწყო. მკითხველის ყურადღების მიქცევას გამოცემები არასრულწლოვნის ფოტოების გასაჯაროებით და სენსაციური სათაურებით ცდილობდნენ. გარდაცვლილის ახლობლების ემოციურ ფონზე გაკეთებულ კომენტარებსა და არასრულწლოვნის მიმართ გაჟღერებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებს სათაურში ციტირებდნენ და თითოეულის კომენტარს ახალ ამბად სთავაზობდნენ მკითხველს.

მედიასაშუალებების ნაწილის მთავარი აქცენტი არ ყოფილა არასრულწლოვნის ქორწინებასა თუ პოსტნატალურ პრობლემაზე მსჯელობა, არ განუხილავთ, რას შეიძლება მიყვანა არასრულწლოვანი ამ ქმედებამდე, არ უმსჯელია ხომ არ არის ბრალდებული თავადაც მსხვერპლი. ამის ნაცვლად ისინი ფოკუსს აკეთებდნენ იმაზე, თუ რას ამბობდა გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა, მამიდა და რა ვერსიები ჰქონდა სამეზობლოს… შედეგად, დაუდასტურებელი ინფორმაცია და ბრალდებულის პირადი ცხოვრების არასაჭირო დეტალები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში, რასაც საზოგადოების აგრესია და სიძულვილის ენის შემცველი, სექსისტური დისკუსია მოჰყვა.

„ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს“ - ვკითხულობთ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში.

როგორ უნდა გააშუქოს მედიამ მსგავსი შემთხვევები

ეთიკური ჟურნალისტიკის მიხედვით, მსგავსი მძიმე საკითხების გაშუქებისას, მედია უნდა ფოკუსირდეს არა კონკრეტულ შემთხვევაზე, არამედ პრობლემაზე ფართო კონტექსტში. ქარტიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო წესები კი მიუთითებს მედიებს, რომ უბედური შემთხვევების, ტრაგედიების, ძალადობის გაშუქებისას უნდა მოხდეს ბალანსის დაცვა საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის.

„როდესაც საქმის გარემოებები რთულია, საჯარო ინტერესი კი მაღალი, ამბის მეორეხარისხოვანი დეტალების გაშუქების ვნება ქმნის რეალურ საფრთხეს შეიქმნას ბრალდებულების და მათი ახლობლების „დევნის“ პრეცენდენტი, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება მხოლოდ ძირითადი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გადამოწმებული ფაქტების გაშუქებით, რაც ამცირებს სპეკულაციებისა და საზოგადოებაში მცდარი შეხედულებების შექმნის საშიშროებას.“ - ვკითხულობთ კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში.

ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, კრიმინალური ფაქტის გაშუქების დროს, ეთიკის სტანდარტების დარღვევის უფრო დიდ რისკი არსებობს ახალი ამბების მომზადებისას. განსაკუთრებით საფრთხილოა კრიმინალური შემთხვევის ახალ ამბად გაშუქება, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანს.

„როდესაც ფაქტი ახალი მომხდარია, ემოციური ფონი გამძაფრებულია და ხშირად ჟურნალისტები მისი ზეგავლენის ქვეშ ექცვიან. ჟურნალისტი უნდა შეეცადოს, შეინარჩუნოს ნეიტრალურ ტონი და არ მოექცეს ამბის მონაწილეთა ემოციური გავლენის ქვეშ.“

რაც შეეხება პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების საკითხს, ჟურნალისტის მიერ პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი. ამასთანავე, მედია უნდა დაფიქრდეს, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს პირის პირად ცხოვრებაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას და დეტალების გასაჯაროებით დაკმაყოფილებული საჯარო ინტერესი გადაწონის თუ არა მისთვის მიყენებულ ზიანს. უნდა გაიაზროს, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხომ არ გამოიწვევს პირის სტიგმატიზებას, თემიდან გარიყვას, დისკრიმინაციას.
რეკომენდაციები შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის საქმის გაშუქებისთვის
22 მაისს მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასპის რაიონში 16 წლის არასრულწლოვანი დედა 7 თვის შვილის გაგუდვის გამო დააკავეს. ამბავი დღის მთავარი თემაა როგორც მაუწყებლებისთვის, ისე ონლაინ გამოცემებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან მხოლოდ რამდენიმე საათია გასული, სხვადასხვა ონლაინ გამოცემების გვერდებზე და სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება არასრულწლოვნის ფოტოები, დაუდასტურებელი ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის მოტივზე და პირადი ცხოვრების დეტალები, რომელიც კავშირში არ არის მომხდართან.

ეთიკური ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, ასეთ დროს მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს პრობლემაზე, იმ გარემოებებზე, რაც ასეთ ტრაგედიას იწვევს და ნაკლებად ფოკუსირდეს მედია კონკრეტულ პირთა პირად ცხოვრებაზე.

ბავშვთა საკითხების გაშუქების წესების მიხედვით დაუშვებელია ბრალდებული არასრულწლოვნის იდენტიფიცირება. აქ იგულისხმება ვინაობის როგორც პირდაპირ, ისე ირიბად გამჟღავნება. გარდა ამისა, მედიამ თავი უნდა შეიკავოს დაზარალებულის, ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრებიდან ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად,  მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა გაანალიზოს:
  • ამ დეტალების გარეშე შეძლებთ თუ არა პრობლემის სრულყოფილად წარმოჩენა?
  • რა დამატებით ინფორმაციას იძლევა მასალა?
  • რა ზიანს მიიღებს პირი მისი პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებით?
  • გამოქვეყნებით დაკმაყოფილებული საჯარო ინტერესი გადაწონის თუ არა პირისთვის მიყენებულ ზიანს?
  • რა ალტერნატიული ხერხები არსებობს ამბის გასაშუქებლად?
ამავე რეკომენდაციების თანახმად, მსგავსი საკითხების გაშუქებისას, მედიამ უნდა გაითვალისწინოს მოსალოდნელი საფრთხე, უარყოფითი შედეგები და ამბის გაშუქებამდე, დაფიქრდეს, რა ზიანის მომტანი შესაძლოა იყოს მსგავსი დეტალების გასაჯაროება.

გარდა ამისა, 
როდესაც არსებობს მძიმე ემოციური ფონი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით რისკის შემცველია. ეს ხელს უწყობს სპეკულაციებს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
გარდაცვლილის ფოტოები, შემთხვევის რომანტიზება და არასაჭირო დეტალები - სუიციდის გაშუქება ონლაინ მედიაში
15 მაისს ქარელში 16 წლის მოზარდი სავარაუდოდ, სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნული შემთხვევა მალევე მოექცა ონლაინმედიის ფოკუსში. გამოცემების ნაწილმა ამბავი სენსაციურ ჭრილში გააშუქა, გამოაქვეყნა გარდაცვლილის ფოტოები, მკითხველს მოუყვა სუიციდის სავარაუდო მიზეზი, მეთოდი და სხვა არასაჭირო დეტალები.

15-17 მაისის პერიოდში ამბავი სენსაციურად გააშუქეს გვერდებმა: primetime.ge, cyc.ge, dianews.ge, resonancedaily.com, sarkenews.ge, progressnews.ge, presa.ge, kvira.ge, paqtebi.ge, mshoblebi.ge. თითოეულ მასალაში ამბის მთავარი ფოკუსი არა პრობლემის გაშუქება, არამედ კონკრეტული ტრაგედიის სენსაციურობა იყო. გამოცემები მყვირალა სათაურებით ცდილობდნენ მკითხველის ყურადღების მიქცევას.

სუიციდის შემთხვევების გაშუქება განსაკუთრებით საფრთხილოა მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება. სუიციდის გაშუქების სახელმძღვანელო წესებში აღნიშნულია, რომ ისეთი სენსიტიური თემის გაშუქებისას, როგორიც სუიციდია, მნიშვნელოვანია არა კონკრეტულ შემთხვევაზე, არამედ ზოგადად პრობლემაზე ფოკუსირება.

ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელო ხაზგასმით მიუთითებს მედიებს, რომ მოერიდონ სუიციდის რომანტიზებას, შემთხვევის ერთ მარტივ მიზეზამდე დაყვანას, გარდაცვლილის ფოტოების და არასაჭირო დეტალების გასაჯაროებას. ქარტიის რეკომენდაციით, მედიამ უნდა შესთავაზოს აუდიტორიას ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და სუიციდის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს ეხმარება.

ავტოავარიისას დაშავებული მოსწავლეების შემზარავი ფოტოები ონლაინ გამოცემებში
16 მაისს ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დაშავდნენ. მომხდარი ახალ ამბად გაავრცელა ონლაინ გამოცემების ნაწილმა და ტექსტს დაურთო სოციალურ ქსელში, სხვადასხვა მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტოები, რომლებზეც ახლო ხედით ჩანდნენ დაშავებული ადამიანები.

სკოლის დამტავრებისას, “ბოლო ზარის” დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება და ცხადია, მედია ამ თემით უნდა დაინტერესდეს, თუმცა, იმ ფოტოებს, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტატიებს დაურთეს, არანაირი დამატებითი ინფორმაციული ღირებულება არ აქვს, აუდიტორიისა და რა თქმა უნდა, დაშავებულის ახლობლებისთვის კი მძიმე სანახავია.

ასეთი ფოტოები არაერთ საიტზე იძებნება, მათ შორის: newposts.ge, dianews.ge, resonancedaily.com, news.coa.ge, paqtebi.ge, progressnews.ge (რომელთაც “მედიაჩეკერი” შეგნებულად არ უთითებს ბმულებს).

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირადი ცხოვრების გაშუქების სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ საჯარო ინტერესსა და უბედურ შემთხვევებში მონაწილე პირთა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამჟაღვნებას შორის მედიამ უნდა მოახერხოს ბალანსის დაცვა.

  • დაშავებულთა, ტანჯვასა და შოკში მყოფ ადამიანთა ახლო ხედით ჩვენება გამართლებულია მაშინ, თუკი ეს წარმოაჩენს მომხდარის მასშტაბს, საჭიროა კონტექსტის საჩვენებლად და ინფორმაციის სრულად გადმოსაცემად
  • მედიამ უნდა იფიქროს იმაზეც, რეტრავმირებას გამოიწვევს თუ არა შემზარავი გამოსახულების მრავალჯერადად ჩვენება. ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ გარდაცვლილთა ახლობლების და გადარჩენილთა რეტრავმირება.
კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელოში კი ხაზგასმით აღნიშნულია, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. ასევე, მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს დაზარალებულის იდენტიფიცირება.
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვნის იდენტიფიცირება მედიაში

16 მაისს, სამაუწყებლო მედიისა და ონლაინ გამოცემების ნაწილმა, დაუფარავად აჩვენა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი არასრულწლოვანი, რომელიც პრესკონფერენციაზე, კამერების წინ, სავარაუდო ძალადობის დეტალებს იხსენებდა. არასრულწლოვანი ამბობს, რომ ოქტომბერში, მაშინ როდესაც იგი დააკავეს ქურდობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ.

მედიების ნაწილმა, ოდნავ მოგვიანებით, თავდაპირველად გამოქვეყნებული მასალები შეასწორა და არასრულწლოვნის სახე დაფარა, თუმცა, ნაწილზე მისი იდენტიფიცირება ისევ შესაძლებელია. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ არასრულწლოვნის იდენტიფიცირება მოხდა. იგივე ფაქტს ჰქონდა ადგილი მიმდინარე წლის 8 მარტს.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი კამერების წინ ღიად საუბრობდა, მედიას მაინც არ უნდა მოეხდინა მისი იდენტიფიცირება - არც ვინაობა უნდა დაესახელებინა და არც ღიად ეჩვენებინა. ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის იდენტიფიცირება, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი, დაუშვებელია, იმის მიუხედავად ბავშვი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის.

სახელმძღვანელო ამბობს, რომ თემისადმი როგორი მაღალი საჯარო ინტერესიც არ უნდა იყოს, მედიამ უპირატესი მნიშვნელობა ბავშვის ინტერესებს უნდა მიანიჭოს და არ მოამზადოს ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის, ან შესაძლოა მისი სტიგმატიზება გამოიწვიოს.

სახელმძღვანელო წესების მიხედვით, ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია როდესაც ის არის:

✔  ძალადობის/დანაშაულის მსხვერპლი;
✔  რაიმე ფორმით არის დაკავშირებული სექსუალურ ძალადობასთან. მედია განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამგვარი შემთხვევების გაშუქებას.

ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხიმგებლობისგან თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება არასრუწლოვნის ფოტოს 9ან ვიდეოს) გამოქვეყნება.

“მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს. ზოგჯერ მშობლები ნაკლები ინფორმაციის, განათლების თუ უბრალოდ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ვერ იაზრებენ, რა საფრთხეების მომტანია მასალაში ბავშვის იდენტიფიცირება”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელოს წესებში.